in ,

დიმიტრი ჭაავა – “Foster + Partner-ის” ერთადერთი ქართველი არქიტექტორი

Alliance Group
Alliance Group

დიმიტრი ჭაავა ერთადერთი ქართველი არქიტექტორია, რომელიც ლონდონში Foster + Partners-ში მუშაობს. ამ კომპანიაში იგი მონაწილეობდა ისეთი პროექტების შექმნაში, როგორებიცაა დოჰას აეროპორტის გაფართოება, სტოკჰოლმის, ლუსენის ქალაქგეგმარება, ყატარში 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მთავარი მოედნისა და  ეკატერინბურგში, RMK-ის სათაო ოფისის მშენებლობა. მანამდე იყო არქიტექტურული ასოციაციის სკოლა (AA) ლონდონში და კიდევ უფრო ადრე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი. ამ პროფესიით ჯერ კიდევ ბავშვობაში დაინტერესდა და როგორც თავად ამბობს, სწორედ მაშინ გადაწყვიტა არქიტექტორი გამხდარიყო.

დიმიტრი ჭაავა: ყოველთვის  მიზიდავდა თიხისგან ძერწვა. სულ მქონდა მიდრეკილება, სივრცეები და შენობები გამომეძერწა. იმის მიუხედავად, რომ თიხისგან ასეთი რაღაცები, როგორც წესი, არ კეთდება. მაშინ დავინტერესდი არქიტექტურით. ასე ავირჩიე პროფესია.

სწავლა

თბილისში ჯერ ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი დავამთავრე. აქაური წითელი დიპლომი თუ რამეში დამეხმარა, იყო ის, რომ ლონდონში არქიტექტურული ასოციაციის სკოლაში (AA) ჩავაბარე. ვიცოდი, იქ იყო საუკეთესო პირობები ამ პროფესიის შესასწავლად. სხვა ვარიანტი არც განმიხილავს. ნამდვილად აქვს მნიშვნელობა სად სწავლობ, მაგრამ მონდომება ჩემთვის იყო გადამწყვეტი, 50/50-ზეა კარგი გარემო+მონდომება. თუ რომელიმე კომპონენტს დააკლებ, ვფიქრობ, სრულფასოვან განათლებას ვერ მიიღებ. არქიტექტურულ სკოლაში, თავიდან ინტეგრირება ცოტა გამიჭირდა, დამხვდა აბსოლუტურად სხვა მიდგომა, სასწავლო ენა იყო ინგლისური და არქიტექტურა რაღაც სხვა პროფესია. აქ მარტო არქიტექტურას არ სწავლობ, გლობალურ განათლებას იღებ და რაც მთავარია, გიყალიბდება ხედვა. AA-ში რომ ჩავედი, საშუალოზე დაბალი დონის სტუდენტი ვიყავი, სწავლა კი დავასრულე, როგორც ერთ-ერთმა ტოპ სტუდენტმა. მონდომებაც მქონდა, ამბიციაც და რა თქმა უნდა, ადგილზე საამისოდ ყველანაირი შესაძლებლობა იყო.  ძალიან გამიმართლა, იქ რომ მოვხდი. ეს არის სკოლა, სადაც სწავლობდნენ ზაჰა ჰადიდი, რიჩარდ როჯერსი და სხვა, მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორები. სტატისტიკურად, ყველაზე მეტი პრიცკერის პრემია (უმაღლესი არქიტექტურული ჯილდო, გაიცემა 1979 წლიდან) სწორედ ამ სკოლის კურსდამთავრებულებს აქვთ მიღებული. აქ ჩემი სადიპლომო პროექტი იყო ნომინირებული ონორზე (Honor Award – წარჩინებაზე ნომინირება). ამ ფაქტმა ხელი შემიწყო, რომ მუშაობა დამეწყო  Foster + Partners-ში.

გზა Foster + Partners-მდე . . .

Foster + Partners-მდე არსად მიმუშავია. სწავლა რომ დავამთავრე, გავაგზავნე ჩემი მონაცემები რამდენიმე კომპანიაში. მქონდა ორი შემოთავაზება: ერთი იყო შედარებით პატარა არქიტექტურული კომპანია. მირჩიეს იქ დამეწყო მუშაობა, რადგან გამოუცდელი ვიყავი და იქ უფრო მარტივად შევძლებდი ადაპტირებას. Foster + Partners არის გიგანტი და შედარებით რთულია, დამწყებმა არქიტექტორმა იქ თავი დაიმკვიდროს, მაგრამ ცდუნებას ვერ გავუძელი და არჩევანი ამ უკანასკნელზე შევაჩერე. ძალიან გამიმართლა, საუკეთესო გუნდში მოვხვდი. ასე დაიწყო ლონდონში ჩემი კარიერული წინსვლა.

