in ,

ბინა არაყიშვილის ქუჩაზე – “იდააფ არქიტექტორების” ნამუშევარი

Banner M2
Banner M2

ამ ბინის დიზაინი, რომელზეც სტუდია Idaaf Architects-მა იმუშავა, ახალგაზრდა იურისტისთვის შეიქმნა, როგორც ერთგვარი მყუდრო თავშესაფარი დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ.

ობიექტი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ, ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში. შესაბამისად, ქალაქის ყოველდღიური ხმაური და სწრაფი ცხოვრების რიტმი ბინის ვიტრაჟებიდან მძაფრად აღიქმება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ინტერიერის დიზაინის კონცეფცია და ტექსტურები ისეა შერჩეული, რომ ქალაქის დინამიკა შიდა სივრცეების სიმყუდროვეს ვერ არღვევს.

ბინის მთავარ სივრცეებს სამზარეულო და მისაღები ოთახი წარმოადგენს, რომლებიც ხის, თეთრი ფერისა და მეტალის ამრეკლად ტექსტურებშია გადაწყვეტილი. სამზარეულო მისაღები ოთახისგან ალუმინის ვრცელი ვიტრაჟითაა გამოყოფილი, რაც დომინანტურ აქცენტს ქმნის.

მისაღები ოთახის კედელზე გვხვდება სამშენებლო ბლოკების ტექსტურა, რაც ერთგვარი დინამიკური ფონია ავეჯისა და სხვა დეკორატიული ნივთებისთვის.

საერთო სივრცეების საპირისპიროდ, საძინებელი ყავისფერ და მუქ ტონალობებშია გადაწყვეტილი, რომელთან კონტრასტსაც სააბაზანოს შუშის აგურის კედელი ქმნის. საძინებელში გამოყენებულია კაკლის ხის მუქი ტექსტურები. სააბაზანოს დიზაინში გვხვდება ნატურალური მარმარილოს მუქი და მდიდარი ზედაპირები, რომელთაც ფონად იატაკის გეომეტრიული კერამიკული ფილა ერწყმის.

აღსანიშნავია, რომ ინტერიერში ავეჯის უმეტესობა ინდივიდუალური დიზაინითაა შექმნილი. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ისეთი დიზაინ ობიექტები, როგორიცაა ნანა ზაალიშვილის ტუფის ქვის კონსოლი „ელემენტი“ შემოსავლელში, მასიური მუხის გრძელი სკამი „აგური“ მისაღებ ოთახში და მასიური კაკლის ხის მცირე მაგიდა „აგური“ საძინებელში.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ინტერიერში გამოყენებული უმშვენიერესი სანათები, რომლებიც ისეთი მწარმოებლების მაღაზიებიდან შეირჩა, როგორიც არის &Tradition, Luis Poulsen, Flos და Element.

პროექტის ავტორი: იდააფ არქიტექტორები

ფართობი: 125 კვ/მ

შესრულების წელი: 2019-2022

ფოტოგრაფი: გურამ კაპანაძე

“მილაკი” – მილებით შექმნილი ხელნაკეთი სანათები

დიზაინის ისტორია: ვერნერ პანტონის საკულტო Panton Chair