in ,

მხატვრობიდან არქიტექტურაში და პირიქით – ინტერვიუ თიკო სანიკიძესთან

Alliance Group
Alliance Group

თიკო სანიკიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მხატვარი და არქიტექტორია. ის 1983 წელს, თბილისში დაიბადა და 2016 წლამდე საქართველოში ცხოვრობდა. პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია, საკმაოდ ადრეული ასაკიდან ხატვით იყო გატაცებული და ამ მხრივ ოჯახის სრული მხარდაჭერაც ჰქონდა. მოგვიანებით თიკო ინტერიერის დიზაინერის ხელოვნებას დაეუფლა, დღეს კი ორივე მიმართულებით აგრძელებს მუშაობას. თიკო სანიკიძის ნამუშევრები დღეს ისეთ ჟურნალებში იბეჭდება, როგორიც არის “ART SPEKTRUM”, “OBSERVICA”, “ ART ARENA”, “ IT’S A WILD WORLD”, “ Artistonish” და სხვა. ამასთან ერთად, ხელოვანი არქიტექტორი აქტიურად მოღვაწეობს არქიტექტურის სფეროში და საკუთარი განსაკუთრებული უნარებისა და ხედვის წყალობით, პროექტირების სრულიად უნიკალურ მეთოდებს იყენებს. სწორედ არქიტექტურისა და მხატვრობის ურთიერთკავშირზე გაესაუბრა ჟურნალი Homeis.ge დღეს თიკო სანიკიძეს:

თიკო, გვიამბეთ თქვენი ცხოვრების ადრეულ წლებზე. სად გაატარეთ ბავშვობა და რა გავლენა მოახდინა თქვენმა ოჯახმა თქვენი სამომავლო პროფესიის არჩევაზე?

მიუხედავად უმძიმესი 90-იანი წლებისა, ბავშვობა ძალიან თბილად მახსენდება. მშობლების დიდი ძალისხმევით, მე და ჩემ ძმას არ შეგვხებია ამ წლების სირთულეები, ორივეს გვქონდა შესაძლებლობა საყვარელი საქმე გვეკეთებინა. მე ადრეული ასაკიდან ვხატავდი, ხოლო ჩემი ძმა ჭადრაკს ეუფლებოდა. სულ პატარა ასაკში, ჯერ 6 წლისაც არ ვიყავი, დედამ ბავშვთა ხელოვნების გალერეაში, ხოლო შემდგომ ან. ვირსალაძის სახელობის გიმნაზიაში მიმიყვანა. ზამთარში, მახსოვს, ძალიან ციოდა, ხშირად შუქიც ქრებოდა. დედა, ყველაფრის მიუხედავად, ცდილობდა, ჩემთვის ხელი შეეწყო, რათა ხატვის გაკვეთილები არ გამეცდინა. შესვენებაზე ცხელი ჩაით მელოდებოდა, რომელიც მუდმივად თერმოსით დაჰქონდა, საუკეთესო ფანქრებს, ფუნჯებსა და საღებავებს მყიდულობდა იმისათვის, რომ მეცადინეობის პროცესი ჩემთვის უფრო საინტერესო ყოფილიყო. მამა კარგად ძერწავდა და ძალიან უხაროდა ჩემი ხატვით დაინტერესება. ის ყველა ნახატს აფასებდა და უზომოდ უხაროდა ჩემი პატარა წარმატებაც კი.

სად მიიღეთ პროფესიული განათლება?

2000 წელს დავამთავრე თბილისის ან. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია. ამავე წელს სწავლა გავაგრძელე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც 2005 წელს წარმატებით დავამთავრე სპეციალობით – ინტერიერის დიზაინერი. აქ არ შემიძლია არ მოვიგონო ამ ფაკულტეტის დეკანი – ბატონი ალეკო კორკოტაშვილი, რომელსაც ძალზედ დიდი წვლილი მიუძღვის ჩემი როგორც პროფესიონალური, ასევე პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში.

