in

ესთეტიკით ნასაზრდოები პროდუქტი და ინტერიერის ინდივიდუალური დიზაინი — ინტერვიუ ინანო მუშკუდიანთან

ინანო მუშკუდიანი იტალიაში მოღვაწე პროდუქტისა და ინტერიერის დიზაინერია, რომელიც ამჟამად იტალიის ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში, Vincenzo De Cotiis-ის სტუდიაში მუშაობს და არაერთ პროექტს ხელმძღვანელობს. მისი შემოქმედებითი გზა საკმაოდ საინტერესოდ იწყება და მასში განსაკუთრებულ როლს ხელოვანთა ოჯახი და ის გამორჩეული გარემო თამაშობს, რომელშიც დიზაინერი გაიზარდა. ინანო ცნობილი რეჟისორის, თემურ ჩხეიძისა და საოპერო მომღერლის, თენგიზ მუშკუდიანის შვილიშვილი და მსახიობ ეკა ჩხეიძისა და არქიტექტორ ლევან მუშკუდიანის შვილია. შესაბამისად, ის პატარა ასაკიდანვე ეზიარა ხელოვნების სიყვარულს და ერთდროულად ოცნებობდა ბალერინობაზე, მსახიობობაზე, რეჟისორობაზე, მომღერლობასა და მხატვრობაზე, თუმცა საბოლოოდ, მისი კარიერული გზა დიზაინის ინდუსტრიას დაუკავშირდა და განათლება იტალიაში, პროდუქტისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით მიიღო. ინანოს საინტერესო ცხოვრებასა და მრავალმხრივ გამოცდილებებს თან სდევდა მუდმივი ზრდა, განვითარება და დაუღალავი შრომა, რაც არაერთი გამოწვევის გადალახვაში დაეხმარა. დღევანდელი ინტერვიუ მრავალფეროვან საკითხებს ეხება და ის ინანო მუშკუდიანის დიზაინის ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ, სადაც ოცნებები და მიზნები სრულდება თუ მათთვის დაუღალავად იბრძვი და სირთულეებს არ უშინდები. მაშ ასე, გიზიარებთ ინანო მუშკუდიანის განსხვავებულ და ძალიან საინტერესო ისტორიას…

ინანო, რა გავლენა იქონია თქვენზე ბავშვობამ და იმ შემოქმედებითმა გარემომ, რომელშიც გაიზარდეთ? 

გავიზარდე ისეთ შემოქმედებით გარემოში, როგორი ოჯახიც მყავს და ეს საკმაოდ გაუცნობიერებლად მოხდა. ახლა ვიაზრებ, თუ რამხელა გავლენა იქონია ამ ყველაფერმა ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაზე. ის აქტივობები, რაც ბავშვობიდან მიტაცებდა, ჩემს ოჯახთან პირდაპირ კავშირშია. ხელოვნების გარდა, სხვა არცერთი სფერო არ მაინტერესებდა. ვერ ვიტყვი, რომ ამაზე ვინმემ იმუშავა, უბრალოდ ასე გამოვიდა, ბუნებრივად.

2 წლის ასაკიდან ვხატავ. ჩემი ნებით ვისწავლე ფორტეპიანოზე დაკვრაც, შვიდწლედი დავამთავრე მუსიკალურ სკოლაში. ვთამაშობდი სამეფო უბნის თეატრში, სპექტაკლებში ვიღებდი მონაწილეობას (მგონი, 11 წლის ვიყავი მაშინ). თეატრი და მისი სუნი დღემდე რაღაც განსაკუთრებულ ემოციას იწვევს ჩემში, რაც დედას დამსახურებაა.

6 წლისამ მაკა მახარაძის საბალეტო სტუდიაში დავიწყე სიარული. ოპერაში გვქონდა ხოლმე დადგმები — „მძინარე მზეთუნახავი“, „მაკნატუნა“. ბალერინობაზე თითქმის მთელი ბავშვობა ვოცნებობდი. მსახიობობაც მინდოდა, მომღერლობაც, კომპოზიტორობაც, მხატვრობაც. შეიძლება ითქვას, ხელოვნების ყველა მიმართულება მაინტერესებდა.

სკოლა რომ დავამთავრე, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება მინდოდა, თუმცა საბოლოოდ, ბიზნეს სკოლაში მოვხვდი. თავიდანვე ვიცოდი, მსგავს სფეროში ვერ ვიმუშავებდი. არ მაინტერესებდა ეკონომიკა და ფინანსები, მაგრამ ტექნიკური საგნები მეხერხებოდა და რატომღაც, ბოლოს საბუთები კავკასიის ბიზნეს სკოლაში შევიტანე…

შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი გზა? როგორ მოხვდით დიზაინის სამყაროში, რომელშიც მოგვიანებით აღმოჩნდით? გვიამბეთ ამ გამოცდილების შესახებ

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, „მილიმეტრ ფილმსში“ დავიწყე მუშაობა დირექტორის თანაშემწედ. მიუხედავად იმისა, რომ ფინანსური და ადმინისტრაციული საქმე მებარა, სცენარებში უფრო მეტს ვიქექებოდი, ვიდრე სხვა საბუთებში და მგონი, იქ დავრწმუნდი პირველად, რომ პროფესია უნდა შემეცვალა. რამდენიმე წელი „ოპერა დიზაინში“ ვიმუშავე გაყიდვების მენეჯერად. სამსახურიდან მოვხვდი იტალიის რამდენიმე წამყვან კომპანიაში, სადაც 2-3 ტრენინგი გავიარე და მივხვდი, რომ დიზაინში ბედი უნდა მეცადა.

ასე გადავწყვიტე რომის აკადემიაში ჩაბარება ინტერიერისა და დიზაინის საბაკალავრო საფეხურზე. არ ვიცოდი, რომელი უფრო მაინტერესებდა, ამიტომ ორივე სფერო ერთდროულად გავიარე, დღეს კი ორივე მიმართულებით ვმუშაობ. საკმაოდ გამიმარტივდა პროფესიის შეცვლა, რადგან ძალიან მაინტერესებდა დიზაინი და სხვა სფეროში მუშაობა არ მინდოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ეს არჩევანი არ იყო დაგვიანებული, რადგან 23 წლის ვიყავი. ამ ასაკში კი ცოტა ადამიანმა იცის დანამდვილებით, რისი კეთება აინტერესებს ან შეუძლია. ვფიქრობ, საკმაოდ პატარა ვიყავი მაშინ, როდესაც არჩევანის გაკეთება მომიწია და ბიზნეს ადმინისტრაციის ფაკულტეტზე აღმოვჩნდი. 17 წლის მოზარდი, ჩემი აზრით,  სამომავლო გზებს არ უნდა ირჩევდეს, რადგან შემდეგ აზრის შეცვლა და სხვა გზით წასვლა ზოგჯერ მარტივი აღარ არის.

მე ადვილად გადავუხვიე გზიდან, ალბათ იმიტომ, რომ თავიდანვე საკმაოდ უგულოდ მივყვებოდი ჩემს საქმეს და ვიცოდი, მალევე შევიცვლიდი პროფესიას. რომში ჩასვლა და იქ უნივერსიტეტში ჩაბარება რთული იმ მხრივ იყო, რომ სწავლა უმეტესად იტალიურად მიმდინარეობდა. ამას გარდა, ყველა ჩემმა ჯგუფელმა, აქაური სკოლის სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროგრამების გამოყენება და ხატვა უკვე იცოდა. ასევე, პირველი და მეორე კურსის პროგრამაზე ერთდროულად ჩავეწერე, რათა დრო არ დამეკარგა. მეორე წელს ბოლო კურსის პროგრამა გავიარე, თან სამაგისტრო პროექტი გავაკეთე და დიპლომი დავიცავი. ეს ორი წელი რთული იყო, მაგრამ მახსოვს, ისეთი ბედნიერი, ინტერესით აღსავსე და კმაყოფილი ვიყავი, არცერთი წამი არ შევუწუხებივარ უსასრულო უძილო ღამეებს.

