in

ნათელი და მყუდრო სააგარაკე სახლი ხის დეტალებით

Banner M2
Banner M2

ეს მშვენიერი სახლი ბარსელონას ცენტრიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალზე მდებარეობს და მასში ბუნების ხასიათი და ოაზისის სტილი იგრძნობა. ამ ეფექტის გაღვიძებას ხელი შეუწყო ავეჯმა, მსუბუქმა ქსოვილებმა და სახლის გარშემო არსებულმა სიმწვანემ. რამდენიმე წლის წინ სახლი სრულიად განსხვავებულად გამოიყურებოდა და ის შედარებით ბნელი იყო. შესაბამისად, ამჟამინდელ მფლობელებს მოუწიათ ფანჯრების დამატება და რამდენიმე კედლის დანგრევა, რათა სივრცე უფრო ნათელი და ფართო გამხდარიყო.

მისაღებისთვის გამოყოფილი სივრცე საკმაოდ დიდი და ნათელია, რასაც ფანჯრების უხვი რაოდენობა უზრუნველყოფს. კედლებიც და ჭერიც თეთრია, რის ხარჯზეც ბუნებრივი სინათლე კიდევ უფრო მკაფიოდ აღიქმება. ბუნების შეგრძნების გასაღვიძებლად სახლში ხის მასალისგან შექმნილი ავეჯის მრავალფეროვნებას ვხვდებით, რომელიც სასიამოვნო ბალანსშია როგორც გარშემო არსებულ ბუნებასთან, ასევე ოთახის მცენარეებთანაც. ბუნებრივ ფერებთან კონტრასტის შესაქმნელად ბუნებრივი ქსოვილის განსხვავებული ფერებია გამოყენებული.

სამზარეულო შედარებით მცირე ზომისაა, თუმცა იმავე სტილით არის მოწყობილი. სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად ხის თაროებია გამოყენებული, ჭურჭელი კი ავეჯის მასალასთანაა შეხამებული. სახლის განსაკუთრებულ ხიბლს ქმნის განსხვავებული ჭერიც.

საძინებელში ყველაზე უკეთ იგრძნობა ბუნებრივი მასალისა და ქსოვილების სიმრავლე, რაც მთლიანობაში მშვიდ და ჰარმონიულ გარემოს ქმნის. ოთახი მდიდარია კედლის ნახატებითა და სხვადასხვა სახის დეკორაციებით. ფანჯრები დიდი და ნათელია, რაც ოთახს ბუნებრივი სინათლით უზრუნველყოფს.

საძინებლის მეორე ნაწილში ცალკე სივრცეა გამოყოფილი სამუშაო ზონისთვის. ამავე ნაწილშია აივანზე გასასვლელი კარი, რომელიც ოთახიდანვე იძლევა ბარსელონას ბუნებით ტკბობის შესაძლებლობას. ხისფერთან შეხამებული ავეჯის ფერები ოთახს ჰაეროვანსა და მყუდროს ხდის.

აბაზანა თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. საინტერესო განწყობას აქ იატაკის საფარი ქმნის, სადაც ორ ფერში შეხამებული კერამიკული ფილები გვხვდება. მსუბუქი ტექსტილისა და თეთრი ფერების დახმარებით ერთიანობის შეგრძნებაა მიღწეული.

მთლიანობაში სახლი ძალიან ნათელი და მყუდროა. ლანდშაფტი ინტერიერში იდეალურადაა ასახული, რაც ქსოვილების, ავეჯისა და ფერების შესანიშნავმა ბალანსმა გახადა შესაძლებელი.

“აღმოუჩენელი კარი” – ნინო ჩხარტიშვილის მიერ გაცოცხლებული ისტორია

როგორ შევინახოთ ზამთრის ტანსაცმელი