დღეს . . .

ვმუშაობ ლონდონში, არქიტექტურულ კომპანიაში Foster + Partners, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ინოვაციური არქიტექტურული კომპანია. სათაო ოფისია. კომპანიაში, დაახლოებით, 1000 არქიტექტორია დასაქმებული. ამჟამად, ვარ ერთადერთი ქართველი, ვინც ამ კომპანიაში მუშაობს. თავიდან  რთული იყო,  ძალიან ბევრი ინფორმაციის გადამუშავება მჭირდებოდა ძალიან მოკლე დროში. 4 წელია, რაც ამ კომპანიაში ვარ. ნელ-ნელა ვეგუებოდი გარემოს, სიტუაციას, რიტმს, ხალხს. ახლა ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ძალიან ბევრი ნიუანსია. კომპანია, როგორც მანქანა, ისე მუშაობს და თუ მისი ნაწილი არ გახდი, უბრალოდ გამოეთიშები. ჩემს იქ ყოფნაში ორჯერ მოხდა შემცირება, ბევრი საერთაშორისო საკითხი ჩვენს კომპანიაზეც აისახება – Brexit, ნავთობის გაიაფება და ა.შ და ამ პირობებში, თუ არ იყავი აქტიური, რთულია გადარჩე. უნდა ეცადო, ამ დიდი მანქანის საჭირო ნაწილი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად შეგცვლიან. Foster + Partners-ის ჩემი პირველი პროექტი იყო ეკატერინბურგში, RMK-ის (რუსეთის სპილენძის კომპანია) სათაო ოფისის მშენებლობის პროექტი. შენობა ახლა შენდება. ასევე, ვიმუშავე დოჰას აეროპორტის გაფართოების პროექტზე, რომელის ღირებულებაც არის  7 000 000 000 USD.  როგორც ცნობილია, 2022 წელს ყატარში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. სწორედ მისი მთავარი მოედნის პროექტის მომზადებაში ვმონაწილეობდი. ასევე ვმუშაობდი სტოკჰოლმის, სლუსენის ქალაქგეგმარებით პროექტზე.

პარალელურად, მინდოდა, ჩემი ქართული კავშირები არ დამეკარგა . . .

ერთი წლის წინ, ჩემს პარტნიორ სოსო ელიავასთან და ჩემს ლონდონელ კოლეგებთან ერთად, ჩამოვაყალიბე არქიტექტურული კომპანია X არქიტექტურა. როგორც ამერიკული ხომალდების დასახელება, იწყებოდა  X-ით და ნიშნავდა ექსპერიმენტულს, ასეა ჩვენი კომპანიის შემთხვევაშიც. არქიტექტურას სხვადასხვანაირად, განსხვავებული ინდუსტრიიდან ვუყურებთ. ექსპერიმენტულად აღვიქვამთ არქიტექტურას, მთლიანად პროცესს. რაც შეეხება პროექტებს: ერთ-ერთი პროექტი განვახორციელეთ შილდაში, კომპანია „შილდამ” დაგვიკვეთა სადეგუსტაციო ცენტრი, რომელიც ინტეგრირებული უნდა ყოფილიყო კონკრეტულ გარემოში (ვენახში). დამკვეთს ძალიან მოეწონა ჩვენი ნამუშევარი და თანამშრომლობა გავაგრძელეთ. გარდა ამისა, გავაკეთეთ ფხოვის ქუჩაზე მშენებარე საოფისე შენობის პროექტი. კონცეპტუალურ დონეზე გავაკეთეთ ტერასული სახით განვითრებული სასტუმრო სიღნაღში. ვცდილობთ, შენობა არ დავაპროექტოთ ისე, რომ გარშემო მდებარე შენობებთან მიმართებაში დომინანტი აღმოჩნდეს. უპირატესობას ვანიჭებთ რაციონალურ დიზაინს. პარალელურად, ვაკეთებთ პროექტს  X Lab, ანუ X ლაბორატორია. ეს სულ ახალი პროექტია. გაქვს ლაზერები, 3D პრინტერები და გვაქვს პარამეტრული დიზაინისა და პროგრამირების გამოცდილება. გვინდა, ქართველ სტარტაპებს, რომლებსაც შესაძლოა არ ჰქონდეთ ჩვენი მსგავსი ტექნოლოგიური „ბექგრაუნდი”, დავეხმაროთ ამ მიმართულებით პრობლემების მოგვარებაში. ეს არ არის ქველმოქმედება, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ინტერესიც არის აქ, მაგრამ ორმხრივი მომგებიანი წინადადება იქნება.