როგორ ფიქრობთ, თქვენი შემთხვევა გამონაკლისია თუ ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი დიზაინის სფეროში საქმიანობის დაწყება? რა არის ამ შემთხვევაში ყველაზე მთავარი?

არ მგონია, რომ ჩემი შემთხვევა გამონაკლისია, პირიქით. საქმე თუ გაინტერესებს და გამოგდის, ასაკს რა მნიშვნელობა აქვს?! სწავლა გვიანი არასდროს არის. რა თქმა უნდა, რაც უფრო გვიან იწყებ, მით მეტი შრომა გიწევს, რათა მცირე დროში ბევრი მოასწრო და დაეწიო ახალ მიდგომებს. მაგრამ დიზაინი ისეთი თავისუფალი და ფართო სფეროა, რომ შეგიძლია ყოველთვის გამონახო გზა ნებისმიერი დაბრკოლების გადასალახად. მთავარია მონდომება, ხედვა და ფიქრი დიზაინს მიღმა. ვფიქრობ, ველა დიზაინი შემდგარია თუ ის კითხვას „რატომ“ სცემს პასუხს.

შემდეგ როგორ განვითარდა თქვენი კარიერა დიზაინის მიმართულებით?  

რომში სწავლის დასრულების მერე თბილისში დავბრუნდი და მამაჩემის, არქიტექტორ ლევან მუშკუდიანის არქიტექტურულ ფირმაში დავიწყე მუშაობა რამდენიმე თვით, რის შემდეგად მაგისტრატურაზე ჩავაბარე  მილანის უნივერსიტეტში „ნაბა“ ინტერიერის და დიზაინის მიმართულებით.

სწავლის პერიოდში ბევრი სტაჟირება გავიარე რადიკალურად განსხვავებულ სტუდიებში, რათა განსხვავება კარგად დამენახა და მალე გამეგო, რა სტილითა თუ მიმართულებით მსურდა გამეგრძელებინა დიზაინი. ეს საკმაოდ ფართო სფეროა და მრავალი სახის არსებობს — ინდუსტრიული, კოლექციური, ინტერიერის… ამიტომ მინდოდა, ზუსტად მცოდნოდა, რა მაინტერესებდა.

პირველი სტაჟირება პატარა სტუდიას უკავშირდება, სადაც ინდუსტრიული დიზაინის მიმართულებით ვმუშაობდით და მასიურ წარმოებაზე გათვლილ პროექტებს ვაკეთებდით. მეორე სტაჟირება ყველაზე დიდ სამშენებლო კომპანიაში გავიარე, სადაც ლანდშაფტის დიზაინი და არქიტექტურა იყო მთავარი მიმართულება. ამის შემდეგ ვიმუშავე ჩემს მაშინდელ ფავორიტ დიზაინერთან, მის პატარა სახელოსნოში, მილანში. რომელთანაც ასე უბრალოდ მივედი, პორტფოლიო დავუტოვე, მან კი მეორე დღეს დამირეკა და სამსახურში ამიყვანა. რამდენიმე თვის შემდეგ სხვა შემოთავაზება მივიღე და იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ბევრად დინამიკური და მრავლისმომცველი იყო, სამსახური შევიცვალე და კომპანია „პიზა“-ს არტ დირექტორის თანაშემწე გავხდი.

„პიზა“ უდიდესი სამკაულების და საათების ბრენდების ქსელია, რომელიც „პატეკ ფილიპს“, „როლექსს“, „დე გრიზოგონოს“ და მსგავს ბრენდებს მოიცავს. აქ მუშაობით უდიდესი და მრავალმხრივი გამოცდილება მივიღე, რადგან მაღაზიების დიზაინი, ავეჯის კეთება, გრაფიკაზე მუშაობა, მშენებლობის მართვა და მუშა ნახაზების კეთება ერთდროულად მიწევდა. სტუდიაში მარტო ვიყავი და დამხმარე პერსონალი საერთოდ არ მყავდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს წელიწად-ნახევრიანი სამუშაო გამოცდილება მაგისტრატურის დიდ ნაწილს უდრიდა კიდეც, რამაც უდიდესი ცოდნა და პრაქტიკა შემძინა.

