in

ბინა თაქთაქიშვილის ქუჩაზე – ელეგანტური ინტერიერი კრემისფერ ტონებში

თბილისში, თაქთაქიშვილის ქუჩაზე მდებარე ეს ბინა, მნახველის ყურადღებას თავისი დახვეწილი, გემოვნებიანი და მდიდრული ინტერიერით იპყრობს. მისი საერთო ფართობი 107 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

შედარებით ვიწრო და გრძელ შემოსასვლელს დიდი ზომის მთავარ ოთახში შევყავართ, რომელიც მოიცავს სამზარეულოს, სასადილოსა და მისაღების გაერთიანებულ ზონებს. სივრცის ერთიანობის მიუხედავად, ავეჯით, განათებითა და ორიგინალური სარკეებით, ზონები ერთმანეთისგან გამიჯნულია.

ინტერიერში იგრძნობა ბუნებასთან კავშირი, რაც სხვადასხვა დეტალებით მიიღწევა: იატაკისთვის გამოყენებულია ხის მასალა. მისაღებ სივრცეში კი დაგებულია დიდი, ბეწვის ხალიჩა.

ინტერიერსა და ექსტერიერს შორის ერთგვარი ზღვრის წასაშლელად, ასევე, მეტი სინათლისა და სივრცის წარმოსაჩენად, გვხვდება დიდი ზომის პანორამული ფანჯრები და იატაკიდან ჭერამდე ფორმატის შუშის გასაგორებელი კარები.

ბინა ყავისფერ და კრემისფერ ფერებშია გადაწყვეტილი, რაც მყუდრო და თბილ ატმოსფეროს ქმნის. თეთრ დეტალებს, როგორიცაა დივანი და სავარძლები კონტრასტული ეფექტი შემოაქვთ და სივრცეს ცოცხალი, ხალისიანი განწყობით ავსებენ.

ინტერიერი არ არის გადატვირთული, პირიქით – ის სადა და მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა ავეჯის დიზაინი, ფერთა გამა, სარკეები და ორიგინალური განათება სივრცეს მასშტაბურობას სძენს და მის განსაკუთრებულ, მდიდრულ ხასიათს წარმოაჩენს.

აღნიშნულ პროექტში საკმაოდ გამორჩეულია საძინებლების დიზაინი. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას ოთახების ცენტრალურ ნაწილში განთავსებული საწოლები იქცევს, რომლებიც კედლის ფერს ეხამება და ისეა ინტეგრირებული მასთან, რომ ერთგვარად კედლის გაგრძელებას წარმოადგენს, რაც სივრცეს ვიზუალურად ზრდის. ცალკე აღნიშვნის ღირსია ორიგინალური სანათები და ოთახის განათება, რომელიც სივრცეს გამორჩეულად მყუდრო ელფერს სძენს.

აბაზანა მუქ ყავისფერ-თეთრ ტონებშია გადაწყვეტილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სივრცე შედარებით მცირე ზომის არის, აქ გვხვდება ერთმანეთისგან გამოყოფილი საშხაპე და ჰიგიენური ზონები.

ბინის ერთ-ერთ ღირსებას წარმოადგენს უმშვენიერესი ტერასა, რომელიც თეთრ ფერებშია გაფორმებული. ეს არის იდეალური ადგილი განტვირთვისა და ქალაქური ხედებით ტკბობისთვის.

ფოტოგრაფი : ოთო გორდელაძე

1960-იანი წლებით შთაგონებული 14 სამზარეულოს დიზაინის იდეა, რომლებიც დღემდე გვიყვარს

2023 წლის იღბლიანი ფერები ინტერიერში ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნისთვის