არსებობს პროფესიული გზები, რომლებიც შემთხვევით იწყება, და არსებობს გზები, რომლებიც ადამიანის მომავალს დაბადებიდან განსაზღვრავს. ბექა ფხაკაძე, სტუდია STIPFOLD-ის დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი სწორედ მეორე კატეგორიას მიეკუთვნება. ბავშვობის ჩანახატებში ჩამალული პირველი გეგმარებებიდან დაწყებული, დღევანდელი ამბიციური პროექტებით დასრულებული, მის საქმიანობას ერთი ბუნებრივი ხაზი აერთიანებს — სურვილი, რომ შექმნას გარემო, რომელსაც მომავალზე აქვს ზემოქმედება.
ბექას კარიერა სწრაფი ტემპით განვითარდა: ის ადრეულ ეტაპზე ჩაერთო საერთაშორისო პროექტებში, შემდეგ საკუთარ სტუდიას ჩაუდგა სათავეში და გამოცდილება ნელ-ნელა იქცა იმ საყრდენად, რომელზეც დღეს მუშაობს. მის პასუხებში აშკარად იკითხება ხედვა, რომელიც ემყარება პირად გამოცდილებას, შეცდომებზე სწავლის პრაქტიკას და იმ მნიშვნელოვან მიგნებას, რომ არქიტექტურში მთავარი მონდომება კი არა, საკუთარი იდეებისადმი ერთგულებაა.
Homeis.ge წარმოგიდგენთ ინტერვიუს არქიტექტორთან, რომლისთვისაც ინდივიდუალური ხედვა, გულწრფელი შემოქმედება და მომავლის ინტერპრეტაცია მთავარი ინსტრუმენტებია. ეს არის საუბარი გადაწყვეტილებებზე, შეცდომებზე, სწავლებაზე, სირთულეებზე და იმ არქიტექტურაზე, რომელიც საკუთარ ავტორსაც სცდება.

ბექა, გვიამბეთ, როდის დაიწყო თქვენი ინტერესი არქიტექტურისადმი?
კონკრეტულ პერიოდს ვერ გამოვყოფ, თუმცა ბავშვობიდან მქონდა შინაგანი რწმენა, რომ არქიტექტორი უნდა გავმხდარიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ოჯახში ამ სფეროსთან კავშირი არავის ჰქონდა. ცოტა ხნის წინ სკოლის ჩანახატებს გადავხედე და აღმოვაჩინე, რომ ჯერ მეორე-მესამე კლასში უკვე არა მხოლოდ სახლის ფასადებს, არამედ გეგმარებებსაც ვხატავდი. დღესაც საინტერესოა ჩემთვის, რატომ დამაინტერესა ამ პროფესიამ იმ გარემოში. შეიძლება ითქვას, ბავშვობის ოცნებას გავყევი და მას დღემდე მივყვები.
როგორ განვითარდა თქვენი კარიერა და რა ეტაპზე ხართ დღეს?
კარიერის დასაწყისში გამიმართლა, რომ ცნობილ საერთაშორისო არქიტექტორებთან ერთად ვმუშაობდი და საინტერესო პროექტებში ჩავერთე. 25 წლის ასაკში საკუთარი კომპანიის დაარსება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, თუმცა დღეს ვფიქრობ, რომ მაშინ ამ ნაბიჯისთვის საჭირო პროფესიული გამოცდილება არ მქონდა. ბევრ რამეს საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობდი. ახლა უკვე ამ გამოცდილებით, საკუთარი შემოქმედებითი გუნდით, მაქვს თავისუფლება და რესურსი, რომ ზუსტად ის ვაკეთო, რაც მსურს. ხშირად მგონია, რომ რეალურად ყველაფერი ახლა იწყება. წინ გაცილებით დიდი გზა მელის.