არქიტექტურა ჩემთვის და არქიტექტურა დღეს . . .

ჩვენი მიდგომა ასეთია: პირველ რიგში, ვითვალისწინებთ გარემოს და შემდეგ ვისმენთ კლიენტის მოთხოვნებს. ისეთ რამეს არ გავაკეთებთ, რისიც თავადაც არ გვჯერა. ყოველთვის ვცდილობთ, მეტი გამწვანება გავაკეთოთ, ნაკლები მიწა ამოვიღოთ და გავუფრთხილდეთ გარემოს. დღეს მიჩნეულია, რომ გარემოს დაბინძურების  50-60% სწორედ სამშენებლო ინდუსტრიაზე მოდის და არქიტექტურაც ამ პროცესის ერთ-ერთი მონაწილეა. ვცდილობთ, რომ „მწვანე არქიტექტურის” პასუხისმგებლობა ვიგრძნოთ, თანამედროვე ტექნოლოგიები გამოვიყენოთ, „რისერჩი” გავაკეთოთ და გავეცნოთ, რა არის ახალი რაც შეიძლება გამოვიყენოთ. ზოგადად, არქიტექტურაში ტექნოლოგიები და გარემოს მაქსიმალური შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ყველა ცდილობს ეს ორი ფაქტორი იყოს მის მუშაობაში გადამწყვეტი, მაგრამ ძირითადად, თავის მოტყუებაა, ფასადურად აკეთებენ სიმწვანეს. შენობა რომ შენდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქალაქს მინიმუმ 100 წლით ან ალამაზებ, ან ამახინჯებ. ამიტომ, ზუსტად უნდა იცოდე რას აკეთებ, რას ჰკიდებ ხელს. ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რა ხდება გარშემო, რა ისტორია აქვს აღნიშნულ ადგილს, მის გვერდით მდგომ შენობებს და შემდეგ იფიქრო, როგორი უნდა იყოს შენი შენობა.

წარმატება ჩვენს პროფესიაში . . .

მე ვთვლი, რომ გამიმართლა. ზოგადად, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. დღევანდელი გადასახედიდან მიმაჩნია, რომ პროფესიაში წარმატებისათვის სამი კომპონენტია განმსაზღვრელი: სწორი არჩევანი, მონდომება და გამართლება.

სულ მინდოდა, ჩემი ცოდნა გამეზიარებინა საქართველოში სტუდენტებისთვის, კოლეგებისთვის, მათთვის, ვისაც უნდა შეისწავლოს არქიტექტურა. . .

მოტივატორიც სწორედ ეს არის, საქართველოში რაღაც საინტერესო გავაკეთო. დადგება ალბათ მომენტი, როცა, სამუშაო სავიზო რეჟიმი მოიხსნება/ევროკავშირის წევრები გავხდებით, იქნება ევროკავშირში ქართული მუშახელის დასაქმების დრო, მაგრამ ამისთვის მზადება ახლა უნდა დავიწყოთ. როდესაც კარი გაიღება, მერე მომზადება გვიან იქნება. ახალგაზრდა თაობა უნდა იყოს გათვითცნობიერებული ევრო კავშირში მუშაობაზე და მომავალ დამსაქმებლის მოთხოვნებში, მაშინვე მოხდეს ევროკავშირის სამუშაო ბაზარზე მათი ინტეგრირება, როგორც კი მოთხოვნა გაჩნდება. ამის საუკეთესო მაგალითია საბერძნეთი. ჩემს კომპანიაში ძალიან ბევრი ბერძენი მუშაობს. მათ ჰქონდათ ბაზა, რადგან  ძლიერი სკოლები აქვთ და პროცესებიც სწორად წაიყვანეს, თითქმის ყველა ბერძენმა თანამშრომელმა იცის პარამეტრული დიზაინი, რომელიც ძალიან საჭიროა ფორმასთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად. ჩვენც გვჭირდება, რომ ამაზე ვიფიქროთ და რაც მალე მოხდება ეს, უკეთესია.

წყარო: Marketer.ge

არქიტექტორი დევიდ ეჯეი RIBA-ს ოქროს მედალის მფლობელი გახდა

ჰაერის გამწმენდი საუკეთესო მოწყობილობები 2020 წლისთვის