in ,

არქიტექტორი რიჩარდ მეიერი: გონება და ფუნქცია

Alliance Group
Alliance Group

ამერიკელი არქიტექტორი რიჩარდ მეიერი (Richard Meier) სიახლეების მაუწყებლებზე შესაშური სიხშირით ხვდება. ის მუდმივ მოძრაობაშია, სულ რაღაცას ასრულებს და მყისიერად ახალი პროექტის დაწყებას აანონსებს (როგორც წესი, კორეაში, ჩინეთსა და მექსიკაში), იმარჯვებს კონკურსებში და სიტუაციის ანალიზს გვთავაზობს. მისი ყველაზე გვიანდელი ამბები სკანდალებსა და სექსუალური შევიწროების ნიადაგზე წარმოქმნილ სასამართლო გარჩევებს უკავშირდება, თუმცა, ყველაფერი ეს დიდ ეჭვს იწვევს, მითუმეტეს თუ „Richard Meier & Partners Architects“ ყოფილი თავკაცისა და ამ ისტორიების „ანტიგმირის“ ასაკს გავიხსენებთ (ის 88 წლისაა).

რიჩარდ მეიერის ქათქათა შენობები ათეულობით წელია ხუთივე კონტინენტზე იწონებს თავს და დამწყები არქიტექტორებისთვის ეტალონს წარმოადგენს. მას კორბუზიანელები და ბაუჰაუსის მიმდევრები აღმერთებენ.

რიჩარდ მეიერი მათემატიკოსი არქიტექტორია. მისი შემოქმედების თითოეული სანტიმეტრი დამოწმებული და მკაცრი გეომეტრიული ბადეების მიხედვითაა აგებული. მისი თეთრი ფერი ბუნებაში პრაქტიკულად არ გვხვდება. არქიტექტორი მას “კამკამა გონების ფერს” უწოდებს. გონება და ფუნქცია მეიერის პროექტების ფორმას განსაზღვრავს. ემოციებისგან თავისუფალი არქიტექტორი, რომელიც ციფრებითა და საზომითაა შეიარაღებული, იმგვარ სივრცეებს ქმნის, სადაც წესრიგი ბუნებას ეწინააღმდეგება.

„სითეთრე ბუნებასა და ადამიანის შემოქმედებას ერთმანეთისგან კონტრასტულად გამოყოფს. თეთრი ფერი ჩემი შემოქმედების ერთ-ერთი სიმბოლოა. ის პალიტრის ყველა არსებულ ფერს შეიცავს. გარდა ამისა, თეთრი შენობები ზედაპირზე ბუნებრივი ელფერების არეკვლისა და გარდატეხისას მუდმივად იცვლება“.

1996 წელს ქრისტიანობის ორიათასწლიანი ზეიმობისას მეიერმა ეკლესიის მშენებლობის კონკურსი მოიგო, რომელიც რომში მუსოლინის დროიდან პირველ თანამედროვე ნაგებობად იქცა. სამების განმასახიერებელი ბეტონის სამი იალქანი თვითმწმენდი ფენით იყო დაფარული. მოულოდნელობა იყო ის, რომ ტიტანის დიოქსიდის შემცველობის გამო, ინოვაციური ფითხი მის ირგვლივ ჰაერს წმენდდა. სამი მეტრის რადიუსში „საიუბილეო ეკლესიის“ მრევლი საშუალო მეგაპოლისთან შედარებით ორჯერ უფრო სუფთა ჰაერს სუნთქავს. რა თქმა უნდა, ნოვატორობამ სკანდალის გარეშე ვერ ჩაიარა. პროექტiს მოწინააღმდეგეთა რიცხვი იმ ფაქტმაც გაზარდა, რომ კათოლიკური ტაძრის ავტორი ებრაული წარმოშობის ამერიკელი იყო. თუმცა, დროთა განმავლობაში, ვნებათა ღელვამ იკლო და ათი წლის შემდეგ, მერის მოწვევით, მეიერმა რომში “Ara Pacis“-ის მუზეუმი ააშენა, როგორც ძვ. წ. აღრიცხვის 30-იანი წლების რომაული საკურთხევლის ერთგვარი მოდერნისტული თავშესაფარი.

მეიერის აღიარებით, მუზეუმების პროექტირება, რომელთა შორის ფრანკფურტის გამოყენებითი ხელოვნებისა და ბარსელონის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებიცაა, მისი საყვარელი ჟანრია. ცხოვრების უმთავრესი ნამოქმედარი უწოდა მეიერმა კალიფორნიის გეტტი ცენტრს. ეს მუზეუმი მაგნატ პოლ გეტტის მიერ დაფუძნდა. ნაგებობა მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა და 15 წლის წინ პირველად ისტორიაში ეკოლოგიური სერთიფიკატი „LEED“  მიიღო. კომპლექსი სინათლითაა გაჟღენთილი, მისი სივრცეები კი ერთი მეორეში გადაედინება. აღსანიშნავია, რომ ყველა ხაზი ზედხედშიც და ვერტიკალშიც 30X30 დუიმიანი ბიჯის მქონე გეომეტრიულ ბადეს ექვემდებარება. ეს კომპლექსი მეიერის მათემატიკური და პლასტიური გამოკვლევის მწვერვალი თუ არა, მისი ყველაზე მასშტაბური გამოვლინება მაინც არის. მკაცრი, ნათელი არქიტექტურა, ნიჭიერი ხელის მიერ მკაფიოდ არის გამოხაზული.

თანამედროვე არქიტექტურაში, მეიერის ნაგებობები, ლე კორბუზიეს შემდგომ შექმნილი მოდერნიზმის  ყველაზე რაფინირებული ნიმუშებია. ბევრი კრიტიკოსი მას “რომანტიკულ კორბუზიანელსა” და “პურისტს” უწოდებს. კორბუზიეს მსგავსად, მასშტაბური პროექტების გარდა, მეიერი კერძო ვილებსაც აპროექტებს და ამ სამუშაოს არქიტექტორის თავშესაფარს უწოდებს. „ჩემთვის მთავარი მასშტაბია. მე ემოციებს არ ვაგეგმარებ. მე სივრცეებსა და მათში გადასაადგილებელ გზებს ვქმნი. არამგონია, რომ სიხარულის ან სევდის პროექტირება იყოს შესაძლებელი“. და მაინც, რიჩარდ მეიერის ჰარმონია სამყაროს უკეთესს ხდის.

მხატვრობიდან არქიტექტურაში და პირიქით – ინტერვიუ თიკო სანიკიძესთან

როგორია სრულყოფილი საძინებლის ანატომია?