in

ბერტოლდ ლუბეტკინი – თბილისში დაბადებული ებრაელი არქიტექტორი

1930-იან წლებში ნაციზმის გავრცელებისგან თავის დასაცავად გაერთიანებულ სამეფოში ბევრი ლტოლვილი ჩავიდა. ლტოლვილთა და მიგრანტთა შორის ათასობით ნიჭიერი და შემოქმედებითი ბუნების ადამიანი იყო. 1939 წლისთვის დიდ ბრიტანეთში გერმანიიდან, ავსტრიიდან, რუსეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან 300-ზე მეტი მოდერნისტი არქიტექტორი დასახლდა. მათგან ყველაზე ცნობილები ვალტერ გროპიუსი, მარსელ ბრეიერი, ერიხ მენდელსონი და ბერტოლდ ლუბეტკინი იყვნენ. ასევე იყო მრავალი ებრაელი ლტოლვილი.

მისი მრავალი თანამედროვისგან განსხვავებით, რომელთა უმეტესობამ საქმიანობა აშშ-ში გააგრძელა, თბილისში დაბადებულმა ბერტოლდ ლუბეტკინმა ინგლისში დარჩენა არჩია და ეს ქვეყანა სიკვდილის ბოლომდე, მომდევნო 60 წლის განმავლობაში მისი სახლი იყო. საქართველოში დაბადებულმა ლუბეტკინმა ჩამოყალიბების მრავალი წელი რუსეთში გაატარა. მძვინვარე სოციალისტი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ხელოვნებასა და არქიტექტურას სოციალური განახლების მხარდაჭერისა და პოლიტიკური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად აღიქვამდა.

1931 წელს, ბრიტანეთში დასახლებამდე, ლუბეტკინმა ათწლეულები გაატარა ევროპის შესწავლაში, ცოდნის გაღრმავებასა და თანამედროვე მოძრაობის მრავალი უდიდესი არქიტექტორის, მათ შორის ვილჰელმ ვორინგერის, ლე კორბუზიესა და ოგიუსტ პერეს ხელმძღვანელობით სწავლაში.

1922 წელს, რუსეთიდან წასვლისას, მისი მიზანი იყო ევროპაში გამგზავრება და საჭირო ტექნიკური განათლების მიღება, რაც მას საშუალებას მისცემდა, სახლში დაბრუნებულიყო და პირველი რეალური სოციალისტური საზოგადოების მშენებლობის ნაწილი გამხდარიყო. თუმცა, ათი წლის შემდეგ, როდესაც ის თავის სახლში – მოსკოვში დასაბრუნებლად უკვე მზად იყო, აღმოჩნდა, რომ სტალინის სსრკ მისი იდეოლოგიებისგან განსხვავდებოდა. ასე რომ, მან გეზი ინგლისისკენ აიღო.

ბრიტანეთში ჩასვლისას ლუბეტკინმა აღმოაჩინა, რომ მოდერნიზმს აქ ფესვები ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადგმული. მან გაერთიანებულ სამეფოში თავისი მოდერნისტული ხედვა სოციალურ და პოლიტიკურ შეხედულებებთან ერთად შემოიტანა. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ინგლისის ახალი საავადმყოფოები და სოციალური საცხოვრებლები უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ შენობები.

1933 პარტნიორული ფირმის – Tecton-ის დაარსების შემდეგ, ლუბეტკინს ლონდონის ზოოპარკმა გორილების დასაბინავებლად გალიის შექმნა დაავალა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მოდერნისტული შენობა, რომელიც ბრიტანეთში აშენდა. თუმცა, პინგვინების აუზი, რომელიც იმავე ზოოპარკში დაპროექტდა და 1934 წელს გაიხსნა, იყო და რჩება მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად.

გალია გორილებისთვის

ამის შემდეგ ლუბეტკინმა და Tecton-ის გუნდმა Highpoint One-ის აპარტამენტების პროექტებზე მუშაობა დაიწყეს. სოციალური საცხოვრებლის, კომუნალური ცხოვრებისა და ბინების ბლოკების კონცეფცია ინგლისისთვის ახალი იყო, ასე რომ, როდესაც ზიგმუნდ გეშტეტნერმა ქარხნის მუშაკებისთვის სახლების აშენება შეუკვეთა, ლუბტკინი თავისი იდეების განხორციელებას შეუდგა. შედეგი იყო ჩრდილოეთ ლონდონის ბორცვზე აშენებული კაშკაშა თეთრი შვიდსართულიანი ჯვრის ფორმის კორპუსი, რომელიც სამოცდაოთხ აპარტამენტს მოიცავს.