თქვენს კარიერაში ალბათ მნიშვნელოვანი ეტაპია Vincenzo De Cotiis-ის სტუდიაში მუშაობა, როგორ მოხვდით ამ გარემოში და რით არის ეს სივრცე თქვენთვის გამორჩეული? 

სტუდიაში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. 6 წლის წინ გასაუბრებაზე მივედი, როგორც ინტერიერის დიზაინერი. მას შემდეგ 5 პოზიცია გამოვიცვალე, ნელ- ნელა პასუხისმგებლობა მომემატა და დღეს უკვე დირექტორი ვარ. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. აბსოლუტურად ყველა დიზაინი, წარმოების პროცესი, პროექტის შეთავაზება, კლიენტი, გადაწყვეტილება, გამოსავალი, ფინანსური თუ ადამიანური რესურსების მართვა მე მევალება.

სტუდია „დე კოტისი“ ძალიან საინტერესო და განსაკუთრებული სივრცეა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და დეტალებს არ ჩავუღრმავდე, დღესდღეობით ყველა კონტინენტზე გვყავს მომხმარებელი, პროექტების მოთხოვნების რაოდენობა კი დღითი-დღე იზრდება. შესაბამისად, აქ მუშაობა უდიდეს ძალისხმევას, კონცენტრაციას, გამუდმებით ტონუსში ყოფნას, უზომო სიფრთხილეს და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ძალიან რთულია, მაგრამ სტრესის მიუხედავად, ზუსტად ამიტომ ყველაზე სასიამოვნოა დღის წარმატებით დასრულება.

ძალიან გამორჩეული, შეიძლება ითქვას, უჩვეულო სამუშაო გარემოა ჩვენთან, რადგან ყველა ნივთი სახელოსნოში ხელოვნების ნიმუშივით იქმნება. ამას გარდა, მასალების მეორადი გამოყენებისა და გადამუშავების მიმართულებით ვმუშაობთ და სახელოსნოში სხვადასხვა ექსპერიმენტს ვახორციელებთ, რასაც დღევანდელ ბაზარზე ძალიან ცოტა კომპანია აკეთებს, მითუმეტეს ასეთი ხარისხით.

Private Residence in Germany

თქვენ მსოფლიოს დიზაინის ცენტრში, იტალიაში მოღვაწეობთ. ალბათ რთულია ამ გარემოს შემდეგ ქართულ სივრცეში მუშაობა. როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია სრულფასოვანი დიზაინ პროდუქტის შექმნა საქართველოში?

ძალიან ბევრს ვფიქრობ ამაზე და მგონია, საქართველოში სრულფასოვნად რამის შექმნა ფაქტობრივად შეუძლებელია, რაზეც ძალიან მწყდება გული. ვგულისხმობ იმას, რომ ჩანაფიქრის მიხედვით პროექტს ვერ ახორციელებ. ბევრი წინაღობა გხვდება ქართულ ბაზარზე, რის გამოც დათმობებზე წასვლა გიწევს. საქართველოში დანადგარის, მასალის, ხელოსნის უკიდეგანო დეფიციტია. მესამე პროექტს ვაკეთებ თბილისში და იმდენ პრობლემას გადავაწყდი, რომ ფაქტობრივად ვერაფერი გავაკეთე ისე, როგორც მინდოდა. თითქმის ყველა ელემენტი და იდეა, საბოლოო ჯამში, სახეცვლილია, სხვადასხვა მიზეზის გამო მიწევს კომპრომისზე წასვლა. საბოლოოდ, გამოსავალს ვპოულობ და რაღაც შედეგს ვიღებ, მაგრამ იძულებული ვარ, არჩეული მასალა ჩავანაცვლო, ტექნიკური ელემენტები გავამარტივო, ფორმები და სტილი შევცვალო, იმიტომ, რომ სამუშაო პროცესები გავაადვილო.

