in ,

“აღმოუჩენელი კარი” – ნინო ჩხარტიშვილის მიერ გაცოცხლებული ისტორია

Banner M2
Banner M2

“ჩემი პროფესია, ერთი მხრივ, უაღრესად კეთილ და მნიშვნელოვან მიზნებს ემსახურება, მეორე მხრივ, ამ პროფესიის ადამიანისთვის დიდი სიამოვნების წყაროს წარმოადგენს,” – ასე გვიხასიათებს საკუთარ პროფესიას არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი ნინო ჩხარტიშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღმაშენებლის N111-ში მდებარე ისტორიულ შენობას ახალი სიცოცხლე შესძინა. მის სიტყვებს აღნიშნული პროექტი ნამდვილად ამართლებს, რადგან მართლაც კეთილი საქმეა, ისტორიულ შენობას ძველი დიდება ახლებურად დაუბრუნო, უკვე არსებულ ისტორიას გაგრძელება უპოვო და შენობა ფუნქციურად დატვირთო.

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

საკუთარი თავისა და პროექტ “აღმოუჩენელი კარის” შესახებ, ნინო ჩხარტიშვილს გავესაუბრეთ:

– როგორი იყო ნინო ჩხარტიშვილის ბავშვობა? როგორ აღმოჩნდით ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის სფეროში? 

ბავშვობის წლები საუკეთესოდ მახსენდება. დავიბადე და გავიზარდე თბილისში. გარემოში, სადაც არც ერთ ოჯახის წევრს არ ჰქონია არქიტექტურასთან შეხება. პატარა ასაკიდან ვხატავდი, ეს იყო მდგომარეობა, რომლის მეშვეობითაც შემეძლო ჩემი სამყარო შემექმნა. სწორედ ფერწერის და ზოგადად ხელოვნების სიყვარულმა განაპირობა ჩემი მომავალი პროფესიის არჩევანი და ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე. უძილო ღამეები და დაუღალავი შრომა დამიფასდა და მთელი აკადემიის მასშტაბით ბავშვების იმ ათეულში შევედი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შეფასება მიიღეს ხატვაში, მოვხვდი უფასო საბაკალვრო პროგრამაზე და სტიპენდიაც დამენიშნა. საკუთარ თავსა და განვითარებაზე მუშაობა, საქმისადმი პასუხისმგებლობით დამოკიდებულება მივიჩნიე ადამიანების წარმატების ფორმულად და დღემდე აზრი უცვლელი მაქვს. დავრწმუნდი, რომ შრომა დაუფასებელი არ რჩება და ყველა მიზანი მიღწევადია, თუმცა, მაშინ სიღრმისეულად ვერ ვაცნობიერებდი, რა საოცარ პროფესიას შევეჭიდე. საკუთარი საქმიანობიდან სიამოვნების მიღება ისეთივე მნიშვნელოვანი და აუცილებელი კომპონენტია წარმატებული საქმიანობისათვის, როგორც ცოდნა და პროფესიული განვითარება. ათი წელია ამ სფეროში ვმოღვაწეობ, თუმცა, ვფიქრობ, განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების გავლა ყოველდღიურად კვლავაც მომიწევს, სხვაგვარად შედეგის გაუმჯობესება უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენი პროფესია დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, შედეგი, რომელიც უამრავი ადამიანისთვის სიამოვნებისა და კმაყოფილების განცდის მომტანია, ყოველგვარ სირთულესა და სტრესს გავიწყებს ადამიანს.

ფოტო: ნინო მეგენეიშვილი

– ძირითად შემთხვევებში, მაინც საიდან მოდის თქვენთვის შთაგონება?

შთაგონების წყარო ჩემთვის შეიძლება ნებისმიერი დეტალი აღმოჩნდეს, თუმცა, პირველ რიგში, სიღრმისეულად ვეცნობი იმ გარემოს, რომლის დაპროექტებაც მიწევს. ვეძებ ინსპირაციის წყაროს იმ ხელშესახებ, მნიშვნელოვან დეტალებში, რომლებიც შეუცვლელი რჩება არსებულ გარემოში (გარემოს სპეციფიკა, ფერები, ბუნებრივი შუქ-ჩრდილები, გამწვანება და ა.შ). ხშირად შთაგონებას არა გარემო და საგნები, არამედ ადამიანები მაძლევენ.

