in

დაფარული პლინტუსი – რა ჯდება მისი მონტაჟი საქართველოში

იატაკისა და კედლის კუთხის დასაკავშირებლად სპეციალური ფილა – პლინტუსი გამოიყენება. ის ხელს უშლის კედლის დაზიანებას, იცავს მას დაბინძურებისგან და ვიზუალურად მიმზიდველია, რადგან კედლის შეერთების ტექნიკურ ადგილს ფარავს.

არსებობს სტანდარტული (კედელზე მისამაგრებელი) და დაფარული მონტაჟის პლინტუსი. ეს უკანასკნელი პირველისგან განსხვავებით, კედელშივე მონტაჟდება და შედეგად, ერთიანი, სწორი ზედაპირი მიიღება. დღესდღეობით, თანამედროვე ინტერიერის დიზაინში, დაფარულ პლინტუსებზე მოთხოვნა იზრდება. ის საკმაოდ მოთხოვნადი და ტრენდული მოდელია,  რადგან ნებისმიერი ტიპის ინტერიერს ჰარმონიულად ერწყმის, განსაკუთრებით მაშინ, თუ სივრცეში ვხვდებით უჩარჩოო, ე.წ დაფარულ კარს. ამ ორი პროდუქტის კომბინაცია კი იდეალურად ეხამება ერთმანეთს.

რით განსხვავდება დაფარული პლინტუსი სტანდარტულისგან, რა სირთულეებს ვაწყდებით მისი დამონტაჟებისას და როგორია საქართველოს ბაზარზე ამ დიზაინ ელემენტის ფასი – დღეს ვეცდებით სწორედ ამ აქტუალურ კითხვებს გავცეთ პასუხი. ამ მიზნით ჩვენ კომპანია „ფოლადაშვილის რემონტს“ მივმართეთ.

რისგან შედგება დაფარული პლინტუსი?

დაფარული პლინტუსი ორი ელემენტისგან შედგება: დეკორატიული ფიცარი და ლითონის პროფილი, რომელიც რემონტის დროს კედელში თავსდება. შემდეგ ხდება მისი გასწორება თაბაშირმუყაოთი ან ფითხით, გასწორებულ და დამუშავებულ ზედაპირზე კი მაგრდება დეკორატიული ფიცარი.

დაფარული პლინტუსი ქარხნული ან კუსტარული წესით მზადდება. კუსტარული წესის შემთხვევაში, პლინტუსს კედელში სვამენ, რაც შედარებით შრომატევადი და რთული შესასრულებელია. ქარხნული წესის შემთხვევაში კი მზა მასალა გამოიყენება – კედელში თავსებადი სპეციალური ალუმინი და დეკორატიული ფიცარი, რომელიც სამაგრებით ან სპეციალური წებოთი ეკვრება ზედაპირს, რაც ამ ოპერაციის შესრულებას შედარებით ამარტივებს.

კომპანია „ფოლადაშვილის რემონტის“ წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში იმ ძირითად თავისებურებებზეც გვიამბობს, რაც დაფარულ პლინტუსს ახასიათებს:

პირველ რიგში, გასათვალისწინებელია სარემონტო სამუშაოს შესრულების სირთულე. ეს შრომატევადი პროცესი რამდენიმე ხელოსნის მონაწილეობას საჭიროებს. სტანდარტულისგან განსხვავებით, დაფარული პლინტუსის მონტაჟის პროცესიც განსხვავებულია და დამატებით სხვა ოპერაციებს საჭიროებს. მაგალითად, ჩვეულებრივი პლინტუსის შემთხვევაში, პლინტუსის კედელზე მიკვრა ხდება რემონტის დასრულების, სამღებრო სამუშაოებისა და იატაკის დაგების შემდგომ. დაფარული პლინტუსის შემთხვევაში კი სანამ სამღებრო სამუშაოები და იატაკი გაკეთდება, კედელი მთელ სიგრძეზე იჭრება, ილესება სპეციალურ შაბლონში და პლინტუსის მონტაჟი სამღებრო სამუშაოების შემდგომ კეთდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცედურა დამატებით ორ ოპერაციას საჭიროებს.

ამასთანავე, საყურადღებოა ისიც, რომ გალესვის პროცესში, ნალესი არ უნდა იყოს თხელი, რადგან ასეთ მასაში პლინტუსის ჩასმა ვერ მოხერხდება. მთავარ სირთულეს ამ დროს  კედლის გამოჭრა და მის ზუსტ ზომებში მოქცევა წარმოადგენს, რათა ყველა ნაწილში გამოლესვა თანაბრად მოხდეს. ამას ემატება ისიც, რომ სამუშაო კედლის ძირში, კუთხეში ხორციელდება, რაც ხელოსნისთვის მოუხერხებელი შესასრულებელია (კარგად ვერ უდგება მას და დამატებითი სირთულე იქმნება).