ბაზარზე მიწოდება ძალიან მცირეა და მგონია, ამის გამო არ არის მოთხოვნაც. ამის გარდა, პროფესიონალი ხელოსნის პოვნაც ძალიან რთულია. ესეც მოთხოვნის ნაკლებობის ბრალია ალბათ.  სამწუხაროა, რომ ეს დიზაინსა და დიზაინერებს ძალიან ზღუდავს და მუშაობაში ხელს უშლის.

დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე საქართველოში დავბრუნდე და დიდი სახელოსნო გავაკეთო, სადაც სხვადასხვა მასალაზე გათვლილი დანადგარი იქნება ხელმისაწვდომი და შესაბამისად, წარმოებაც შესაძლებელი გახდება. ვფიქრობ, სწორად გათვლილი ინვესტიციით, შეიძლება თუნდაც იტალიიდან პერიოდულად ჩამოვიდნენ სხვადასხვა დარგის პროფესიონალები და პატარა „ვორქშოპები“ ჩაუტარონ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამა თუ იმ ხელობის სწავლა და დახვეწა სურთ. დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან ამბიციური და აბსტრაქტული გეგმაა, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ამის მოხერხება შეიძლება. მთავარია ამ სფეროთი დაინტერესებული სწორი პირების მოძიება და ცხადია, ინვესტორების პოვნა.

ვისაუბროთ შემოქმედებით პროცესზე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ სიზმრებს, მუშაობის პროცესში რამდენად იღებთ მათგან შთაგონებას? ძირითადად საიდან და როგორ იბადება თქვენს შემთხვევაში იდეა?

მიუხედავად იმისა, რომ  სიზმრები ჩემივე წარმოსახვის უნარს სცდება, სიზმრიდან იდეა არასდროს მომსვლია. იდეები რეალური სამყაროდან უფრო იბადება, კონკრეტული წყარო არ მაქვს. შეიძლება რაიმე თემაზე ფიქრმა მოიტანოს იდეა, რომელიც დიზაინთან პირდაპირ კავშირში არ არის. ზოგჯერ რაღაც ფორმას დაინახავ და იდეაც იბადება. ვერ ავხსნი ამ პროცესს, საკმაოდ გაუაზრებელია და ქვეცნობიერის დონეზე მიმდინარეობს…

როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია მატერიალურ საგანში მეტაფიზიკური საწყისების ამოკითხვა? თავად თქვენ, თქვენს შემოქმედებაში ცდილობთ თუ არა კონკრეტული იდეისა თუ კონტექსტის გამოხატვას?

ზედმეტად პოეტური და იდეურად დატვირთული ხელოვნება არ მომწონს. მგონია და მჯერა, რომ ხელოვნების შექმნისას გონება თავისუფალი უნდა იყოს. ზედმეტი ფიქრი და მცდელობა იმისა, რომ რაიმე სიღრმისეული ჩაიდოს ნამუშევარში, ყოველთვის ჩანს და ნაშრომს აუფასურებს. საერთოდ, ვთვლი, რომ პირველივე აზრი და იდეა ყოველთვის უფრო ამართლებს, ვიდრე ნაფიქრი და გადააზრებული, ბევრჯერ გადაკეთებული პროექტი. მქონია შემთხვევა, 4-5ჯერ შემიცვლია ნამუშევარი და საბოლოოდ, პირველს დავბრუნებივარ. შესაბამისად, პროექტს რომ ვაკეთებ, ვცდილობ, თავდაპირველი სახით დავტოვო და პირველადი ჩანაფიქრის მიხედვით გავაკეთო. რა თქმა უნდა, კონცეფციის ეტაპის შემდეგ ტექნიკური გაუმართაობების გაკეთება და დეტალების გაუმჯობესებაა საჭირო.

თქვენს რომელ ნამუშევრებსა და პროექტებს გამოარჩევდით და რატომ? 

