in

არტ-დეკოს სტილი ინტერიერში

არტ-დეკო (ან არ-დეკო) 1908-1912 წლებში ჩაისახა, ხოლო განვითარების პიკს 1925 -1935 წლებში მიაღწია. ეს სტილი ხელოვნებასა და დიზაინში არსებული სხვადასხვა მიმდინარეობის საფუძველზე გაჩნდა, მისი ინსპირაციის წყაროდ მოდერნი, ვენური სეცესიონი, ვერკბუნდის გერმანელ დიზაინერთა კავშირი, ჰოლანდიური მოძრაობა „დე სთაილი“, ასევე ფერწერაში მოდერნისტული მოძრაობის აბსტრაქციონიზმი და კუბიზმი ითვლება.

არტ-დეკო“ 1925 წელს საფრანგეთში ჩატარებული „Exposition Internationale des Art Decoratifts et Industriels Modernes – გამოფენიდან იღებს სათავეს, სადაც იმ დროის დეკორატიული ხელოვნების მიღწევები იყო წარმოდგენილი. თვით ტერმინი კი მოგვიანებით 1966 წელს, საფრანგეთის მუზეუმის Musee des arts Decoratifts განახლების დროს გაჩნდა. მანამდე მას „ჯაზურ მოდერნს“ ან „ზიგზაგ მოდერნს“ უწოდებდნენ.

კრიზისისა და ეკონომიკური დეპრესიის მიუხედავად, ის ფუფუნების კულტის დეკლარირებას განაგრძობდა. კინოთეატრების, სასტუმროების, რესტორნების, გემების, სასახლეების, ევროპისა და ამერიკის ფეშენებელური ბინების დაპროექტება და მშენებლობა არტ-დეკოს სტილში ხდებოდა. ეს სტილი მოდას, მხატვრობას, დეკორატიულ და იუველირულ ხელოვნებას, კინემატოგრაფიასაც შეეხო. ის განსაკუთრებით ჰოლივუდმა აიტაცა. არტ-დეკოს პოპულარობის მინელება დიდმა დეპრესიამ გამოიწვია, როცა დაზოგვისკენ სწრაფვამ დიზაინშიც შეაღწია.

არტ-დეკო სხვადასხვა სტილებისა და ეპოქის მომდინარეობების – ეგვიპტური არქაიკის, ინდური ეგზოტიკის და აფრიკული დეკორატივიზმის ნაზავია. მისთვის მომრგვალებული კუთხეები, მკაფიო ვერტიკალური ხაზები და ოვალური ფორმებია დამახასიათებელი. გამოყენებული მასალები ხის ეგზოტიკურ ჯიშებს, პლასტიკურ ლამინატს, მელხიორსა და უჟანგავ ლითონს შეიცავს. არტ-დეკოს ოსტატებმა აქცენტირების საშუალებები შეისწავლეს და ოსტატურად გამოიყენეს. ამ სტილში 1920-1930 იან წლებში აშენებული შენობების ფორმები დღემდე აქტუალურად და მისაბაძად ითვლება. ამ წლების თვალსაჩინო მაგალითია კრაისლერ-ბილდინგის ცათაბჯენი.

არტ-დეკო ელეგანტურობითა და მდიდრული დეკორაციებით გამოირჩევა. ხელწერა მოზაიკასთანაა კომბინირებული, ინკრუსტაცია ჭრასთან. ასეთი კომბინაციები ავეჯში, სკულპტურებსა და მხატვრობაში ნივთების განუმეორებელ ანსამბლს ქმნის. ეს სტილი ნივთებისთვის მცენარეების უნიკალურ ორნამენტებს იყენებს. ის ფუფუნებითა და ორნამენტებით დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით ფუნქციური დიზაინის კონცეფციისკენ გადაიხარა, რომელიც პირველად ბაუჰაუსმა დანერგა. ეს 30-40 იან წლებში მოხდა, როცა ფაშიზმს გამოქცეულმა გერმანელმა დიზაინერებმა თავისი იდეები ამერიკის არტ-დეკოს სკოლასთან გააერთიანა.

ავეჯის გამარტივბული ფორმები უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. აქტიურად გამოიყენებოდა დეკორატიული ელემენტები ზიგზაგების, სამკუთხედების, სიმრგვალეების ფორმით. არტ-დეკოს ავეჯის მასალად ინტერიერში წითელ და შავ ხეს, ასევე ისეთ ტექნოლოგიურ ინოვაციებს იყენებდნენ, როგორიცაა ფერადი მინა.

