in

ამბები ქალაქიდან, სადაც მუდამ ბინას იცვლიან – ბროკერი ერნესტ გასპარიანი ნიუ-იორკიდან

ნიუ-იორკელი ბროკერები ალბათ ხშირად გინახავთ – შეიძლება ეს სრულიადაც არ გახსოვთ, თუმცა, ამერიკულ ფილმებში, სადაც მოქმედება ნიუ-იორკში ვითარდება, ხშირად გვხვდება მინიმუმ ერთი პერსონაჟი, რომელიც ბინას ათვალიერებს, ხოლო უძრავი ქონების აგენტი კი მის დარწმუნებას ცდილობს. სულ მცირე, ეს ფაქტიც გვარწმუნებს იმაში, რომ ამ ქალაქში სახლის შერჩევის, ყიდვისა და გაქირავების პროცესი მომხმარებლისთვისაც და ბროკერისთვისაც ერთგვარი ხელოვნებაა.

ეს ამბები ჩვენგან საკმაოდ შორსაა, თუმცა, ნიუ-იორკში მცხოვრები ერნესტ გასპარიანი დაგვეხმარა, გაგვეგო, რა სპეციფიკით ქირაობენ/ყიდულობენ იქაური მომხმარებლები სახლს და როგორია ზოგადად გერქვას უძრავი ქონების აგენტი ნიუ-იორკში?

თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ ერნესტი ამერიკაში მეთერთმეტე წელია ცხოვრობს, მანამდე ის დაბადებიდან საქართველოში ცხოვრობდა. ბროკერობის კუთხით, მას საქართველოში არანაირი გამოცდილება არ ჰქონია. 4 წლის განმავლობაში ერნესტი Georgian Airways-ში ბორტგამყოლად მუშაობდა, რამაც ძალიან დიდი გამოცდილება შესძინა მას. უამრავ ქვეყანაში მოხვედრის შემდეგ, 11 წლის წინ გადაწყვიტა, ნიუ-იორკში წასულიყო.

“ნიუ-იორკი სრულიად სხვა სამყაროა, შეიძლება ითქვას, რომ ცალკე ქვეყანაა, რადგან საერთოდ არ ჰგავს დანარჩენ ამერიკას. ხშირად ხდება ხოლმე, რომ თავად ამერიკელებიც ვერ ახერხებენ აქ ადაპტირებას. როგორც ამბობენ “If you make it in New York City, you will make it anywhere.”

ნიუ-იორკში ჩასვლისთანავე, ერნესტს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ავიაციისგან სრულიად განსხვავებულ, ახალ საქმეში უნდა ეცადა ბედი. მალევე მან უძრავი ქონების ერთ პატარა სააგენტოში დაიწყო მუშაობა ადმინისტრაციულ პოზიციაზე. როგორც თავად გვიამბობს, იმ პერიოდში ყიდვა/გაქირავების პროცესებში სრულიად გაუთვითცნობიერებელი იყო, რადგანაც ნიუ-იორკში ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია. ამ პოზიციაზე 1 წლიანმა მუშაობამ ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვა ერნესტს, რაც მას დღემდე ადგება – ახლა, როცა უკვე ლიცენზირებული ბროკერია.

დღესდღეობით ერნესტი ერთ-ერთ მსხვილ უძრავი ქონების სააგენტოში, Brown Harris Stevens-ში მუშაობს. კომპანია ასრულებს როგორც საბროკერო საქმიანობას, ისე შენობების მენეჯმენტს.

“საქართველოში შესაძლოა, ეს ჯერ კიდევ ახალია, თუმცა, აქ ყველა შენობას ჰყავს მენეჯმენტი. შენობის დასრულებიდან და მისი ზედამხედველობიდან დაწყებული მენეჯმენტი აგვარებს ყველაფერს, რაც შენობის უსაფრთხებასა და საჭიროებებში შედის.”