გამორჩეულად მიყვარს ჩემი მაგისტრატურის სადიპლომო ნაშრომი. ეს არის სახლი ათლეტისთვის, რომლის მთელი არქიტექტურა დაფუძნებულია მოძრაობასა და ვარჯიშზე. სახლი სიგრძეში, სიგანესა და სიმაღლეში 8 მეტრია. საცხოვრებელში არ გვხვდება სტანდარტული ოთახების განლაგება, სივრციდან სივრცეში გადადიხარ, თითოეული მათგანი კი ფუნქციურია. უხეშად რომ ვთქვათ, ერთი წერტილიდან მეორეში მისასვლელად წინაღობებს გადიხარ. ხოლო ეს წინაღობები სხვადასხვა ვარჯიშია. შეიძლება ითქვას, ოთახებს შორის მოძრაობასთან ერთად, ვარჯიშობ. ცხადია, ეს ძალიან კონცეპტუალური პროექტია, მაგრამ ბევრი იდეა და ჩანაფიქრია ამ პროექტს მიღმა, დიდი კვლევა გავაკეთე, ამიტომ ეს ნამუშევარი ჩემთვის გამორჩეულია. სხვათა შორის, დიდი სიამოვნებით ვაქცევდი ამ პროექტს რეალობად, დიპლომის დაცვაზე ამ სახლის ლოკაციად ჭაუხების ერთ-ერთი მთის ფერდობი მქონდა არჩეული.

რეალიზებული პროექტებიდან გამოვარჩევ „FH“ ბრენდის ახალ მაღაზიას. ეს პირველი დამოუკიდებელი პროექტია საქართველოში, რომელიც ჩემს კოლეგასთან, თაკო ქინქლაძესთან ერთად გავაკეთე. უამრავი დაბრკოლების და შეზღუდვის მიუხედავად, ეს მაღაზია ზუსტად ისეთია, როგორიც ჩანაფიქრში გვქონდა. დიზაინის ყველა ელემენტი ხელით არის აწყობილი, ტექნიკური განათების გარდა, ყველაფერი სპეციალურად ამ მაღაზიისთვის შეიქმნა და ინტერიერს მოერგო.

მაგალითად, მთავარ შესასვლელში, დიდი ხელნაკეთი ჭაღი კიდია. დაპროექტებას რომ მოვრჩი, ისეთი ხელოსანი ვერაფრით ვნახე, ვინც ასეთ სანათს გააკეთებდა და საბოლოო ჯამში, ეს საქმე მამამ ითავა. მას თავად აქვს პატარა სახელოსნო, სადაც ხშირად თავისი პროექტებისთვის სხვადასხვა დიზაინს ქმნის. საჭირო მოცემულობის LED განათების მოსაძიებლად პარიზში წასვლაც კი მოუწია, სამაგიეროდ, საბოლოო შედეგი ძალიან კარგი მივიღეთ.

საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენა მარადიულ კითხვაზე: ესთეტიკა თუ ფუნქცია? შემოქმედებით პროცესში თქვენთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია და რამდენად არის შესაძლებელი ბალანსის მიღწევა ამ დროს?  

ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ  რას ვაკეთებ. ზოგადად, მე უფრო ესთეტი ვარ, ვიდრე ტექნიკოსი. ყოველთვის ესთეტიკით ვიწყებ ფიქრს და ფუნქციურობაზე შემდეგ გადავდივარ. ეს იმიტომ ხდება, რომ ძირითადად ავეჯისა და განათების დიზაინზე ვმუშაობ, ან ინტერიერზე. ავეჯის კეთებისას, თავდაპირველად, მის იერსახეზე, სილამაზესა და განსხვავებულ კონცეფციაზე ვფიქრობ – ისეთ რამეს მინდა მივაგნო, რაც აქამდე არ გაკეთებულა. ძალიან  მიყვარს განათების დიზაინიც, რადგან ფართო სფეროა და უსასრულო ვარიაციების საშუალებას იძლევა. ნათურა სად, როგორ გავაკეთო და რამდენ კილოვატიანი იქნება, ამაზე ბოლოს ვფიქრობ. მგონია, ტექნიკურ გამოსავალს ყოველთვის მონახავ, მთავარია, იდეა იყოს საინტერესო. ეს, რა თქმა უნდა, ჩემი აზრია და ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ ინდუსტრიულ დიზაინს ნაკლებად ვაკეთებ, კოლექტიური დიზაინის მომხრე უფრო ვარ. ჩემთვის ბევრად საინტერესოა ერთი ხელნაკეთი ავეჯის შექმნა, ვიდრე კომპანიის მიერ წარმოებული სანათების სერია. ესეც ალბათ „დე კოტისში“ მუშაობამ მასწავლა, თუმცა ინდუსტრიული ხედვა არც მანამდე მქონია.

როგორ ხედავთ პროდუქტის დიზაინის მომავალს თანამედროვე სამყაროში? რა მიმართულებით ვითარდება ის და რა მნიშვნელობას იძენს?

ჩემი აზრით, ინდუსტრიალიზაციის განხრა საკმაოდ უკანა ფლანგზეა გადასული. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, დიზაინის სამყარო, სავარაუდოდ, ორად გაიყოფა — ხელოვნური ინტელექტის ციფრული დიზაინი და ადამიანის ხელნაკეთი დიზაინი. ეს ძალიან საინტერესო და ორი კონტრასტული სამყაროა, რომლებშიც, ჩემი აზრით, მონაწილეობის მიღება აუცილებელია.

დიზაინზე მუშაობისას ხელოვნურ ინტელექტს განზრახ არ ვიყენებ, თუმცა სიზმრების შექმნაში ძალიან მეხმარება. საწყის ეტაპზე ვარ ამ სფეროში, მისი სრულყოფილად შესწავლა დიდ დროს მოითხოვს, თუმცა როდესაც მცალია, ვცდილობ, ჩემს საქმეში სასარგებლოდ გამოვიყენო. ამასთანავე მგონია, რომ  პირველ რიგში, ხელოვნური ინტელექტი დროის უდიდეს ეკონომიას გვთავაზობს, რაც ჩემთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში მთავარი პრობლემაა.

დაბოლოს, გვიამბეთ თქვენს ამჟამინდელ და სამომავლო გეგმებზე 

საკმაოდ ჩამოყალიბებული მქონდა სამომავლო გეგმები, მაგრამ ყველაფერი აირია, როდესაც დირექტორად დავინიშნე. ეს ძალიან მოულოდნელი იყო და ვერც წარმოვიდგენდი ამგვარ განვითარებას. ძირითადად, ასე მემართება სულ – რაც მგონია, რომ მოხდება, იმის საპირისპიროდ ვითარდება მოვლენები. დღეს ვიცი, რომ კიდევ რამდენიმე წელი „დე კოტისში“ ვიმუშავებ და ამის პარალელურად მაქსიმალურად ბევრ პროექტს გავაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამსახური თავისთავად კიდევ უფრო დიდი გამოცდილებაა, დიდი სიამოვნებით დავუთმობდი დროის დიდ ნაწილს პირად პროექტებს.

იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით ორივეს ერთდროულად ვახერხებ, სტაბილურად ვარ ამ ეტაპზე. სამსახურიდან რომ ვბრუნდები, გარე პროექტებზე ვმუშაობ, ამჟამად თბილისში. იმედია მალე ევროპაშიც მექნება ამ რაოდენობის დამოუკიდებელი პროექტები. დიდი სიამოვნებით გავაკეთებდი საკუთარ სტუდიას და საქმის შესაბამისად, მილანსა და თბილისში ვივლიდი. ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ თბილისში დაბრუნებას მხოლოდ ორ კვირიანი შვებულების დროს ვახერხებ უკვე 12 წელია… იმედია, რამდენიმე წელიწადში საკუთარი სტუდიის ჩამოყალიბებას შევძლებ და უფრო თავისუფალი გრაფიკი მექნება. ვნახოთ… ბევრ გეგმაზე აღარ ვფიქრობ, მაინც ორი სავარაუდო ვარიანტიდან მესამე ხდება ხოლმე სულ….

ავტორი: მეკო მეტრეველი

სან კრისტობალის პროექტი – ლუის ბარაგანის საკულტო ნამუშევარი

AGA – შვედური ბრენდი, რომელმაც მზარეულების ცხოვრება შეცვალა