in

#სადვიცხოვრო: აპარტამენტი საუცხოო ხედით გუდაურში

Banner M2
Banner M2

ვალენტინი და მისი მეუღლე უკრაინაში მცხოვრები წყვილია. ისინი გატაცებული არიან სნოუბორდზე სრიალით და სწორედ ამ მიზნით ეწვივნენ გუდაურს 7 წლის წინ პირველად. როგორც ჩვენი რესპონდენტები იხსენებენ, მათი აღფრთოვანება გამოიწვია აქაურმა ბუნებამ და სასრიალო ტრასებმა, რომლებიც არც ისე გადატვირთულია ხალხით.

“აქ იყო იდეალური პირობები სნოუბორდით სრიალისთვის. ამას გარდა, ჩვენ მოვიხიბლეთ გემრიელი საკვებით, საინტერესო კულტურით და სტუმართმოყვარე ადგილობრივი მცხოვრებლებით”, – იხსენებს ვალენტინი.

ასე გადაწყვიტა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა გუდაურში უძრავი ქონების შეძენა და მალე ეს გეგმა სისრულეში მოიყვანა. ვალენტინმა და მისმა მეუღლემ ბინა მშენებარე კომპლექსში შეიძინეს და სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობისთვის 6 თვით საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდნენ.

“მშენებარე ბინის შეძენა საკმაოდ დიდი გამოწვევა იყო. არ გვყავდა კვალიფიციური მშენებლები, რომლებიც საპროექტო გეგმასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სწორად წაკითხვას შეძლებდნენ. შესაბამისად, გვიწევდა მათი მუდმივი კონტროლი, ამიტომაც ნახევარი წლით საქართველოში გადმოვედით. ასევე საკმაოდ რთული იყო მასალების მოძიება, ვინაიდან 2014 წელს სამშენებლო მასალების ბაზარი აქ ძალიან მწირი იყო და მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ყველა მაღაზია მოვიარეთ, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ლამაზი და ხარისხიანი საქონლის შეძენა.”

პროექტის პირველადი ვერსიის თანახმად, გეგმაში იყო ორი ორსართულიანი ბინის აშენება, თუმცა, ვალენტინმა და მისმა მეუღლემ სივრცე გააერთიანეს და ერთი დიდი აპარტამენტი მიიღეს.

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, მათ დახმარებისთვის ესმა ხეცურიანს მიმართეს.

“ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვეძებდით დიზაინ სტუდიებს და ბოლოს ესმა ხეცურიანი ვიპოვეთ. ის ძალიან გემოვნებიანი პროფესიონალია. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ გავიცანით იგი. ესმა დაგვეხმარა სხვადასხვა მასალისა და ოსტატების მოძიებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, ვინაიდან ადგილობრვი მცხოვრებლები არ ვართ და წარმოდგენა არ გვქონდა, სად რა გვეყიდა.”

“ჩვენი მიზანი იყო მყუდრო და კომფორტული საცხოვრებლის შექმნა ზამთრის არდადეგებისთვის, სადაც ჩვენი მეგობრების მიღებასაც შევძლებდით. ვფიქრობ, რომ ამ მიზანს საკმაოდ კარგად მივაღწიეთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში და საბოლოო ჯამში, მივიღეთ ნამდვილი მთის სახლი, რომელსაც გააჩნია ულამაზესი სახურავი, ბუხარი და საოცარი ხედები.”

ამ აპარტამენტის ქირაობა შესაძლებელია დღიურად Airbnb პლატფორმის მეშვეობით. დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.

პასტელურ ფერებში შესრულებული პენთჰაუსი ათენში

სამშენებლო ხარისხი, რომელსაც გუნდის ენთუზიაზმი განაპირობებს