in

ბინა თბილისში ბეტონის ელემენტებითა და მკვეთრი ფერის აქცენტებით – დეა მამაიაშვილის ნამუშევარი

ბინა, რომელიც “თბილისი ჰილსის” კომპლექსში მდებარეობს, 65 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განლაგებული და მის დიზაინ პროექტზე დეა მამაიაშვილმა იმუშავა.

პროექტის ავტორისთვის თავდაპირველ ამოცანას წარმოადგენდა კონკრეტული ფსიქოტიპის ადამიანისთვის უსაფრთხო და კომფორტული სივრცის შექმნა.

„ზოგადად, ადამიანი სახლს თავშესაფრად აღიქვამს. როცა საქმე საცხოვრებელი სივრცის ინტერიერის დიზაინს ეხება, ტრენდული ფერები და სტილები, ისევე, როგორც დიზაინერის ამბიციები – გადადის მეორე ფლანგზე,”- გვიამბობს დეა  

დეას თანახმად, პროექტზე მუშაობისას დიდი ყურადღება ექცევა ინდივიდუალურ ხედვას, ამ ხედვის სწორად გადმოცემასა და არგუმენტირებას. საბოლოო შედეგს განსაზღვრავს ის ურთიერთობა, რომელიც დამკვეთ-დიზაინერს შორის ყალიბდება, განსაკუთრებით თუ შეზღუდული ბიუჯეტის ჩარჩოებში უწევს დიზაინერს მუშაობა, მნიშვნელოვანია რამდენად აქვს მას შემოქმედებითი თავისუფლება დამკვეთის მხრიდან.

როგორც დეა გვიამბობს, კონკრეტულ ობიექტზე მარტივად მოხდა კოლაბორაცია პროექტის ავტორსა და ბინის მფლობელს შორის. შედეგად კი შეიქმნა ისეთი სივრცე, სადაც თითოეული ნივთი სრულად შეესაბამება თავდაპირველ კონცეფციასა და ფერთა გამას.

“პროექტზე მუშაობისას ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენდა ბეტონის მზიდი კედელი, რომელიც ბინას შუაზე ყოფდა. გეგმარების ეტაპზე ის ერთი მხრივ იყო დამაბრკოლებელი ფაქტორი, მეორე მხრივ კი, ინსპირაციის წყარო ბინის სტილის შერჩევისას,” – გვიამბობს დეა

საცხოვრებელი ფართი პირველ სართულზე მდებარეობს. სიმსუბუქის შემოსატანად, პროექტში მოიხსნა ბეტონის ჭერი, საძინებელი კი მაღალი ვიტრაჟული კარით გამოიყო, რათა არ ჩაბნელებულიყო ჰოლის ზონა. დიზაინერმა ფრაგმენტების სახით შეინარჩუნა ბეტონის კედლები და კონტრასტისთვის აქტიური აგურისფერი გამოიყენა. ინტერიერში მნიშვნელოვანი დატვირთვა მიენიჭა განათებასაც. ამ მხრივ რამდენიმე სცენარი დაპროექტდა, რაც საღამოს საათებში სხვადასხვა განწყობის შექმნის საშუალებას იძლევა.

საძინებელში მეორდება ბინის ძირითადი ფერები, თუმცა მათი ინტენსივობა, ისევე როგორც პროცენტული განაწილება, იცვლება. აქ ბეტონს ცვლის აგურის კედელი, რომელიც რბილ იატაკთან და თბილ განათებებთან ერთად, ქმნის მშვიდ და ინტიმურ გარემოს. კერამოგრანიტიდან რბილ იატაკზე შემობიჯებისას იცვლება განწყობაც.

საძინებლის კარადაზე მოთავსებული სარკე მოძრავია, რაც ვიზუალურად ამსუბუქებს მთელ კედელზე გაშლილ კარადის მუქ-ნაცრისფერ მასალას და ოთახში განათების გადათამაშების შესაძლებლობას იძლევა.

სივრცის ერთიანად აღქმაში გვეხმარება, ბინის ცალკეულ ადგილებში, დეტალების დონეზე შენარჩუნებული ძირითადი სტილისტიკური და კოლორისტიკული გადაწყვეტილებები.

საბოლოო ჯამში, პროექტის ავტორის  მიზანი მიღწეულია – სივრცე ნათელი, დინამიკური და სახასიათო გამოვიდა. ის სრულად პასუხობს ბინის მფლობელის თავდაპირველ მოთხოვნებსა და საჭიროებებს, ამასთანავე ხაზს უსვამს მის ინდივიდუალიზმს.

პროექტის ავტორი: დეა მამაიაშვილი

დიზაინ სტუდია: IDEAS

სარემონტო სამუშაოები: “ფოლადაშვილი რემონტი”

ფოტოგრაფი: ლადო უმიკაშვილი

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

გასაგორებელი კარი თანამედროვე ინტერიერში

როგორ შევარჩიოთ საახალწლო საჩუქარი