პარალელურად მუდამ ვაგრძელებდი ხატვას. მონაწილეობას ვიღებდი მრავალ პერსონალურ თუ გუნდურ გამოფენაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ხშირად ლექციებსაც ვესწრებოდი თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

სწავლა ამერიკაში ჩამოსვლისასაც გავაგრძელე და სულ ახლახან (2022 წლის მარტში) დავამთავრე ნიუ-იორკის ხელოვნების ინსტიტუტის ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი.

თქვენ ბავშვობიდან ხატავთ. გვიამბეთ როგორ დაიწყო თქვენი მოგზაურობა ამ სფეროში და როგორ მოხვედით დღემდე? 

ხატვა ნამდვილად სულ პატარა ასაკიდან მიტაცებდა. ეს არავის უკვირდა ჩვენს ოჯახში,  ვინაიდან მშობლების უახლოესი ნათესავები ხელოვნების სფეროში მოღვაწეობდნენ და მრავალი მათგანი კარგად ხატავდა.

ადრეულ ბავშვობაში, ჯერ კიდევ ხელოვნების გალერეაში, მოვხვდი შესანიშნავ პედაგოგთან და პიროვნებასთან – ბატონ უშანგი ლონდარიძესთან. მისივე ხელმძღვანელობით გავაგრძელე ხატვა ან. ვირსალაძის ხელოვნების გიმნაზიაში. განუზომელია ბატონი უშანგის ამაგი ჩემს ჩამოყალიბებაში როგორც გრაფიკოსის, ასევე პიროვნული თვისებების შეძენაში. უფრო მეტიც, ვთვლი, რომ თუ რამეში გამიმართლა ცხოვრებაში, პირველ რიგში, ეს ამ შეხვედრაზე ითქმის. ბატონი უშანგი მხოლოდ ხატვას როდი გვასწავლიდა. ის, პირველ რიგში, გვეხმარებოდა საკუთარი თავისა და მისწრაფებების ამოცნობაში. დაუვიწყარი იყო მისი მოსწავლისათვის გაცემული დახასიათება. მას ხომ არაფერი გამოეპარებოდა, არცერთი წვრილმანი. ამიტომ მშობლებს ყოველთვის ჰქონდათ ჩვენი ზუსტი დახასიათება და შესაბამისად, სწორი მოქმედების გეგმა.

“ვეფხვი” – ფანქარი, ქაღალდი. ავტორი: თიკო სანიკიძე

სულ პატარა ასაკშიც მაინტერესებდა მნახველების აზრი ჩემს ნახატებზე. მახსოვს, ერთხელ ოჯახში სტუმრებს ელოდნენ. მე ავარჩიე რამდენიმე ფერადი ფანქრით შესრულებული ნახატი და გამოსაჩენ ადგილას დავკიდე . უბედნიერესი ვიყავი, როცა ვინმე ჩემს ნახატს შეამჩნევდა.  ასეთი ღელვა შემდგომში იშვიათად განმიცდია.

“ლეოპარდი” – ფანქარი, ქაღალდი. ავტორი: თიკო სანიკიძე

პირველი პერსონალური გამოფენა უკვე 6 წლის ასაკში მქონდა ან. ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზიაში. უფრო სერიოზული პერსონალური გამოფენა კი 2010 წელს თბილისში, “გალერეა შარდენში” გავმართე.

