in

ბინა ულამაზესი ხედით ქიაჩელის ქუჩაზე – ანა ტალახაძის ნამუშევარი

თბილისის ძველი უბნების ხედით გატაცება ზოგჯერ შეიძლება არქიტექტურული კონცეფციის საწყის წერტილად იქცეს — სწორედ ასე მოხდა ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე ამ 72 კვადრატულ მეტრიან ბინაში, რომლის ინტერიერის დიზაინი ანა ტალახაძეს ეკუთვნის. პროექტი თავიდანვე ხატავდა რომანტიკულ სურათს: პატარა ბინა ვერაზე, საიდანაც იშლება მხოლოდ ძველი თბილისის ლამაზი მონაკვეთების ხედი.

ერთი შეხედვით, პროექტი ფუნქციურად მარტივი ჩანდა, მაგრამ რეალურად გამოწვევებით იყო სავსე: ბინა მხოლოდ ერთი მხრიდან ნათდება, რაც ქმნიდა აუცილებლობას, რომ დიზაინერს შეენარჩუნებინა სივრცის მთლიანობა, არ დაეკარგა ბუნებრივი შუქი და ამავდროულად უზრუნველეყო კონფიდენციალურობა.

ამ კონტექსტში მთავარი გადაწყვეტილება იყო მისაღები ოთახისა და სამზარეულოს ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც შესაძლებელი გახდა გახსნილი გეგმარების (open-space) კონცეფციით. თუმცა, ამ გადაწყვეტას თან ახლდა დილემა: საძინებელს არ ექნებოდა ფანჯარა. სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტამ გააჩინა ინტერიერის მთავარი ხიბლი — შუშაბანდის სტილის, ხის ტიხარი. ეს ელემენტი ვიზუალურად განაცალკევებს საძინებელს მისაღებისგან, მაგრამ სინათლის თავისუფალ მოძრაობას არ უშლის ხელს. თხელი თეთრი ფარდა და საძინებლის კარადაზე განთავსებული სარკეები კი სივრცეს ჰაეროვნებასა და სიმსუბუქეს მატებს.

გეგმარება მკაფიოდ ორგანიზებულია: შემოსასვლელი კორიდორი (4.5კვ.მ.), საგარდერობე ოთახი (2.5 კვ.მ.), სააბაზანო ოთახი (4.5 კვ.მ.), საძინებელი ოთახი (14 კვ.მ.), მისაღები და სამზარეულო (34 კვ.მ.), რომელსაც ემატება 12 კვ.მ-იანი აივანი — სივრცე, სადაც ხედებით ტკბობა ყოველდღიური რიტუალის ნაწილი ხდება.

ყურადღებას იქცევს სააბაზანო სივრცე. 4.5 კვადრატულ მეტრში თავსდება როგორც საშხაპე, ისე აბაზანა — ელეგანტურად და უჩვეულო სიმსუბუქით. კედლებზე გამოყენებულია თეთრი, ხელნაკეთი აგურის ფორმის მოჭიქული ფილები, რომელთა ზედაპირიც სინათლეს რბილად ირეკლავს. თეთრ ფონზე განსაკუთრებით გამოკვეთილია თითბრის აქსესუარები, რომლებიც ვინტაჟურ ესთეტიკას იძლევა და მყუდრო გარემოს ქმნის.

პროექტი დიზაინერულად დაბალანსებულია — მშვიდი, დახვეწილი და ყოველდღიური ცხოვრებისთვის კომფორტული. თუმცა მასში იმალება მოულოდნელი, გამახალისებელი დეტალებიც, რომლებიც დამკვეთის ხასიათს ასახავს — მაგალითად, Frama-ს უჟანგავი ფოლადის კოლექციიდან შერჩეული მცირე ავეჯი, რომელიც სივრცეს ინდივიდუალიზმსა და მრავალფეროვნებას მატებს.

ანა ტალახაძის პროექტი აერთიანებს სივრცის ჭკვიანურ ორგანიზებას, ფუნქციურ ესთეტიკასა და ხედით შთაგონებულ პოეტურ ნარატივს — ეს არის ინტერიერი, რომელიც იძლევა უსაზღვრო ესთეტიკურ სიამოვნებას და ამავდროულად წარმოადგენს სრულფასოვან მყუდრო საცხოვრებელს.

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

Bugok Friday House — დადასვენებელი სახლი სამხრეთ კორეაში

ბინა საინტერესო აქცენტებით ალექსიძის ქუჩაზე – სტუდია 4 Visual-ის ნამუშევარი