in

სან კრისტობალის პროექტი – ლუის ბარაგანის საკულტო ნამუშევარი

Alliance Group
Alliance Group

 

ლუის რამირო ბარაგან მორფინი (Luis Ramiro Barragán Morfín) მეოცე საუკუნეში მოღვაწე ლეგენდარული მექსიკელი არქიტექტორი და ინჟინერი იყო, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სამყარო და მომავალი თაობებისთვის ინსპირაციის წყარო გახდა.  ბარაგანმა 1980 წელს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ჯილდო – პრიცკერის პრემია მოიპოვა, ხოლო მისი სახლი-სტუდია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შედის.

ბარაგანს ძალიან უყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით კი ცხენები, ამიტომ როცა ეგერსტრომების ოჯახმა მეხიკოში მას საცხენოსნო ნაკვეთის დაპროექტება შეუკვეთა თავისი თავლებით, საჯინიბოებითა და ოთხსაძინებლიანი სახლით, არქიტექტორი დავალების შესრულებას განუზომელი ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით შეუდგა.

“სან კრისტობალის თავლებად” წოდებული პროექტი ლუის ბარაგანმა 1966 წელს დახაზა არქიტექტორ ანდრეს კასილასთან (Andrés Casillas) ერთად, უშუალოდ მშენებლობა კი 1967-1968 წლებში მიმდინარეობდა. ნაკვეთისა და სახლის მფლობელი შვედი ფოლკ ეგერსტრომი (Folke S. Egerström) და მისი ოჯახი იყვნენ. პროექტმა მოიცვა მთავარი, Palazzo-ს (სასახლისებური) არქიტექტურული სტილით შესრულებული სახლი, ორსაძინებლიანი სტუმართა სახლი, თავლები და ორი L ფორმის საცურაო აუზი, რომელთაგან ერთი ადამიანებისთვის, ერთი კი ცხენებისთვის იყო განკუთვნილი.

მთავარი სახლის უნიკალური მახასიათებელი ინტერიერისა და ექსტერიერის ჰარმონიული ერთიანობაა. სახლის შესასვლელში ექსტერიერის სივრცე სახლსა და ქუჩას შორის გაყოფილია გრძელი კედლით, რომლის ერთ მხარეს ბაღია, მეორე მხარეს კი სახლის მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი ფრთა. სახლს ქუჩის მხარეს სრულიად უბრალო ფასადი აქვს, საიდანაც მხოლოდ ავტოფარეხისა და ხის მაღალი კარის დანახვაა შესაძლებელი. ბაღი ვერანდის საშუალებით აუზს უკავშირდება, რომლის ბოლოშიც მასში მოცურავეთათვის გამოსაცვლელი ოთახია განთავსებული. პროექტში ექსტერიერი და ინტერიერი ერთმანეთს შუქ-ჩრდილებთან ოსტატური თამაშით უკავშირდება, დაფარული სტრუქტურებისა და დაუფარავი გარეთა სივრცეების საშუალებით.

ლუის ბარაგანის შემოქმედებაში წყალი მნიშვნელოვანი დეტალია. სან კრისტობალის პროექტში ყველა სივრცეს უზადო აურა გააჩნია და ისინი ერთმანეთს უკავშირდებიან აბსტრაქტული სტრუქტურებითა და წყლის გამოყენებით. წყალი ამ პროექტში ბარაგანმა განგრძობითობის კონფეცფიის შემოტანის საშუალებად აქცია და ამ ელემენტით მასში სიმშვიდე და ჰარმონია შემოიტანა. პროექტის მთელ ფართობში ვხვდებით შადრევნებსა და მშვიდ, ცისფერ, ლაჟვარდისფერ ფერთა ტონალობებს, რომლებიც კონტრასტს ქმნიან კაშკაშა თეთრ და ვარდისფერ გარე კედლებთან მიმართებაში. ამავე დროს, შადრევნები და სხვა წყლის „მექანიზმები“ ცხენების აუზებადაც გამოიყენება, რაზეც ბარაგანმა სპეციალურად იმუშავა. „ნაკვეთში მდებარე გუბურის სიღრმე მე თვითონ გამოვთვალე, რათა მასში გამვლელ ცხენს წყალი კუდამდე მისწვდომოდა,“-აღნიშნავდა არქიტექტორი.

 

ეგერსტრომების სახლი ბარაგანის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური ნამუშევარია. განუმეორებელი დისციპლინითა და ძალიან მცირე რაოდენობის არქიტექტურული ელემენტების გამოყენებით მან ისეთი საოცნებო მექსიკური მამულის მიკრო-მოდელი შექმნა, რომელსაც ბავშვობაში თუ წარმოიდგენდა ხოლმე – თავისი სახლით,  ცხენებით, მეგობრული ხეებითა და წყლით. ოცი წლის შემდეგ ბარაგანმა ოცნება აიხდინა და სან კრისტობალის მსგავსი პროექტი საკუთარი თავსთვისაც შექმნა მეხიკოში, ტაკუბაიას რაიონში. ამ ორ პროექტს, ბუნებრივია, ერთმანეთისგან ბევრი დეტალი განასხვავებს, თუმცა ერთი შეხედვითაც მარტივი მისახვედრია, რომ მასზე ერთსა და იმავე ადამიანს აქვს ნამუშევარი.

ფოტოგრაფი: Steve Silverman, Luis Pimentel

წყარო: Archeyes.com

მოამზადა ნინი ლეკიშვილმა

თაჯ-მაჰალი – არქიტექტურით უკვდავყოფილი სიყვარულის ისტორია

როგორ გავაფორმოთ კედლები ნახატებით – Homeis.ge გირჩევთ