in

6 ნაბიჯი ბედნიერების მომტანი ინტერიერის შესაქმნელად – შვედური საიდუმლო

შვედური ანდაზის თანახმად, „ბედნიერება იწყება სახლიდან“. განაახლეთ ინტერიერი, სახლში საყვარელი ფერები, არომატები და ხმები შემოუშვით, მოიშორეთ უსარგებლო ნივთები, მოაწესრიგეთ სივრცე, დაამატეთ საყვარელი არტ-ობიექტები და სასურველი სულიერი წონასწორობა არ დააყოვნებს. ზომიერება, გონივრული მოხმარების პრინციპები და საკუთარი უნიკალურობის გააზრება მაქსიმალური კომფორტისკენ მიმავალი გზაა, რომელსაც ბედნიერებისკენ მივყავართ.

დღეს სახლის განახლებისა და მყუდრო ატმოსფეროს შექმნის ეფექტურ საშუალებებს წარმოგიდგენთ.

ნაბიჯი პირველი

  • სახლში ის ნივთები მოიზიდეთ, რომლებიც თქვენს უნიკალურობასა და შინაგან სამყაროს წარმოაჩენს. პერსონალიზირებული ინტერიერი თვითშეფასების ამაღლებასა და ფსიქოლოგიური ბალანსის მოპოვებაში დაგეხმარებათ.
  • მყუდრო სახლში ყოველთვის ზომიერი რაოდენობის ნივთებია. ავეჯის კომპონენტები ფართს არ ტვირთავს, სივრცე მსუბუქი და ჰაეროვანია.
  • მეორე ნახევრის მაძიებელ ადამიანს ინდივიდუალური ინტერიერი ურთიერთობებისათვის უფრო გახსნის, ხოლო შემდგარ წყვილს ახალ გამოცდილებას შემატებს და ყოველდღიურობის გაუმრავალფეროვნებს.

ნაბიჯი მეორე

სააბაზანო პირად სპა-სალონად გადააქციეთ. ის შესანიშნავი ადგილია სულიერი ჰარმონიის მიღწევისათვის. დილით გრილ აბაზანაში ხანმოკლე ჩაწოლა ან კონტრასტული შხაპის მიღება ენერგიით აგავსებთ, ხოლო საღამოს, საყვარელი არომატების თანხლებით, თბილი აბაზანა მოდუნებისა და ძილისთვის მომზადების საშუალებას მოგცემთ. დასვენების ხარისხი  ჩვენს ფიქრებზე პირდაპირაა დამოკიდებული. სმარტფონი გარეთ დატოვეთ, აანთეთ არომატული სანთლები და ცოცხალი მცენარეების ჭვრეტით დატკბით.

სპა-აქსესუარები – სკრაბები, ზეთები, მარილები, სანთლები და ა.შ. შუშის სახუფიან საცავებში მოათავსეთ. მათი მარტივი და მოხდენილი ფორმები სიმშვიდისა და წესრიგის ატმოსფეროს ქმნის. შედარებით დიდი საგნები ღია თაროებზე განათავსეთ. ინტერიერში ესთეტიური კოლორიტის შემოტანისთვის დაწნული კალათები გამოიყენეთ.

ნაბიჯი მესამე

  • უსმინეთ საყვარელ მუსიკას. ის ხშირად სიტყვებზე მძაფრად გამოთქვამს ჩვენს ემოციებს და ჩვენში სიყვარულის გამოხატვის სურვილს აღძრავს. კვლევების თანახმად, ადამიანების უმეტესობა მეორე ნახევარს სწორედ მუსიკის თანხლებით გამოუტყდა სიყვარულში.
  • ეცადეთ მუსიკას თქვენს მეორე ნახევართან ერთად ხშირად უსმინოთ, ასეთი დროის ტარება თქვენს ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს. მშვიდი მუსიკა ორგანიზმში ბედნიერების ჰორმონების დონეს ზრდის. მითუმეტეს თუ ამას “რეტროს” სტილის აუდიოტექნიკის მეშვეობით გააკეთებთ.