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დაფარული პლინტუსის მონტაჟი, შესაძლებელია ნებისმიერი გალესილი კედლის შემთხვევაში, გარდა ბეტონისა, რადგან მისი მოჭრა შეუძლებელია და ასევე არასასურველია კონსტრუქციის დაზიანება. თაბაშირ-მუყაოს შემთხვევაში, კედელი 2 ფილისგან შედგება, ამიტომ აქ სავსებით მისაღებია პლინტუსის გაკეთება. მთავარია, კედელი იყოს შედარებით სქელი, სხვა მხრივ კი არანაირი დაბრკოლება არ იქმნება.

მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი – მიმზიდველი ვიზუალია. თანამედროვე ინტერიერში, დღეს ხშირად გამოიყენება დაფარული პლინტუსი, რაც სივრცეს ერთიან, ჰარმონიულ, დახვეწილ და ელეგანტურ იერსახეს ანიჭებს. ამ მოდელს მომხიბვლელობას სძენს ისიც, რომ მასში განათების ჩამონტაჟებაც შეიძლება. მეტი კომფორტისთვის კი პლინტუსში არსებულ არხში სადენების გატარება ხდება. გაფორმების მიხედვით, შესაძლებელია დაფარული პლინტუსი ისე დამონტაჟდეს, რომ პლინტუსსა და კედელს შორის ღარი თითქმის არ დარჩეს ან პირიქით, ვიზუალისთვის პატარა ღარი გაკეთდეს, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი დიზაინის დაფარული პლინტუსი უფრო მოუხდება თქვენს ინტერიერს.

რა ჯდება დაფარული პლინტუსის მონტაჟი საქართველოში და რაზეა დამოკიდებული მისი ფასი?

დაფარული პლინტუსის გამზადებული პროფილები საკმაოდ ძვირი ჯდება და როგორც „ფოლადაშვილის რემონტში“ აღნიშნავენ, ასეთი მოდელები საქართველოში არ იწარმოება, ამიტომ მათი შეკვეთაა საჭირო. კუსტარული წესის გამოყენების შემთხვევაში კი დამონტაჟებისას გაცილებით დიდი დრო და ენერგია იხარჯება, ამიტომ მისი ფასიც, შესაბამისად, უფრო მაღალია. საშუალოდ, დაფარული პლინტუსი სტანდარტულთან შედარებით, სულ მცირე 3-ჯერ ძვირი ჯდება. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩვეულებრივი პლინტუსები ხარისხითა და ფასით ერთმანეთისგან განსხვავდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რასთან ვახდენთ შედარებას.

მაგალითად, ყველაზე მოთხოვნადი, ყოველგვარი ჩუქურთმებისა და გაფორმების გარეშე სტანდარტული პლინტუსი, რომელიც 6-7 სმ სიმაღლისაა, დაახლოებით 10 ლარი ჯდება ერთ გრძივ მეტრზე. თუ პლინტუსი შედარებით მაღალი და ჩუქურთმებიანია, მაგალითად, 12 სმ-იანი, ფასი ერთ გრძივ მეტრზე 20 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამას გარდა, არსებობს ვინილის პლინტუსი, რომლის ფასი 7-8 ლარს შეადგენს და ასევე შედარებით დაბალი ხარისხის, პლასტმასის პლინტუსიც. მისი ღირებულება 5 ლარიდან იწყება.

კომპანია „ფოლადაშვილის რემონტის“ შემთხვევაში, კუსტარული წესით დამზადებული დაფარული პლინტუსის ფასი ერთ გრძივ მეტრზე არანაკლებ 50-60 ლარია (ეს თანხა მხოლოდ ხელობის საფასურს გულისხმობს). ამას ემატება პლინტუსისა და მასალის ფასი (სპეციალური ალუმინი, სალესი მასალა და ა.შ.). შესაბამისად, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მიუხედავად ვიზუალური მიმზიდველობისა, დაფარული პლინტუსის დამონტაჟება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაფარულ პლინტუსს არაერთი უპირატესობა აქვს: ის გამოირჩევა ვიზუალური ეფექტით, იდეალურად ეხამება თანამედროვე ინტერიერისათვის დამახასიათებელ დაფარულ კარს, მასში შესაძლებელია განათების ჩამონტაჟება და სადენების გატარება, ამავდროულად მარტივად იწმინდება, მტვერი და ჭუჭყი არ ედება. მისი ერთადერთი და მთავარი უარყოფითი მხარე კი ისაა, რომ მონტაჟი გაცილებით რთული შესასრულებელია, მეტ ენერგიასა და დროს მოითხოვს, რაც ფასის საგრძნობ გაზრდას იწვევს.

#რაშენდება: „კრწანისი გრანდე“ სახლი, როგორც სრულყოფილება

იტონგის გეომეტრიული სიზუსტის აირბლოკი როგორც სწრაფი მშენებლობის გარანტი