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

– გადავიდეთ „აღმოუჩენელ კარზე“ – პირველ რიგში, რატომ ეს სახელწოდება? რა შინაარსს ატარებს ის?

ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის N111, მდებარეობს ისტორიული შენობა, რომელსაც კულტურული ღირებულება გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ შენობამ დღევანდელ დღემდე სახეცვლილმა და დაღდასმულმა მოაღწია, ვიზიტორების აღფრთოვანებას მაინც ახერხებს. კარის შეღებისთანავე მნახველის გაოცებას იწვევს საოცარი ფერწერა, რომელიც ბაროკოს სტილშია შესრულებული. შუქფარებით განათებული სადარბაზოს ინტერიერი კი გამოსახულების კარგად აღქმის საშუალებას იძლევა. სახელის ინსპირაცია მოდის Thomas Wolfe-ის სადებიუტო ნოველადან Look Homeward, Angel. ამ სივრცეში მოხვედრისას ყველას ეძლევა შესაძლებლობა, გაიზიაროს გარკვეულ დროსა და სივრცეში მომხდარი ამბები, იმოგზაუროს წარსულში  და შეიგრძნოს აწმყო. თავად აღმოაჩინოს ,,აღმოუჩენელი კარი‘’, რომელიც ადამიანს, სახელწოდების შესაბამისად, გააოცებს.

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

– საკმაოდ ძველ და ისტორიულ შენობაში მოგიწიათ მუშაობა – რა როლი ითამაშა ამ ფაქტმა მუშაობისას და რამხელა პასუხისმგებლობა იყო ეს თქვენთვის?

ინტერიერის დიზაინზე მუშაობის პროცესი ძალიან საპასუხისმგებლო გახლდათ. ვინაიდან შენობას ისტორიული ძეგლის სტატუსი გააჩნია, ინტერიერის პროექტი  შევათანხმეთ მერიაში. ასეთი ტიპის შენობაში სარემონტო სამუშაოების თვითნებურად გაკეთება უკანონოა. არ გაქვს თავისუფლება, აკეთო ის, რაც მოგესურვება. აქედან გამომდინარე, მუშაობის პროცესში გარკვეული შეზღუდვები გვქონდა.   გასათვალისწინებელი იყო შენობის არსებული გეგმარება. უნდა მოვრგებოდი არსებულ მზიდ კედლებსა და სადარბაზოს უნიკალურ ფერწერას, რათა ინტერიერი კონტრასტულად ამოვარდნილი არ ყოფილიყო და, ამასთანავე, ჰარმონიული კავშირი ჰქონოდა არსებულ ხელშესახებ ღირებულებებთან.

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

– მუშაობის პროცესში, ძირითადად, საიდან მოდიოდა შთაგონება?

ჩემი შთაგონება სწორედ სადარბაზოს უნიკალური მხატვრობა აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ, თბილისის სადარბაზოების მოხატულობები, როგორც ბურჟუაზიული ცხოვრების ერთ-ერთი სიმბოლო, ბევრგან განადგურდა. ეს შენობაც ადამიანის უგუნურების მსხვერპლი გახდა. ადამიანის ხელითვე ნახევრად დაიკარგა მხატვრობა მწვანე, უსახური საღებავის ფენის ქვეშ. პირველივე ნახვისთანავე დამეუფლა განცდა, რომ რაიმე სახით პროტესტი გამომეხატა ამ უსამართლობის წინააღმდეგ.

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

– აშკარაა, რომ საკმაოდ ჰარმონიული გადაწყვეტა უპოვეთ აღნიშნულ სივრცეს იმ კულტურულ ღირებულებებთან და სიძველეებთან, რომლებიც ამ შენობაშია. რა გამოწვევის წინაშე დადექით? რა აღადგინეთ? რა დატოვეთ? გვიამბეთ დეტალურად..

