in

როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ინგლისურ სტილში – 6 საინტერესო რჩევა

თუ თქვენი სამზარეულო, ტრადიციული ვიქტორიანული სახლების მსგავსად, ელეგანტურ და მყუდრო სივრცედ გინდათ აქციოთ, დღეს ჩვენ მოგიყვებით როგორ შეგიძლიათ მიაღწიოთ ამ მიზანს

ხის ავეჯი

ინგლისური სტილისთვის ნატურალური მასალების, მათ შორის ხის გამოყენებაა სახასიათო. კარადების ფასადებს, როგორც წესი, ბუნებრივ ელფერში ღებავენ – თეთრად, კრემისფრად, რუხად და ცისფრად, რასაც მოხდენილი სპილენძის სახელური ასრულებს. სამზარეულოს პროექტირებისას შეეცადეთ სივრცე ზედა და ქვედა კარადებით მთლიანად შეავსოთ. გაამრავალფეროვნეთ ინტერიერი! მაგალითად, შეგიძლიათ შუშის კარიანი ბუფეტი დადგათ, სადაც ჭურჭელსა და სანელებლების მინის ქილებს ჩადებთ.

ტექსტილი

ინგლისურ სტილში შესრულებული სამზარეულოს მყუდრო ატმოსფერო გამოარჩევს, რომელსაც პორტრეტები და მაქმანიანი ფარდები ქმნის. თუ ფართი ამის საშუალებას იძლევა, სამზარეულოში სასადილო ზონის შექმნა შეგიძლიათ: ხის მაგიდა და ყვავილის ორნამენტებიანი რბილი სკამები მშვენიერი ვარიანტი იქნება. საბოლოო შტრიხად შეგიძლიათ ქურის კარის სახელურზე ჩამოკიდებული ჩაის ტილო გამოიყენოთ.

განათება

ინგლისური სტილის კიდევ ერთი შტრიხი ოთახის ცენტრში ჩამოკიდებული ჭაღია, რომელიც სამზარეულოს თითოეულ კუთხე-კუნჭულს წვდება. არ არის აუცილებელი ის დიდი და მდიდრული იყოს. მთავარია, ჭაღის დიზაინი ოთახის საერთო ფერთა გამას ჰარმონიულად ერწყმოდეს. კედლებზე მომცრო სანათების დაკიდებაც არ იქნება ურიგო.

რეტროს სტილის საყოფაცხოვრებო ტექნიკა

ინგლისური სტილი ბუხრიანი ან თუჯის ღუმლით ვიქტორიანულ და გეორგიანულ ეპოქას ეხმიანება, ამიტომ დაძველების ეფექტით სტილიზებული თანამედროვე გაზის ქურები, ღუმელები და ჩაიდნები სწორედ ის არის, რაც თქვენს სამზარეულოს განსაკუთრებულ შარმს შემატებს.

კერამიკული ფილა

როგორც წესი, ტრადიციულ ინგლისურ სახლებში სამზარეულოს წინსაფარს ბუნებრივი ელფერის (თეთრი, ყავისფერი, ლურჯი ან მწვანე) ჩვეულებრივი კერამიკული ფილით აპირკეთებენ. სამზარეულოს კედლების ნაწილზე შესაძლებელია ყვავილებიანი ძველმოდური ორნამენტების მქონე შპალერი გაიკრას, რომელიც წინსაფრისა და ფასადების ტონს შეერწყმება.

აქსესუარები

ინგლისურ სტილში შესრულებულ სამზარეულოს ნელსაცხებლების მინის ქილები, სპილენძის ტაფები და ჩაიდნები, კალათები, თიხის ქილები და რა თქმა უნდა, ღია თაროებსა და კარადებში გამოფენილი ფაიფური ბრწყინვალედ შეავსებს.

ფოტო: COTTAGEINCORNWALL

სკანდინავიურ სტილში შესრულებული თანამედროვე ფერმერული სახლი

ქართულმა სტუდიებმა, ADDRESS და ALTERTOPOS, საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსზე საპატიო ჯილდო აიღეს