“ბუ” – ფანქარი, ქაღალდი. ავტორი: თიკო სანიკიძე

ჩემთვის საეტაპო გამოფენად ვთვლი 2013 წლის გაბალას (აზერბაიჯანი) მე-3 საერთაშორისო გამოფენას, სახელწოდებით „პორტრეტის მელოდია.“ მასში 23 ქვეყნის 200-მდე ხელოვანი მონაწილეობდა. წარმოდგენილი იყო ყველა ჟანრში შექმნილი პორტრეტები: ზეთი, აკვარელი, გრაფიკა. მხოლოდ ჩემი 4 ნამუშევარი იყო უბრალო ფანქრით შესრულებული. იმდენად შთამბეჭდავი ნახატები იყო გამოფენილი, რომ არც კი მეგონა, ჩემს ნამუშევრებს თუ შეამჩნევდნენ. ამიტომ ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ჩასვლისთანავე აღმოვაჩინე, რომ ჩემი ერთ-ერთი ნახატი „თითა“, ფაქტობრივად, გამოფენის სავიზიტო ბარათად იქცა. ის უზარმაზარ ბანერზე იყო გადაჭიმული, შემდგომში კი გაიმარჯვა ნომინაციაში „ბედის საჩუქარი“.

ძალზედ დიდი ადგილი უჭირავს ჩემს შემოქმედებაში რომის პერსონალურ გამოფენას (2015წ). ეს გამოფენა, სახელწოდებით „შავი და თეთრი“ შედგა გალერეა “Vacarella”-ში. ძალიან კარგი რეცენზიები დაიბეჭდა ადგილობრივ პრესაში, მათ შორის, ცნობილმა ხელოვნებათმცოდნემ, ქალბატონმა Emma C amiglya-მ ჩემი შემოქმედება შეადარა რენესანსის პერიოდის მხატვრობას.

2016 წლიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვედი. აქაურ მრავალრიცხოვან გამოფენებში საეტაპოდ ჩაითვლება ნიუ-იორკის „Agora Gallerry”-ში გამართული გამოფენა, რომლის შემდეგ ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა საერთაშორისო დონის ჟურნალში იბეჭდება.

თიკო სანიკიძის ნამუშევარი ჟურნალ Observica-ს გარეკანზე

დღეს თქვენ ნიუ-იორკში ცხოვრობთ, სადაც არქიტექტურის სფეროში ხართ პარალელურად დასაქმებული. გვიამბეთ თქვენი კარიერის ამ ნაწილზე.

როგორც მოგახსენეთ, სპეციალობით არქიტექტორი ვარ და ნიუ-იორკში ჩემი მოღვაწეობაც ამ სფეროში გავაგრძელე. ძალზედ საინტერესო სამსახური მქონდა კომპანია Gilbert -ში, სადაც ვიყავი დიზაინერის პოზიციაზე. ეს ცნობილი კომპანიაა, რომელიც დაკავებულია საგამოფენო სივრცეების მოწყობით. ჩემთვის ეს სამსახური ნამდვილი გამოწვევა იყო, ვინაიდან მაშინ ამდაგვარი საქმიანობა საქართველოში უბრალოდ არ არსებობდა. იმ უამრავი პროექტებიდან , რომელიც ამ კომპანიისათვის შევასრულე, გამოვყოფდი კომპანია „Nikon-“თვის შესრულებულ საგამოფენო დიზაინ პროექტს, რომელიც “Nikon”-ის 100 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ჩემმა პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა თავად დამკვეთის მხრიდან. ასეთი ტიპის პროექტებისათვის ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. პირველყოვლისა, საჭიროა არ გამოგვრჩეს დამკვეთი კომპანიის ინდივიდუალიზმი, მისთვის დამახასიათებელი ფერთა გამა და შევძლოთ პროდუქციის მაქსიმალურად კარგად წარმოჩენა.

პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა ამ სამსახურს იმის გამო, რომ გამოფენები საერთოდ აღარ იმართებოდა. ამიტომ ვარჩიე საქმიანობა გამეგრძელებინა ისეთ არქიტექტორულ კომპანიაში, როგორიცაა “Victorio Assosiates”. ამ კომპანიას არცერთი დღით არ შეუჩერებია მუშაობა პანდემიის მიუხედავად. საქმე იმაშია, რომ ეს ის დაწესებულებაა, რომელიც მუდმივად ათანხმებს პროექტებს შესაბამის სამსახურში. აქ არქიტექტორის პოზიცია დავიკავე და ყველა კანონის დაცვით, ვცდილობ ხელი შევუწყო პროექტების დამტკიცებას. შესრულებული მრავალი პროექტიდან გამოვყოფ Kresher Mansion-ს. აღნიშნული პროექტის წარსადგენად მე არ შემოვფარგლულვარ მხოლოდ ნახაზებით. ჩემ მიერ შექმნილი იყო გარემოს რეალისტური 3D კლიპი, რომლის მაღალი ხარისხის ვიზუალიზაციამ დიდად შეუწყო ხელი ამ ობიექტის რეალიზაციას.

აღვნიშნავ იმასაც, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე პროექტი საქართველოშიც შევასრულე. მათ შორისაა ბაკურიანში მდებარე  კერძო სასტუმროს ინტერიერის დიზაინი. ვეცადე, შემექმნა განსხვავებული სტილი და მყუდრო გარემო იმისთვის, რომ აქ დასვენება დაუვიწყარი ყოფილიყო. ინტერიერის დიზაინში ჭარბობს არამკვეთრი, მშვიდი, ნატურალური ფერები. ვეცადე, დიზაინი მინიმალისტური ყოფილიყო და არ გადამეტვირთა ავეჯით. განსხვავებულია ისიც, რომ ინტერიერს ამშვენებს ჩემი ჰიპერრეალისტური ნახატების პრინტები, რომლებიც კიდევ უფრო მყუდროს ხდის გარემოს. დიდი დრო დავუთმე სივრცის სწორად ათვისებას.  ვეცადე, ყოველი სანტიმეტრი სასარგებლოდ გამომეყენებინა. იმის გათვალისწინებით, რომ ნომრების დიზაინი გასხვავებულადაა შესრულებული, არ რჩება ერთფეროვნების განცდა.

რას გვეტყოდით ამერიკულ არქიტექტურაზე და მის სპეციფიკაზე? დაგჭირდათ თუ არა განსხვავებული მიდგომის გამოყენება ნიუ-იორკში სამუშაოდ?

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე, მრავალი ევროპული არქიტექტორი ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში და შემოიტანა იდეები, რასაც შემდეგ “საერთაშორისო სტილს” უწოდებენ. ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოში გავრცელდა და 1970-იან წლებამდე მასობრივი მშენებლობის დომინანტი იყო. სტილი ხასიათდება მსუბუქი სამრეწველო მასალებისა და განმეორებადი მოდულური ფორმების გამოყენებით.

ნიუ-იორკის ცათამბჯენი Lever House მანჰეტენის ცენტრში 1952 წელს დასრულდა. საერთაშორისო სტილით აშენებული, სიმაღლით ის დიდად არ გამოირჩეოდა (სულ 94 მ), მაგრამ ამ შენობაში გამოყენებულ იქნა ახალი მიდგომა – გარე ზედაპირზე ერთგვაროვანი მინა. შემდგომ ეს ტექნიკა დამკვიდრდა 21-ე საუკუნის მშენებლობაში ამერიკასა და მთელ მსოფლიოში. ფანჯრის გაზრდილი ფართობის სურვილმა “ლევერ ჰაუსში” მიაღწია ლოგიკურ დასკვნას: შენობის მთელი ფასადი მყარი ფანჯრებისაგან შედგება.

შეერთებულ შტატებში განსხვავებულია საგარეუბნო მშენებლობაც. საცხოვრებელი არქიტექტურის თვალსაზრისით, აქ ძალზედ დამახასიათებელია კოტეჯების მშენებლობა. საწყის ეტაპზე (მე-19 საუკუნეში) ეს იყო მარტივი ფორმის და დიზაინის ერთ ან ორსართულიანი შენობები, რომლებიც ხშირად მოიცავდა ხელნაკეთი ხის ელემენტებს. მე-20 საუკუნის ბოლოს კი გამოჩნდა კერძო საცხოვრებლის მიმართულება, რომელსაც უწოდებენ ახალ კლასიკურ არქიტექტურას.