რაც შეეხება უშუალოდ ბროკერობას, როგორც ერნესტი გვიყვება, საკმაოდ რთული და სპეციფიკური საქმეა. ამ სფეროში ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს მუშაობას, თუმცა, მათი დაახლოებით 90% ამ საქმიანობას საშუალოდ 1 წელიწადში წყვეტს. ერნესტის თქმით, ყველას არ შეუძლია ამ საქმის კეთება, რადგანაც ძალიან ბევრ ადამიანთან მუშაობაა საჭირო, ხშირად იქმნება სტრესული გარემო და, გარდა ამისა, ბროკერის ანაზღაურება საკომისიოებზეა დამოკიდებული. თუკი ბინა არ გაქირავდა ან არ გაიყიდა, ის დრო და ენერგია, რაც ამ საქმიანობაში ჩადო ბროკერმა, არ ანაზღაურდება.

“ბროკერობა ასევე მოიცავს ძალიან ბევრი კანონის ცოდნასა და ბევრი დეტალის გათვალისწინებას. პირველ რიგში, ბროკერის საქმიანობა არ უნდა იყოს დისკრიმინაციული. ამაში ვგულისხმობთ იმას, რომ ბინის აღწერისას და გაქირავება/გაყიდვისას არ უნდა დაიჩაგროს რომელიმე მხარე და ყველას უნდა შეეძლოს მისი ქარობა – არ აქვს მნიშვნელობა კანის ფერს, ორიენტაციას, რელიგიასა და ეროვნებას.”

როგორც ერნესტი გვიამბობს, ბროკერის მთავარი როლი არის ის, რომ სახლს სწორი მარკეტინგი გაუკეთოს და რაც შეიძლება სწრაფად გააქირავოს/გაყიდოს ის. ნიუ-ორკში ნებისმიერი გაყიდული და გაქირავებული ბინა იტვირთება ონლაინ პლატფორმებზე. აქვე მითითებულია ფასიც, თუ რამდენად შეფასდა ეს სახლი ამ პროცესში. როგორც ერნესტი გვიამბობს, სწორედ აქ მითითებული ფასებით განისაზღვება ნიუ-იორკის უბნებში ამა თუ იმ სახლის ფასებიც. ანუ, ამ შემთხვევაში, მომხმარებლებს ყოველთვის აქვთ წარმოდგენა, თუ რა ფასი შეიძლება ღირდეს კონკრეტული მასშტაბის ბინა “აფერ ისთ საიდსა” თუ “დაუნთაუნში”.

კიდევ ერთი საინტერესო თემა, რომელზეც ერნესტმა გვიამბო, ნიუ-იორკის უბნებად დაყოფაა. მანჰეტენს პირობითად ორ ნაწილად ყოფენ – აღმოსავლეთი და დასავლეთი (East Side, West Side). საზღვარი მათ შორის კი მეხუთე ავენიუზე გადის. ამიტომაც, შესაძლოა მოხვდეთ ნიუ-იორკში და ორი ერთი და იგივე ქუჩა შეგხვდეთ, იდენტური მისამართით – თუმცა, მათ აუცილებლად მითითებული ექნებათ “ისთშია” თუ “ვესთში”.

“ყველა უბანი განსხვავდება თავისებურად – გინდ არქიტექტურით, გინდაც ხალხით. უბნები განსხვავდებიან მოთხოვნადობითაც – მაგალითად, “დაუნთაუნი” ახალგაზრდებში ძალიან მოთხოვნადი უბანია, თუნდაც იმიტომ, რომ აქ ბევრი სასწავლო დაწესებულებაა. შესაბამისად, აქ ძალიან პატარა ბინის ქირაობაც კი დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.”

ერნესტი გვიამბობს, რომ ნიუ-იორკში ბინის ქირაობა და ყიდვა ხანგრძლივად არ გრძელდება. აქ სულ გადადიან და გადმოდიან – ნაქირავებ ბინაში მაქსიმუმ 2 წელს ჩერდებიან, შემდეგ კი ახლის ძებნას იწყებენ. ამ ამბავს ბევრი ფაქტორი განაპირობებს..