რა პრინციპებს ეფუძნება თქვენი დიზაინ პროცესი და რა ღირებულებების ასახვას ცდილობთ თქვენს ნამუშევრებში?
ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი არის პროცესით სიამოვნების მიღება და ენთუზიაზმით მუშაობა. არ მჯერა იძულებით გაკეთებული საქმის. საბოლოო პროდუქტში ყოველთვის ჩანს ის ემოცია, რომლითაც პროექტი იქმნება, ამიტომ ვფიქრობ, შემოქმედებითმა ადამიანმა მხოლოდ იმ პროექტებზე უნდა იმუშაოს, რომლებიც საკუთარ ხედვასთან და ამავდროულად, დამკვეთის ინტერესებთან არის თანხვედრაში.
არქიტექტურა საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებას და მომავალს განსაზღვრავს, სწორედ ამიტომ, სასურველია, რომ პროექტები სწორ ღირებულებებს ეფუძნებოდეს. ეს პასუხისმგებლობა მტკიცედ უნდა გააცნობიერო, რომ შენი წვლილით ჩაერთო.
თუ გახსენდებათ პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი გაკვეთილი გასწავლათ და რა გავლენა ჰქონდა მას თქვენს კარიერაზე?
კარიერის დასაწყისში დიდი გამოცდილება იყო სარფის საბაჟოს პროექტზე მუშაობა. ამ პროექტმა ბევრი რამ მასწავლა. მქონდა J.MAYER.H-თან ერთად მუშაობის შესაძლებლობა. პროექტის მაღალ დონეზე შესრულება განაპირობა აღნიშნული კომპანიის სახელმა და ავტორიტეტმა. დიდი კომფორტია არქიტექტორისთვის, როცა შენი შემოქმედებითი გადაწყვეტილებები პროექტის მიხედვით ხორციელდება, რაც რიგ შემთხვევებში, დამატებით სამშენებლო ბიუჯეტს მოითხოვს. ამ შემთხვევაში პროექტს დამატებით ღირებულებას შენი რეპუტაცია და სახელი სძენს, რაც დამკვეთისთვის გადამწყვეტი ხდება.
თქვენი პროექტები ყოველთვის თანამედროვე ტენდენციების შესაბამისია, მაგრამ ამავდროულად უნიკალური. როგორ ახერხებთ ინდივიდუალური ხელწერის შენარჩუნებას?
პასუხი მარტივია, თუმცა შესრულება რთული. პირველ რიგში, გულწრფელი უნდა იყო საკუთარ თავთან. ყველას გვაქვს უნიკალური ხედვა და ინდივიდუალიზმი. ხშირად პასუხებს გარეთ ვეძებთ, როცა სინამდვილეში, ისინი ჩვენშია. შემოქმედებითი ადამიანისთვის მთავარი კრიტერიუმი მაინც ერთია: მოსწონს თუ არა მას ის, რასაც აკეთებს. როგორ მიიღებს ამას სამყარო – ეს მეორე საკითხია. ვერასდროს გამოიცნობ, რა მოეწონება სხვას, მაგრამ თუ აკეთებ იმას, რაც შენთვის არის მოსაწონი, სწორედ ეს ხდება შენი ხელწერის საფუძველი. საბოლოოდ, სხვებიც სწორედ ამ ინდივიდუალიზმს აფასებენ.

რა ამოძრავებს თქვენს შემოქმედებითობას და რა არ გაძლევთ გაჩერების საშუალებას?
მოტივაციას მაძლევს მომავალი – ის, რასაც დღეს ვერ ვხედავთ. წარსულზე და აწმყოზე საუბარი მარტივია, მაგრამ მომავლის პროგნოზირება, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ჩემთვის ყველაზე დიდი ინტერესი სწორედ ეს არის: როგორი ქალაქები გვექნება, როგორ იმოქმედებს დიზაინი ადამიანის ცხოვრების ხარისხზე, რაზე იქნება დაფუძნებული ახალი სივრცეები.
რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რომელსაც პროექტირებისას აწყდებით? როგორ უმკლავდებით გამოწვევებს თქვენს სამუშაო გარემოში?
სირთულეები ბევრია – განათლების დონიდან დაწყებული, პროფესიული კულტურითა და სამშენებლო გარემოთი დასრულებული. თუმცა გამოცდილებამ მასწავლა, რომ გამოწვევების გარეშე – იდეალურ გარემოში, სადაც პრობლემები არ არსებობს – განვითარება შეუძლებელია. როგორც კომპანიას, ასევე ადამიანს, სირთულეები აძლიერებს. რაც მეტია ბარიერი, მით უფრო მძაფრია ჩემთვის გამარჯვების შეგრძნება.

დღევანდელი გადმოსახედიდან, რა რჩევას მისცემდით საკუთარ თავს, როდესაც ჯერ კიდევ დამწყები არქიტექტორი იყავით?
დღეს ვფიქრობ, რომ საკუთარი კომპანიის დაარსებამდე, მეტი საერთაშორისო და პრაქტიკული გამოცდილება უნდა მიმეღო. საწყის ეტაპზე ბევრ რამეს თავიდან ვიგონებდი, მაშინ, როცა ეს უკვე მსოფლიოში ჩამოყალიბებულ პრაქტიკებში არსებობდა. დამწყებ არქიტექტორებსაც იგივე რჩევას მივცემდი: ჯერ მიიღონ ფართო გამოცდილება, დაინახონ სფეროს მრავალფეროვნება და მხოლოდ შემდეგ გადადგან თამამი ნაბიჯი – როცა ზუსტად ეცოდინებათ, სად არის მათი ადგილი ამ ფართო სივრცეში.

რა არის თქვენთვის, როგორც არქიტექტორისთვის, წარმატება?
ვფიქრობ არქიტექტურა მომავლისთვის იქმნება. ამიტომ ჩემთვის წარმატებაა, როცა ჩემი პროექტები ან ხედვები შეიძლება გახდეს საფუძველი იმ მომავალისთვის, რომელსაც ჯერ ვერ ვხედავთ. ჩემს აღქმაში წარმატებული არქიტექტორები ისინი არიან, ვინც დროს უსწრებენ, ქმნიან ახალ მიდგომებს და ახალი ტიპის აზროვნებას. თუ ჩემი ნამუშევარიც ამ პროცესში რაღაც წვლილს შეიტანს, ეს უკვე წარმატებაა.






