in

“ახალი ნათება” — სანათების კომპანია 90-იანი წლების უშუქო საქართველოდან

„ახალი ნათება“ ის კომპანიაა, რომელმაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობა საკმაოდ თამამი ნაბიჯით დაიწყო. მან მომხმარებელს სანათების ფართო არჩევანი ჯერ კიდევ 90-იან წლებში შესთავაზა – მაშინ, როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ელექტროენერგიის დეფიციტი იყო. თუმცა, კომპანიამ ყველა სირთულესთან გამკლავება მოახერხა და ძალიან საინტერესო გზა განვლო. Homeis.ge „ახალი ნათების“ დამფუძნებელს, ზურაბ გაბინაშვილს ესაუბრა, რათა მკითხველისთვის კომპანიის დაარსების ისტორია, ბრენდის ფილოსოფია და წარმატებული ქართული ბიზნესის შესახებ სხვა საინტერესო დეტალები გაგვეცნო.

როგორ დაიბადა და განვითარდა თქვენი ბიზნესის იდეა? საიდან დაიწყო ყველაფერი?

კომპანიის დაარსების იდეა განათების სფეროსადმი ჩემმა ინტერესმა წარმოშვა. 90-იანი წლების საქართველოში ეს მიმართულება ნაკლებად იყო განვითარებული, შესაბამისად, გაჩნდა იდეა, შექმნილიყო „ახალი ნათება“. სახელწოდება და ლოგო მე, ირმა გაბინაშვილმა და ნინო ბურდულმა სპონტანურად შევქმენით.

იქიდან გამომდინარე, რომ 90-იანი წლების საქართველოში მოსახლეობას ელექტროენერგია იშვიათად ჰქონდა, სანათების დეფიციტი არსებობდა. ბაზარზე მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროინდელ, ერევნისა და რიგის ნათურებს შეხვდებოდით, ჩვენ კი „ფილიპსის“ დაბურულ და ეკონათურებზე გავამახვილეთ ყურადღება. შედეგმაც არ დააყოვნა: პროდუქციაზე მოთხოვნა გაჩნდა. საწყის ეტაპზე ელიავას ბაზრობაზე გავხსენით ჯიხური, რომლის ფართობიც სულ რაღაც 1.5 მ2-ს შეადგენდა და გარედან მივამაგრეთ ტრაფარეტი, რომელზეც ჩემი ხელით დავაწერე „ფილიპსი“.

საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბაზრობაზე ჯიხურის არსებობა განვითარების არანაირ პერსპექტივას არ ქმნიდა მაშინ, როდესაც განათების თანამედროვე სისტემებზე საკმაოდ მზარდი მოთხოვნა შეიმჩნეოდა. ამიტომ 1999 წელს დიდუბის ქუჩაზე, მუშთაიდის ბაღთან, „ახალი ნათების“ პირველი მაღაზია-სალონი გაიხსნა. ქართველი მომხმარებლისთვის პირველად სწორედ მაშინ გახდა ხელმისაწვდომი სანათების ფართო სპექტრი.

რა არის „ახალი ნათების“ მთავარი ფილოსოფია?

ალბათ, ინდივიდუალიზმი, გამჭვირვალობა, გულწრფელობა და, რა თქმა უნდა, სიახლისკენ სწრაფვა.

რა პროდუქციას სთავაზობს „ახალი ნათება“ მომხმარებელს დღეს?

კომპანიაში წარმოდგენილია განათების ინდუსტრიის მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა: Philips-ი, Eglo, Artemide, Luceplan-ი, Vistosi, Vibia, Deltalight-ი, Osram-ი, Kolarz-ი, Prolicht-ი, LineaLight-ი, Fumagalli, Opple. 20 000-მდე დასახელების პროდუქცია მოიცავს როგორც საყოფაცხოვრებო და სპეცნათურებს, ასევე, ინტერიერისა და ექსტერიერის მრავალფეროვან სანათებს.

„ახალი ნათების“ მაღაზიებში შეხვდებით პროდუქციას, რომელიც იწარმოება გერმანიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, იტალიაში, პოლონეთში, თურქეთში და ა. შ.

2013 წელს „ახალმა ნათებამ“ კიდევ ერთი ინვესტიცია განახორციელა და გახსნა ავეჯის სალონი „ფორუმი ახალი ნათებისგან“, რომელშიც ნახავთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯს, განათებასა და სხვა აქსესუარებს; მაღაზიაში შეხვდებით ყველა კატეგორიის ავეჯს მისაღები ოთახისთვის, საძინებლისთვის, გარე სივრცეებისთვის. ესაა საოფისე თუ რბილი ავეჯის ფართო არჩევანი. ყველა მათგანი წარმოებულია ავეჯის წამყვანი ბრენდების მიერ თანამედროვე და, რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის გამოყენებით.

როგორ შეაფასებდით ქართულ ბაზარს და ადგილობრივ მომხმარებელს? რა გამოწვევებს აწყდებით და, პირიქით, რა შესაძლებლობებს გიქმნით?

ბაზარი მზარდი და ცვალებადია, თუმცა ვფიქრობ, გამოწვევებს ვპასუხობთ – არ ვზოგავთ დროს, ენერგიასა და სახსრებს იმისთვის, რომ თანამედროვეობას ფეხი ავუწყოთ და განვვითარდეთ. რაც შეეხება მეორე კითხვას, სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ქართველი მომხმარებელი მაღალი გემოვნებითა და ეთიკურობით გამოირჩევა — ეს ფაქტი დიდ სტიმულს გვმატებს და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.

თქვენი აზრით, რა ნიშნით გამოირჩევა „ახალი ნათება“ სხვა კომპანიებისგან?

იმ ოჯახური ატმოსფეროთი, რომელიც კომპანიაში სუფევს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობები. თბილი გარემოს შექმნა გვეხმარება, შევასრულოთ ჩვენი კრედო — შევქმნათ ხარისხიანი პროდუქცია და კომფორტული სერვისი. ვფიქრობ, კმაყოფილი და ბედნიერი თანამშრომლების გარეშე ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: გიორგი ბელქანია

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

რა არის თვითსწორებადი იატაკი და როგორია მისი ფასი ქართულ ბაზარზე?

ფერადი აქცენტებით შექმნილი ინტერიერი კრწანისში – სტუდია „WOM“-ის ნამუშევარი