“ნიუ-იორკში ხშირად სასწავლებლად ჩამოდიან ახალგაზრდები ლონგ აილენდიდან, ქირაობენ ბინას, მაგალითად, დაუნთაუნში. შემდეგ უკვე მეგობარ გოგოსთან ან მეგობარ ბიჭთან ერთად გადადიან რომელიმე სხვა ბინაში. თუკი დაოჯახდებიან, დაუნთაუნიდან პირობითად აფერ ისთ საიდისკენ მიდიან – იქ, სადაც უფრო სიმშვიდეა.”

სწორედ ამ მუდმივი მოძრაობის გამოა, რომ ნიუ-იორკში დღიურად უამრავი ადამიანი ათვალიერებს ბინას და ბროკერებსაც საქმე არ ელევათ. ეს ხშირი გადასვლა კი იმიტომაცაა გასაკვირი, რომ ნიუ-იორკში ბინები ყოველგვარი მოწყობის გარეშე ქირავდება – ანუ, ადამიანები მუდმივად თავისი ავეჯით და ბარგით მოძრაობენ, რაც საკმაოდ არაკომფორტულია. თუმცა, ხშირად ხდება ისეც, რომ სახლიდან სახლამდე ისინი ავეჯს ცვლიან და სწორედ ამიტომაა, რომ ნიუ-იორკის ქუჩებში უამრავ გადაყრილ ავეჯს შეხვდებით.

“საქართველოსგან განსხვავებით, აქ ერთ ბინაში მთელი ცხოვრება არ რჩებიან. ამ მუდმივ მობილობას განაპირობებს აქაური ცხოვრების სტილი. ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანები სამსახურს იცვლიან და სხვა შტატში მიდიან. ასევე, დავაკვირდი ერთ რამესაც: აქ არის ისეთი კომპანიების ოფისები, როგორებიცაა Google, Linkedin, Facebook და ა.შ ამ მათ ხშირად აქვთ რელოკაციის პროცესი, რის გამოც მათ თანამშრომლებს ხშირად უწევთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.”

კიდევ ერთი საკითხია ის, თუ რამდენად აუცილებელია, ბროკერს ინტერიერის დიზაინი ესმოდეს, რაზეც ერნესტი გვპასუხობს, რომ ნამდვილად სასურველია – გამომდინარე იქიდან, რომ სახლები ავეჯის გარეშე ქირავდება, კარგი იქნება, თუ მომხმარებელს აგენტი განუსაზღვრავს, დაეტევა თუ არა კონკრეტულ ფართში მისი ავეჯი, როგორი მოწყობის იქნება სახლი თუკი თავიანთ ავეჯს შემოიტანენ მაცხოვრებლები და როგორი ინტერიერი შეიძლება მოეწყოს ამა თუ იმ ავეჯით.

“აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აქ საკმაოდ დიდი ბინებია საქართველოსთან შედარებით. მაგალითად, ერთსაძინებლიანი ბინა აქ სადღაც 65 კვადრატული მეტრის ფართობისაა, ის მოიცავს: საძინებელს, მისაღებ ოთახს, სამზარეულოს, სველ წერტილს.”

საბოლოო ჯამში, ნიუ-იორკს სახლების გაქირავებისა და გაყიდვის თავისებური სპეციფიკა აქვს – აქ ყველაფერს ენიჭება მნიშვნელობა: ბროკერის გამოცდილებასა და განათლებას, ყიდვა-გაქირავების კანონებს, ეთიკას და ა.შ როგორც ერნესტი გვიამბობს, მანჰეტენი ერთი დიდი კუნძულია – საკმაოდ ძვირადღირებული კუნძული, რომელთანაც უნდა ადაპტირდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთულია მისი ცხოვრების რიტმში ჩაბმა.

მე-19 საუკუნეში აშენებული ფრანგული სახლის თანამედროვე რენოვაცია

Brandpitt – გრაფიკული დიზაინისა და სუბლიმაციური ბეჭდვის კომპანია