in

ქართულმა სტუდიებმა, ADDRESS და ALTERTOPOS, საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე საპატიო ჯილდო აიღეს

ქართველ ხელოვანთა უცხოური წარმატებები ბოლო დროს უკვე ერთგვარ ტენდენციად გვექცა, რაც, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანს უხარია და სიამაყითაც აღვნიშნავთ. დღესაც მსგავს სიახლეს გაგაცნობთ – ორი ქართული მულტიდისციპლინარული სტუდიის, ADDRESS და ALTERTOPOS-ის ნამუშევარმა იტალიაში, Terraviva Competition-ზე საპატიო ჯილდო მოიპოვა. 

Terraviva Competition საერთაშორისო კონკურსია, რომელიც პროფესორ რიჩარდ ინგერსოლის ხელმძღვანელობითა და მილანის ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობით ყოველწლიურად ტარდება. Terraviva Competition მუშაობს როგორც კულტურული ჰაბი, რომელიც ორიენტირებულია და აერთიანებს დიზაინთან, არქიტექტურასთან და ურბანიზმთან დაკავშირებულ ინოვაციურ იდეებს. კონკურსი ღიაა არქიტექტორების, დიზაინერების, ურბანისტების, მხატვრების, შემქმნელების, აქტივისტებისა და უბრალოდ ამ სფეროებით დაინტერესებული ადამიანებისათვის. ინიციატივის იდეა არის ახალი თაობის დიზაინერების გამოწვევა, რათა მათ სტრატეგიული ხედვით იფიქრონ.

კონკურსში მონაწილეობასა და ქართველების წარმატებასთან დაკავშირებით, თავად ერთ-ერთ მონაწილეს, გიორგი მაისურაძეს გავესაუბრეთ:

როდის და რატომ გადაწყვიტეთ ამ კონკურსში მონაწილეობა?

2021 წლის ნოემბერში გადავწყვიტეთ, რომ მიგვეღო მონაწილეობა ტერავივას საერთაშორისო კონკურსში. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა მულტიდისციპლინარული ჯგუფი, რომელიც იმუშავებდა როგორც ურბანული, ისე არქიტექტურული პროფილით.

მნიშვნელვანი იყო, გამოგვეცადა ერთიანი ძალები და მუშაობის მეთოდიკა, რათა შემდგომში, პროექტირებისას, ორი გუნდი დამოუკიდებელი და ამავდროულად თავსებადი გამხდარიყო.

რა იყო თქვენი ნამუშევარი, რომელმაც ჯილდო მოიპოვა კონკურსზე?

კონკურსი მიზნად ისახავდა ქალაქ პავიის პერიფერიაში, მდინარე ტიჩინოს ნაპირას არსებული მიტოვებული მე-20 საუკუნის მოდერნისტული შენობის, რეგენერაციას და საზოგადოებრივი ცენტრის შექმნას. 

საპროექტო წინადადება წარმოადგენს ისეთ სივრცით-გეგმარებით გადაწყვეტების თანმიმდევრულობას, რომლებიც შექმნილია ფუნქციური სიღრმისეული ანალიზით, ფოკუსით განსხვავებული საჭიროებების მქონე მომხმარებლებზე და სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, რათა ანგარს ახალი სულისკვეთება მისცეს. რებრენდირებული იმიჯის მქონე ისტორიული შენობა პატივს სცემს თავის წარსულს და ხაზს უსვამს უნიკალურ, თანამედროვე და ახალ მიდგომებს არქიტექტურაში. არქიტექტურული მახასიათებლების გადაფასება წარმოადგენს კონტექსტში მგრძნობიარე, მაგრამ გაბედულ ნაბიჯებს მისი არსებული ღირებულებების შესანარჩუნებლად, თუმცა ასევე მოქმედებს როგორც რეგენერაციის წყარო. შეთავაზებული გადაწყვეტა და არქიტექტურული პროგრამების ერთობლიობა ააქტიურებს სამ ურბანულ სცენარს: კუთხის მოედანს, შენობის შიდა თეატრალურ სივრცეს და გარე ამფითეატრს. სივრცული გრადაცია მდინარის სანაპიროდან იწყება, გამხატვრულებულია მრუდი Connector-ით, რომელიც ააქტიურებს ყველა შიდა თუ გარე სივრცეს. ასევე იგი ქმნის ახალ, დაკიდულ შიდა სტრუქტურას, რომლის კულმინაცია ხდება ე.წ Horizontal Tower გარეთ გამავალი ხიდის ბოლოში, რომელიც პავიის ურბანულ კიდედ გვევლინება.

M: რა ტიპის ჯილდო აიღეთ კონკურსზე და რით არის ის თქვენთვის გამორჩეული?

ტერავივას კონკურსში ყოველწლიურად უამრავი არქიტექტორი იღებს მონაწილეობას, წელს 170 პროექტს შორის პროექტმა Plays of Tichino საპატიო ჯილდო მოიპოვა. საპროექტო ჯგუფი ვფიქრობთ, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა და ასეთი ტიპის პრობლემატიკაზე მუშობა ძალიან დიდი გამოცდილების მომცემი აღმოჩნდა. მსგავს პროფილის კონკურსში საპრიზო ადგილის მოპოვება დიდი სტიმული და მოტივაციაა, რადგან ყოველი წარმატება ბიძგის მომცემია კიდევ უფრო დიდი გამოწვევებისაკენ. თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ მიტოვებული მე-20 საუკუნის მოდერნისტული ძეგლების პრობლემა საქართველოში ძალიან მძაფრად დგას, ADDRESS – ის და ALTERTOPOS – ის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანი იქნება, ამ პრობლემატიკაზე ქართულ არქიტექტურულ და ურბანულ სექტორებშიც გაკეთდეს აქცენტები სამომავლოდ.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ინგლისურ სტილში – 6 საინტერესო რჩევა

მისაღები ოთახის მოწყობის წესი ფენ-შუის მიხედვით: 6 სასარგებლო რჩევა