in

ცირკულარული ეკონომიკა სამშენებლო სექტორში – როგორ ვაშენოთ, ბუნებაზე ნაკლები ზემოქმედებით

თავისებურად, ყველა სექტორი ახდენს გავლენას ჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბებაზე, თუმცა სამშენებლო ინდუსტრიის როლი ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა, რადგან ურბანიზაცია პლანეტის უდიდეს უდიდეს ტერიტორიაზე ვრცელდება, ხოლო მშენებლობის პროცესში უამრავი ისეთი ნედლეული გამოიყენება, რომლებიც შეიძლება საზიანო იყოს როგორც ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ისე ეკოსისტემისთვის.

სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში არსებული მასალის 63%-ს სწორედ ეს სექტორი მოიხმარს. ის პასუხისმგებელია ევროპაში ნახშირბადის ნაკვალევის 30%-ზე მეტზე და ევროპაში პირველადი ენერგიის მოხმარების 40%-ზე მეტს ფარავს. უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ამ სექტორში ცირკულარული მიდგომების დანერგვა და ენერგოეფექტური შენობების დაპროექტება.

თავის მხრივ, ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას ლოკალურად, საქართველოშიც. ბოლო წლების განმავლობაში აშკარად გაზრდილი მშენებლობების რიცხვმა, რა თქმა უნდა, ემისიების ზრდაზეც იმოქმედა. სტატისტიკის თანახმად, თუკი 2000 წელს სამშენებლო სექტორიდან მიღებული ემისიები 1.37 მილიონ ტონას შეადგენდა, 2021 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 3.06 მილიონამდეა გაზრდილი.

რა ნედლეულს მოიხმარს სამშენებლო სექტორი

ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მასალაა ბეტონი. გამძლეობის, შეკუმშვის, ცეცხლისა და წყლის მიმართ მაღალი მდგრადობისა და მოქნილობის გამო ის ყველა მშენებლობაში გამოიყენება, თუმცა მას თავისი ნაკლოვანებები აქვს.

ერთ-ერთი მთავარია ცემენტი, რომელიც ბეტონის მთავარი შემაკავშირებელი მასალაა. მსოფლიო მასშტაბით გამოყოფილი CO2-ის 8% სწორედ ცემენტიდან მოდის. ამ მასალის ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ მისი გადამუშავება რთულია და ძვირი ჯდება.

კიდევ ერთი საყრდენი ნედლეული მშენებლობის დროს, გახლავთ ფოლადი. მაღალი სიმკვრივისა და მოქნილობის გამო ის შედარებით მსუბუქი კონსტრუქციების რეალიზაციის საშუალებას იძლევა, ამიტომაც თითქმის ყველა სტრუქტურულ ელემენტში გამოიყენება, თუმცა, ცემენტის მსგავსად, მასაც თავისი უარყოფითი მხარეები აქვს ეკოსისტემისთვის.

პირველი და ყველაზე ნიშანდობლივი ნაკლია მისი ზეგავლენა კლიმატის ცვლილებაზე. მსოფლიო ფოლადის ასოციაციის მონაცემებით, 2018 წელს წარმოებული ყოველი ტონა ფოლადი საშუალოდ 1.85 ტონა ნახშირორჟანგს გამოყოფდა, რაც გლობალური CO2-ის გამოყოფის დაახლოებით 8%-ს შეადგენს.

თუმცა აქ მედლის მეორე მხარე ისაა, რომ ფოლადი 100%-ით გადამუშავებადი მასალაა და ხელახალი გამოყენებისას თითქმის ყველა თავის პირვანდელ თვისებას ინარჩუნებს.

დღეს, როცა თანამედროვე სამყარო ახალ ტექნოლოგიებს გვთავაზობს, მეტი ღირებულების მიღება შეგვიძლია არსებული აქტივებიდან. კერძოდ, შევინარჩუნოთ რესურსები და თავიდან ავიცილოთ მათი ნარჩენებად გადაქცევა.