ერთ-ერთ ასეთ საინტერესო დასახლებაში  მდებარეობს ჩემი სამუშაო გარემოც – ეს გახლავთ კუნძული სტეიტენ აილენდი, რომლის მყუდრო და გამორჩეული შენობა-ნაგებობები ძალზედ კომფორტული და ბევრის მთქმელია მათ ბინადრებზე. მე ვმუშაობ ამ ტიპის კოტეჯების პროექტირებაზე, მათი ინდივიდუალური პროექტებისა და გამორჩეული ინტერიერის დიზაინის შექმნაზე. რა თქმა უნდა, დასაწყისში არ იყო ადვილი ამ სფეროში მუშაობა, თუმცა, მიხარია, რომ შევძელი და ბევრი საინტერესო პროექტის ავტორი ვარ. ამის მისაღწევად დამჭირდა თავდაუზოგავი შრომა, ბევრი იურიდიული ნიუანსის შესწავლა და ახალი ტექნიკის როგორც შეძენა, ასევე დაუფლებაც. ეს უამრავ გონებრივ და მატერიალურ რესურსს მოითხოვდა.

ძალზედ გამიმართლა იმაში, რომ მუდმივად ვგრძნობ ხელმძღვანელის და თანამშრომლების მხარდაჭერას. საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ამერიკელები გამოირჩევიან ნიჭიერი ადამიანებისადმი კეთილგანწყობით და მხარდაჭერით. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, სადაური ხარ, მთავარია იყო ნიჭიერი, მშრომელი და ფირმის ერთგული. სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება საქართველოში არასდროს მიგრძნია.

როგორია თქვენი სახელწერო სტილი არქიტექტურასა და დიზაინში?

მე დიდ ადგილს ვუთმობ ეკოლოგიურობას, მინიმალიზმს, ვრცელ სივრცეებს, სინათლის სიუხვეს, ნატურალურ ხესა და მცენარეებს. სიმყუდროვისთვის უფრო მშვიდ ფერთა პალიტრას და მასალებს ვიყენებ. უფრო ხშირად კედლები პასტელურ ფერებშია  შეღებილი. ავეჯიც ხის და ლაკონური მომწონს. ზოგადად, ჩემი სტილი არ არის მკვეთრი და მუქი ფერები. როგორც წესი, ჩემი პროექტები გამოირჩევა ღია ტონებითა და მინიმალიზმით. ვცდილობ, ადამიანებს შევუქმნა მყუდრო გარემო როგორც ოფისში, ასევე მათ საცხოვრებელ სივრცეში. მინდა, რომ დავეხმარო მათ ოცნებების ასრულებაში.

საკუთარ თავს უფრო მხატვარს უწოდებთ თუ არქიტექტორს? რა კავშირია ამ ორ სფეროს შორის და როგორ აღიქვამთ მათ თქვენ?

მე უფრო მხატვარი ვარ, ასე ვხედავ საკუთარ თავს. თუმცა, ამ დრომდე ვერც არქიტექტურას ვთმობ და ვერც მხატვრობას. ვთვლი, რომ ორივე საქმიანობა ერთმანეთს ავსებს. არქიტექტორული შენობების პროექტირებაში, მათ რეალისტურ წარმოსახვაში და პირიქით ძალიან მეხმარება ჰიპერრეალიზმი. ვერ წარმომიდგენია [და ჯერჯერობით არც მიცდია] მხოლოდ ერთი საქმიანობით შემოფარგვლა. ვფიქრობ, ეს ძალიან შემზღუდავს და ამიტომ ორივე საქმიანობას ვითავსებ დღემდე.

 

23 კვ/მ ბინა საგარდერობო ოთახით

არქიტექტორი რიჩარდ მეიერი: გონება და ფუნქცია