ხშირად მარტივი და მინიმალისტური სივრცე ერთმანეთის სინონიმებად ითვლება, მაგრამ ამ ორს შორის მცირე განსხვავება მაინც არსებობს. როდესაც მინიმალიზმი ცხოვრების წესად იქცევა, შეიძლება იფიქროთ ისეთი ინტერიერის მოწყობაზე, რომელიც სადა ნივთებითა და ნეიტრალური ფერებით იქნება გაფორმებული და თავისუფალი ზედმეტი არეულობისგან, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მინიმალისტური საცხოვრებელი ყოველთვის მარტივი მიდგომებით უნდა იყოს დაპროექტებული, ახასიათებდეს ავეჯის მცირე რაოდენობა და ასე შემდეგ. ყველაფერი იმის გაცნობიერება და გადახარისხება, რაც სახლში ადგილს იკავებს, მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოწესრიგებული და სტრესისგან თავისუფალი სახლის მოსაწყობად, რისთვისაც პროფესიონალების მიერ რეკომენდებული არაერთი რჩევა არსებობს. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში იმ ხუთი მიდგომის შესახებ გიამბობთ, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ სახლი მარტივ, სადა და კომფორტულ სივრცედ აქციოთ.
მოაწესრიგეთ ჰორიზონტალური ზედაპირები
პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილეთ ჰორიზონტალურ ზედაპირებზე, რომლებიც გაქვთ თითოეულ ოთახში. ეს შეიძლება იყოს ცალკე დამაგრებული თარო, სამზარეულოს ზედაპირი და სხვა. დაიწყეთ ასეთი სივრცეების დალაგება, მოიშორეთ ისეთი ნივთები, რომლებიც არ გჭირდებათ, ან გადააწყვეთ ისეთ ადგილებში, რომლებიც თვალისგან დაფარულია. ნივთების რაოდენობის შემცირება განაპირობებს მოწესრიგებულ ინტერიერს და შეამცირებს ვიზუალურ „ხმაურს“, რომელიც ცუდად აისახება მაცხოვრებლების განწყობაზე.
მოერიდეთ დასალაგებელი ზონების დაგროვებას
ხშირად, როდესაც ბავშვებთან ან შინაურ ცხოველებთან ერთად ვცხოვრობთ, სახლის დალაგება საკმაოდ რთული ხდება. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური მეთოდი ამ საკითხის მოსაგვარებლად ისაა, რომ თითოეული ადგილი მანამ დაალაგოთ, სანამ აქ უფრო დიდი რაოდენობით არეულობა დაგროვდება. როგორც კი რომელიმე ნივთი უადგილო ადგილას მოხვდება, გამოყავით დრო მის შესანახად ან გადასაგდებად. „თუ შეგიძლია რაიმე ხუთ წუთზე ნაკლებ დროში მოიშორო, უბრალოდ გააკეთე ეს“, – გვირჩევენ ინტერიერის დიზაინერები.
დაამატეთ ხასიათი ინტერიერში
როდესაც საქმე ეხება სახლში კონკრეტული სივრცის დიზაინს, მნიშვნელოვანია, რომ აქ განთავსებული ნივთების მიღმა მოიაზრებოდეს რაიმე განზრახვა ან მოგონება. მაგალითად, როდესაც მოგზაურობიდან ბრუნდებით, გაქვთ უამრავი ნივთი, რომელთა ღია სივრცეებში დამატება დაგეხმარებათ სახლში განწყობის ამაღლებაში. ამას გარდა, გამოიყენეთ ტექსტურირებული და ფერადი დეკორაციები, რომლებიც ინტერიერში სასიამოვნო კონტრასტს აღძრავენ.
ნუ მოიშორებთ ზედმეტი რაოდენობის ნივთებს
სიმარტივე და მინიმალიზმი არ ნიშნავს ნივთების გადაყრას ან მათ დამალვას, არამედ მათთვის შესაფერისი ადგილის პოვნას. ეცადეთ, არ გაიზიაროთ არსებული სტერეოტიპები და მოიშოროთ ნივთები, რომლებსაც თითქოს იშვიათად იყენებთ. ხშირად მინიმალიზმის მოყვარულები ფიქრობენ, რომ ნივთების თავიდან მოშორებით ქაოსისგან თავისუფლდებიან, მაგრამ ეს ასე არ არის. ამის ნაცვლად, უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველაფერი ის, რასაც სახლში ინახავთ და გადაყაროთ მხოლოდ ისეთი დეტალები, რომლებსაც ნამდვილად არასდროს იყენებთ.
ყურადღება მიაქციეთ ორგანიზებას
კარგი ორგანიზებითა და სათანადო შეხედულებების არსებობით შეგიძლიათ ზუსტად იპოვოთ ის, რასაც მინიმალიზმში ეძებთ. მინიმალისტური სტილის ჭეშმარიტი პრინციპი ისაა, რომ ინტერიერში მოხვედრილი ნივთები კარგად ერგებოდეს უკვე არსებულ ატმოსფეროსა და ესთეტიკას. ხანდახან ნაკლებად მნიშვნელოვანი ნივთებისაგან თავის დაღწევა აუცილებელია, მაგრამ დარწმუნდით, რომ თითოეული ის ნივთი, რომელიც თქვენს ინტერიერში ხვდება, ნამდვილად კარგად ეხამება არსებულ სტილსა და ხასიათს.