in

ახალგაზრდა არქიტექტორების, ვანო გვენცაძისა და ნინა ავდალიანის პირველი წარმატება YAC-ის კონკურსზე

სულ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა არქიტექტორების, ვანო გვენცაძისა და ნინა ავდალიანის ნამუშევარი Young Architects Competition-ის კონკურსზე ფინალისტის წოდებით (“FINALIST MENTION”) დაჯილდოვდა და 30 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა.

YAC – Young Architects Competition არის დიზაინის და არქიტექტურული კონკურსების ორგანიზატორი ახალგაზრდა არქიტექტორებისთვის, კურსდამთავრებულებისა და სტუდენტებისთვის. ათწლიანი გამოცდილებითა და 9 პრიცკერის პრემიის ლაურეატით დაკომპლექტებული ჟიურით, YAC წარმოადგენს საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსების ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზატორს მსოფლიოში.

საკონკურსო დავალება

აღნიშნული კონკურსის იდეა იყო მთვარის სადგურის დაპროექტება, რომელიც უპასუხებდა ორგანიზატორების საპროექტო დავალებას და ლოგიკურ დაქვემდებარებაში იქნებოდა მთვარის სპეციფიკურ გარემო-პირობებთან.

პროექტის აღწერა

მრავალი გამოკვლევის და დაკვირვების შედეგად, აღმოჩნდა, რომ მთვარეზე არსებობს მიწისქვეშა , ფართო ვულკანური წარმოშობის სტრუქტურები, რომლებიც ცნობილია დედამიწაზე როგორც “ლავა-მილები”. ჩვენი საკონკურსო დავალება სწორედ ზემოთ აღნიშნულ ერთ-ერთ გამოქვაბულში, კერძოდ, Lacus Mortis Pit-ში, მთვარის საკვლევი ბაზის დაპროექტება იყო.“, – გვიამბობენ ვანო და ნინა

ჩატარებული კვლევიდან გამომდინარე და არსებული ინფორმაციის გაანალიზებით, კონკურსანტებმა მიიჩნიეს, რომ მთვარის ბაზაზე მცხოვრებთათვის ყველა სხვა პრობლემასთან შედარებით, მიკროგრავიტაცია ყველაზე მეტად გამომწვევი და რთული პრობლემა იქნება.

გრავიტაციის ფაქტობრივად არარსებობა სიცოცხლისთვის ძალიან საშიშ და ფატალურ შედეგებამდე მივყავართ, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როცა ბაზაზე მცხოვრებ ასტრონავტებს მთვარეზე ძალიან დიდი დროის გატარება მოუწევთ და ეს არ იქნება მცირე ხანგრძლივობის ექსპედიციები. აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ ისეთი პროექტის შემუშავება, რომელიც პირველ რიგში, შეძლებისდაგვარად მოაგვარებდა გრავიტაციის პრობლემას და ასტრონავტების ცხოვრების ხარისხს მკვეთრად გააუმჯობესებდა და დაიცავდა ზემოთ ჩამოთვლილი სავალალო პრობლემებისგან.

ხელოვნური გრავიტაცია, რომელიც მიღებულია ცენტრიდანული ტრიალის საშუალებით, ერთადერთი ლოგიკური და პრაქტიკული საშუალება იყო ჩვენი მიზნის მისაღწევად. სწორედ აქედან გამომდინარეობს მთვარის ბაზის ასეთი სპეციფიკური და არასტანდარტული ბორბლის ფორმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ორივე ბორბლის ტრიალის საფუძველზე მივიღოთ სასიცოცხლოდ საჭირო დედამიწის თითქმის თანაბარი გრავიტაცია.

საპროექტო დავალების მიხედვით, თითოეული არქიტექტურული ელემენტი უნდა ყოფილიყო იზოლირებული გარშემო სიცარიელისგან და დაცული სათანადო რადიაციის საწინააღმდეგო საშუალებებით. გარე სამყაროსთან დაკავშირება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ წნევის მარეგულირებელი ფილტრაციის არეალებით, ე.წ. “აირის ჩამკეტებით”. შემინული ზედაპირების გამოყენება შესაძლებელი იყო იმდენად, რამდენადაც ისინი აღჭურვილი იქნებოდა სპეციალური დამცავი საჩრდილობელი სისტემით, რათა ისინი გაუმკლავდნენ ექსტრემალურ ტემპერატურულ, რადიაციულ სიტუაციებს და მიკრომეტეორიტების ზეგავლენას.

შემდგომში განხილული გეგმარებითი პროგრამის თითოეული ნაწილი უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელ მოდულად, კონვეიერული პრინციპით, შესაბამისად, შესაძლებელი იქნება მათი განცალკევება ვაკუუმის პრინციპით მომუშავე ჩამკეტი სისტემით,”– პროექტის ავტორები

რაც შეეხება უშუალოდ გეგმარებით პროგრამას, კონკურსანტების ხედვით, მთვარის სადგური უნდა შედგებოდეს შემდეგი სივრცეებისგან: 1. ეკიპაჟის საცხოვრებლები 2. სტუმრების საცხოვრებლები 3.სველი წერტილები 4. კონტროლის ოთახი 5. საერთო, სარელაქსაციო სივრცეები 6. ჰიდროფონური და აეროფონური ფერმა 7. სპორტული დარბაზი 8. მედ. პუნქტი 9. საკვლევი ლაბორატორიები.

ელექტროკარნიზები – ძირითადი მახასიათებლები და ღირებულება ქართულ ბაზარზე

სასწავლო ცენტრი ლატვიაში – Good Pttern-ის ნამუშევარი