ავეჯის ელეგანტურობას მასიური სამკუთხა ფორმების წითელი ხის ანათალის დაფარვით აღწევდნენ, რომელსაც ბეჟი ფერის ლაქით ფარავდნენ. სახელურებს ჩვეულებრივი ბრინჯაოსგან ამზადებდნენ. პოპულარული იყო შავისა და თეთრი ლაქის ტანდემი. ლაქის პრიალა ზედაპირიანი ავეჯი ამ სტილის ერთ-ერთი დამახასიათებელი შტრიხია.

არტ-დეკოში გამოყენებულია გეომეტრიული, ფლორისა და ფაუნის ფორმები, ასევე ადამიანების სურეალისტური მონახაზები.

არტ-დეკოს სტილის ეპოქას „შედუღებული რკინის ოქროს ხანას“ უწოდებენ. ახალი არქიტექტორები და დიზაინერები ლითონს არა მხოლოდ კარკასული კონსტრუქციებისთვის, არამედ სავენტილაციო ცხაურების, მოაჯირების, შესასვლელი კარის, ლიფტების, ბუხრის აქსესუარებისთვის და ქუჩის სანათებისთვის იყენებდნენ. ედგარ ბრანდტი (Edgar Brandt) ფრანგული არტ-დეკოს ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად ითვლება. მან  ცივი ლითონის არა მხოლოდ დამორჩილება, არამედ მისგან ნამდვილი შედევრების შექმნა შეძლო. მისი არქიტექტურული და დეკორატიული ჭედვა იმ დროის ყველაზე ლამაზ ნამუშევრად ითვლება. როგორც წესი, მის ჭედურობას დასრულებულ სახეს ბრინჯაოს მოპირკეთება აძლევდა.

ედგარ ბრანდტის ნამუშევარი

ძველი ეგვიპტის, ბერძნული კლასიკის, ფლორისა და ფაუნის ფორმებისა და გეომეტრიული კონსტრუქციების გაერთიანება ედგარ ბრანდტის მდიდრულ და განუმეორებელ სტილს ქმნიდა. ნიუ-იორკში მისი კომპანია „Ferrobrandt“ 1925 წელს აბრეშუმის იმპერატორის ოფისს „Cheney Silk Building“-ს აფორმებს. ეს პირველი ცათამბჯენია მანჰეტენზე, რომელიც არტ-დეკოს სტილში გაფორმდა. მალე ლითონის ოსტატები რკინასა და ბრინჯაოდან ახალ მასალებზე; ფოლადზე, ალუმინზე და ქრომზე გადავიდნენ. ლითონის ელვარე ორნამენტი, მისი მომხიბვლელი სიცივე, სიმტკიცე და ბრწყინვალება არტ-დეკოს დეკორატიული სტილის აუცილებელ ნაკვთად იქცა.

არტ-დეცოს ფერებია თეთრი, სპილოს ძვლის ფერი, ბეჟი, ყავისფერი, ტერაკოტა. ამ სტილის სავიზიტო ბარათად შავ-თეთრის კონტრასტი ითვლება. აქცენტად ხშირად მოზაიკური პანო, ხოლო დეკორაციად გამოყენებულ ნახატებში: წითელი, ფორთოხლისფერი, ოქროსფერი, ლიმონის ფერი, ალისფერი, მეწამული, ღია-ყვითელი, ცისფერი. ამასთან ისინი მონოქრომულ კედლებზე დაიტანება, რომელიც ამ ფერებისთვის ნეიტრალურ ფონს წარმოადგენს. კედლები, როგორც წესი, ერთ ტონშია.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ სამყარო შეიცვალა და არტ-დეკოც ისტორიის ნაწილი გახდა. მე-20 საუკუნის ბოლოდან ის კვლავ ინტერესის სფეროში მოექცა და დიზაინერების ყურადრება მიიქცია. განსაკუთრებით ეს სტილი არაბულ სამყაროს ხიბლავს. დიზაინერები მათთვის კვლავ მდიდრულ და ელიტურ ინტერიერებს ქმნიან არტ-დეკოს სტილში.

ქართველი ინტერიერის დიზაინერები ერთ პლატფორმაზე –  Livo.ge

Arclinea – ლეგენდარული სამზარეულოების მწარმოებელი იტალიური ბრენდი