ნაბიჯი მეოთხე

განაახლეთ საძინებელი ოთახი. თუ დაკვირვებიხართ რა მყუდროდ და მოშვებულად ვგრძნობთ თავს ხარისხიანი სასტუმროების საძინებლებში? აქ არაფერია ზედმეტი. ყველაფერი დასვენებასა და ძილზეა ორიენტირებული. მთავარი მახასიათებელი სიმარტივეა. ექსპერტები მარტოხელა ადამიანებს ორადგილიანი საწოლის ქონას ურჩევენ. სივრცის მომავალ პარტნიორზე განაწილების შინაგანი მზაობა ურთიერთობებს სითამამეს და გახსნილობას მატებს.

  • საძინებლის მოწყობის საბაზისო პრინციპი სიმეტრიაა. მაგალითისთვის, თუ ტუმბოებს ვდგამთ აუცილებლად ორივე მხარეს და ერთნაერს, ანალოგიურად ვიქცევით მაგიდის სანათების შემთხვევაში.
  • სისუფთავისა და სიახლის განცდა, ხარისხიანი ლეიბი და მისი საკმარისი განი (მინ. 160 სმ).
  • მნიშვნელოვანია საძინებელში სტაციონარული და არა გასაშლელი ლოგინის ქონა. ის სასიცოცხლო ენერგიის ცირკულაციას უწყობს ხელს და წყვილს სტაბილური და მუდმივი ურთიერთობის განცდას უძლიერებს.

ნაბიჯი მეხუთე

შეამცირეთ დალაგების დრო. თანამედროვე ქალები ბევრს მუშაობენ, შედეგად დალაგების ნაკლებსასიამოვნო პროცესს შემდეგისთვის დებენ. საბოლოოდ, დალაგება ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობის ხარჯზე, დასვენების დღეებში უწევთ. ამგვარი ჩაკეტილი წრიდან თავის დაღწევაში სამსახურში გასვლის წინ დალაგების 15 წუთიანი პროცედურა დაგვეხმარება. ყოველდღიური “პროფილაქტიკური დალაგებისთვის” 5-15 წუთის გამოყოფა ბინაში კვირის მანძილზე სისუფთავეს შეინარჩუნებს, ხოლო გენერალური დალაგება 1 საათზე მეტს აღარ გასტანს. პოზიტიური ცვლილებები შედეგს მალე გამოიღებს და პირადი ურთიერთობებისთვის დროს გამოათავისუფლებს.

  • მკაფიოდ გადაწყვიტეთ რა დრო დაგჭირდებათ ყოველდღიური დალაგებისთვის და ტაიმერით ივარჯიშეთ. გაგიკვირდებათ რამდენის მოსწრებაა შესაძლებელი 10-15 წუთში, მთავარია ყურადღება არ გაგეფანტოთ.
  • დალაგების პროცესში სახლის ყველა ბინადარი ჩართეთ.
  • დალაგების აუცილებელი ეტაპი განიავებაა. ამის გარეშე სახლში სისუფთავის განცდას ვერ შექმნით.

ნაბიჯი მეექვსე

გამოიყენეთ ახალი ტექსტილი და საყვარელი ნახატები. ბინის განახლებისთვის დიდი რემონტის ჩატარება არ არის აუცილებელი. აქცენტების განაწილებას და ხასიათის შექმნას ახალი ფარდები, ბალიშები და საყვარელი არტ-ობიექტები შეგაძლებინებთ. ნახატები და პოსტერები, თანამედროვე სტილის გრაფიკა და მომცრო სკულპტურული ობიექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სივრცის იერს, მას სიახლისა და ინტელექტუალურობის აურას მიანიჭებს. შეგიძლიათ უკვე არსებულ ნახატებსა და სურათებს ჩარჩოები შეუცვალოთ. წლის თბილ და მზიან დროს გრილი ელფერის ჰაეროვანი ტექსტილი ინტერიერს აახლებს, ხოლო წლის ცივ პერიოდში თბილი და ცხელი ტონებია მიღებული.

 

 

“L” ფორმის ვილა ბელგიაში

ბინა ცოტნე დადიანის ქუჩაზე – მარიამ ძამაშვილის პროექტი