რა სარგებელი აქვს ბიზნესს, რომელიც ცირკულარულ ეკონომიკას ნერგავს

 ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა სამშენებლო სექტორში უნდა გადაწყდეს სახელმწიფო დონეზე და კონკრეტული მასალების მწარმოებლებიც კი აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი. უნდა გაძლიერდეს ცნობადობა რესურსების უკეთ მართვასა და სწორი ღირებულებების შექმნასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც თითოეული ბიზნესი გააცნობიერებს თავის ფუნქციას გარემოს დაცვის კუთხით. მით უფრო, როცა ეცოდინებათ, რომ გადამუშავებული და მრავალჯერადი მასალები ამცირებს ხარჯებს; სამშენებლო ნარჩენების მინიმიზაცია ამცირებს ნაგავსაყრელისა და განადგურების ხარჯებს, ხოლო მდგრადობის დემონსტრირება ბრენდის მხრიდან მოიზიდავს კლიენტებს, ინვესტორებსა და პარტნიორებს.

ცირკულარული ეკონომიკის სამი ძირითადი სტრატეგია სამშენებლო სექტორში

  • არსებული შენობების ხელახალი გამოყენება, მათი ფუნქციური გაფართოება
  • ახალი მშენებლობის პროცესში ნარჩენების მაქსიმალური აღმოფხვრა
  • სამშენებლო მასალების ხელახალი გამოყენება და გადამუშავება ისე, რომ ისინი არ მოხვდეს ნაგავსაყრელზე

თუკი ეს სამივე პრაქტიკა თანაბრად დაინერგება, 2050 წლისთვის CO2-ის გამონაბოლქვის შემცირება 2.1 მილიარდი ტონით იქნება შესაძლებელი.

პრაქტიკაში ამის განსახორციელებლად, საჭიროა შენობის კომპონენტების შესახებ სანდო და სტანდარტიზებული ინფორმაცია. სამშენებლო ინდუსტრია ცნობილია თავისი ფრაგმენტაციით, სადაც სხვადასხვა სუბკონტრაქტორები ხშირად აპროექტებენ და ავითარებენ შენობების ნაწილებს ერთმანეთთან ურთიერთქმედების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ მასალების ხელახალი გამოყენების შესაძლებლობები იკარგება. თუმცა, თუ თითოეულ კომპონენტს სათანადო ყურადღება დაეთმობა და ექნება აღწერა, სადაც ეწერება, მასალის შემადგენლობა და სხვა საჭირო ინფორმაცია, მასალების ფლანგვა გაცილებით შემცირდებოდა.

რომ შევაჯამოთ, მართალია, ისეთი დიდი სექტორის მართვა, როგორც სამშენებლოა, გამოწვევების გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა მაინც ახლოს დგას რეალობასთან. მშენებლობების შემცირება არსებული შენობების რემოდელირების გზით ყველაზე ღირებული ვარიანტია, რომლის შედეგად გამომუშავდება 50-75 პროცენტით ნაკლები ემისიები, ვიდრე ახალი მშენებლობის დროს. მნიშვნელოვანია, კომპანიებმა ყურადღება მიაქციონ ენერგოეფექტური მასალის გამოყენებას პროცესში, რაც შეამცირებს ემისიებსაც და მომავალი ბინადრების ჯანსაღი ცხოვრებისთვისაც მნიშვნელოვანია.


სტატია მომზადდა ევროკავშირის მხარდაჭერით, CIRCOLUTION კამპანიის ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. ცირკულარობის კამპანიაცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოშიპროგრამის ნაწილია, რომელსაც CENN ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს.

[R]

სახლი პატარა ინგლისურ სოფელში — Oliver Leech Architects-ის პროექტი

მოსასვენებელი ზონა საზაფხულო რეზიდენციაში – 3 საინტერესო პროექტი საქართველოდან