ლუბეტკინმა კორპუსი ისე დააპროექტა, რომ თითოეულ ბინაში არსებულ მისაღებ ოთახს თუნდაც მცირე რაოდენობით მზის შუქის მიღება შესძლებოდა.

Highpoint One

როდესაც ლე კორბუზიე 1935 წელს Highpoint One-ს ეწვია, მან აღნიშნა: „ეს მშვენიერი შენობა ბადებს პრინციპულ კითხვას: დაცული უნდა იქნას ტრადიცია თუ უნდა დაირღვეს იგი? ამ კითხვას ჩემი პირადი აზრის დაფიქსირებით უყოყმანოდ ვპასუხობ: უნდა შეიქმნას ახალი ტრადიცია… დიდი ხანი ვოცნებობდი, რომ კაცობრიობის სასიკეთოდ ასეთი საცხოვრებელი შექმნილიყო. ეს შენობა პირველი რანგის მიღწევაა.“

სამწუხაროდ, გეშტეტნერის მუშაკებს საცხოვრებელი არასოდეს გამოუყენებიათ. თუმცა, ეს შენობა თავიდანვე იზიდავდა მოიჯარეებს, რომლებსაც ამ ულამაზეს კორპუსში ცხოვრება სურდათ.

შემდეგი იყო ფინსბერის რაიონი, სადაც ადგილობრივმა მემარცხენე საბჭომ, რომლის იდეალებსაც ლუბეტკინი იზიარებდა, არქიტექტორს ჯანდაცვის ცენტრის დაპროექტება და აშენება დაავალა. 1938 წელს აშენებული ფინსბერის ჯანმრთელობის ცენტრი დღემდე ფუნქციონირებს. ადამიანებში ოპტიმიზმის აღსაძვრელად ინტერიერში ნათელი ფერები იყო გამოყენებული.

ჯანმრთელობის ცენტრი ფინსბერიში

Spa Green საცხოვრებელი ბერტოლდ ლუბეტკინის ერთ-ერთი ბოლო ნაყოფიერი ნამუშევარი იყო. დღეს ეს შენობა ადასტურებს არქიტექტორის უტოპიურ მანიფესტს არქიტექტურული კეთილდღეობისა და თანასწორობის შესახებ.

Spa Green-მა ძვირადღირებული Highpoint-ის ბინებიდან მრავალი ფუნქცია აითვისა, მათ შორის ლიფტები, ცენტრალური გათბობა, აივნები, დღის განათება, ვენტილაცია, დიდი შესასვლელი სივრცეები და ტერასა სახურავზე. კარგად დაპროექტებული სამზარეულოები, მათ შორის საუზმის დახლები და საუთოო დაფები, ელექტრო და გაზის მოწყობილობები, ასევე, უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ნარჩენების აღმოფხვრის ცენტრალური სისტემა აჭარბებდა იმ კეთილმოწყობას, რომლითაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მკაცრი 1940-იანი წლების ბოლოს სარგებლობდა.

Spa Green

მას შემდეგ, რაც ომისშემდგომმა პოლიტიკამ ბრიტანეთის ლანდშაფტი შეცვალა, ბერტოლდ ლუბეტკინმა უკან დაიხია, რადგან წინა ფლანგზე ბრიტანელმა არქიტექტორებმა წამოიწიეს. ამან გამოიწვია 1947 წელს Tecton-ის დაშლა და 1950 წლიდან მისი არქიტექტურული პრაქტიკიდან ჩამოშორება. მიუხედავად ამისა, ლუბეტკინი რჩება ბრიტანეთის არქიტექტურაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არქიტექტორად, რომელმაც დღევანდელი ბრიტანეთის არქიტექტურული ლანდშაფტის ფორმირებაში დიდი წვლილი შეიტანა.

კომპანიები თბილისში, რომლებიც თქვენს სამეზობლოში ქაოსს დაასრულებს

სამზარეულოში დაშვებული 10 გავრცელებული შეცდომა