სახლის მფლობელთა დიდი ძალისხმევითა და ხელშეწყობით, საცხოვრებელ სივრცეში შევინარჩუნეთ და აღვადგინეთ ყველა შესაძლო დეტალი. პირველ ეტაპზე, სრულად გაიწმინდა სახლში არსებული ყველა კედელი, რათა მხატვრობის კვალი გამოგვევლინა. ჩატარებული კვლევითი სამუშაოების შედეგად გამოიკვეთა, რომ აღნიშნული საცხოვრებელი ბინის ინტერიერი გაფორმებული იყო დეკორით, რომელიც მრავალი ფენა ქაღალდით იყო დაფარული და, სამწუხაროდ, მხატვრობის ღირებული სახის შენარჩუნება შეუძლებელი აღმოჩნდა. მხოლოდ ფრაგმენტულად გახდა შესაძლებელი დეკორის შემორჩენილი ელემენტების შენარჩუნება, კონსერვაცია. შენარჩუნდა და რესტავრაცია ჩაუტარდა ყველა ხის კარ-ფანჯარას და მუხის იატაკს. გაიწმინდა და ადგილზე დაბრუნდა კედელზე არსებული ყველა ღუმელის ლითონის ელემენტი. შუშაბანდისა და კარ- ფანჯრების ლითონის ჩამკეტების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო შენარჩუნებული, რომელთა მიხედვითაც დავამზადებინეთ ანალოგიური ჩამკეტები. ფუნქცია და სახე დავუბრუნეთ ლომის ფეხებზე დაყრდნობილ თუჯის აბაზანას, რომელიც ჩაბული სახით დაგვხვდა არსებულ საცხოვრებელ სახლში.

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

– როგორაა შენობაში ოთახები ფუნქციურად გადანაწილებული?

პროექტირების პროცესში, რასაკვირველია, არ შევხებივართ არც ერთ კონსტრუქციულ ელემენტს. საცხოვრებელი ბინის ოთახები ისეა გადანაწილებული, რომ მოქცეულია მზიდ კედლებს შორის. მათი ფუნქციური დანიშნულება უმეტესად სასტუმროს ტიპის ოთახებია, ასევე ვხვდებით საერთო მოსასვენებელ სივრცესა და გრძელ კორიდორს, რომელიც ოთახებს ერთმანეთთან აკავშირებს.

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

– ვფიქრობ, საკმაოდ კონტრასტული და მკვეთრი ფერებია გამოყენებული ოთახებში – იყო თუ არა ერთგვარი რისკი მათი გამოყენება ამგვარ შენობაში?

ყველა ოთახი ერთმანეთისგან განსხვავებულია, მეორდება მხოლოდ კედელზე დეკორის შემორჩენილი ელემენტები, რომელიც წარსულთან კავშირის განცდას უტოვებს ადამიანს. ახალი კედლები კონტრასტულად განსხვავებული ფერით შევღებეთ, რათა სხვაობა ძველსა და ახალს შორის თვალსაჩინო ყოფილიყო. ხელოვნურად მიუახლოვო ახალი ძველს, არასწორი მგონია, ეს სხვაობა ჩემთვის უფრო მისაღები და სწორია.

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი

– საბოლოო ჯამში, როგორ შეაფასებდით უკვე განხორციელებულ პროექტს? და თქვენი აღქმით, რა დახვდება აქ მოსულ სტუმარს?

რთულია, შეაფასო საკუთარი ნამუშევარი. თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ ობიექტი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და უკვე დიდი მოწონებით სარგებლობს, ალბათ ცუდი არ არის. მთელი გულით მინდა, ,,აღმოუჩენელი კარის’’ მიღმა ყველა სტუმარს დახვდეს ის, რაც მათ სასიამოვნოდ გააოცებთ. შენობა ამოგზაურებთ დროსა და სივრცეში, რომელზეც ყველა პერიოდის კვალი არის ასახული დღევანდელის ჩათვლით.

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი

გარეკანის ფოტოს ავტორი: ნინო მეგენეიშვილი

ბინა თბილისის ცენტრში – დოდოშკა ჩხეიძის ნამუშევარი

ნათელი და მყუდრო სააგარაკე სახლი ხის დეტალებით