in , ,

დიზაინი, როგორც პოეზია – ნინო ჩუბინიშვილის ფილოსოფია

Banner M2
Banner M2

ადამიანი, რომელზეც ამ სტატიაში უნდა გიამბოთ, რამდენიმე პროფესიის მქონეა, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ყველა მისი საქმიანობა დიზაინს ეხება. ეს ადამიანი პროდუქტის და ინტერიერის დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილია, რომლის პროფესიებიც საკმაოდ დიდ და მრავალფეროვან გამოცდილებას მოიცავს. გადავწყვიტეთ მას საკუთარი საქმიანობის შესახებ გავსაუბრებოდით:

ყვარლის ტბის პროექტი

– გვიამბეთ საკუთარი თავის შესახებ. როგორ აღმოჩნდით დიზაინის სფეროში? რა გავლენა იქონია ბავშვობის წლებმა თქვენს ამჟამინდელ პროფესიაზე?

ბავშვობის გატარება, ძირითადად, შემოქმედი ხალხის გარემოცვაში მომიწია: ვიზრდებოდი არქიტექტორების, მუსიკოსების, სცენარისტების ირგვლივ, ვუყურებდი მათ და ალბათ ილექებოდა ჩემზე დატოვებული შთაბეჭდილებები. რაც შეეხება განათლებას, ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და თეატრის ფერწერის ფაკულტეტზე ვსწავლობდი. შემდეგ უკვე კერძო სახელოსნოებში ვიღებდი გამოცდილებას და თითქოს, ასე თავისით გაიკვალა ჩემი გზა.

ყველა იმ სფეროში, რომლებშიც დღეს ვმუშაობ, ერთგვარ ექსპერიმენტებს ვატარებდი. შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლი ვარ. ძიების პროცესმა შექმნა ჩემი საქმიანობა და ალბათ იმანაც, რომ სხვადასხვა მედიუმში მუშაობის არ მეშინია.

ყვარლის ტბის პროექტი

– თქვენ ხართ დიზაინერი სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, რას გვეტყვით ინტერიერის დიზაინის როლზე თქვენს ცხოვრებაში?

ბავშვობიდან “შეპყრობილი” ვიყავი საკუთარი ოთახის გადალაგება-გადმოლაგებით, ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირ დიზაინს ვუფიქრებდი. ზოგადადაც, მომწონს და მიყვარს სივრცეების მოწყობა, რადგან ვფიქრობ, ეს პროცესი ძალიან კინემატოგრაფიულია – კონკრეტულ ჩარჩოს უნდა შეუსაბამო სივრცე და შექმნა ატმოსფერო. სწორედ ეს მიყვარს სივრცეებში – კონკრეტული განწყობის შექმნა.

თანაც, ჩემი აზრით, დიზაინის სფეროები ერთმანეთისგან დიდად მაინც არ განსხვავდება. ეს იმიტომ, რომ ნებისმიერი რამის დიზაინი, იქნება ეს ინტერიერი, სამოსი თუ სამკაული, არის ძალიან კონკრეტული და აქვს თავისი ფარგლები.

ყვარლის ტბის პროექტი

– როგორ ფიქრობთ, რამდენად მკაფიო ზღვარია პროდუქტის დიზაინსა და სივრცის დიზაინს შორის?

ინტერიერის დიზაინი აბსოლუტურად ადამიანზეა დაქვემდებარებული. ეს არაა ის საქმე, სადაც შენ შენს ინდივიდუალიზმს ავლენ ბოლომდე, რადგან დამკვეთის ინტერესების გათვალისწინება გიწევს, დამკვეთისთვის ქმნი. სამოსის მიმართულებით კი, შეიძლება შექმნა კაბა, რომელსაც მხოლოდ 5 ადამიანი ჩაიცვამს, თუმცა, სივრცეზე ასე არ ხდება.

– რა გავლენა მოახდინა პანდემიამ თქვენზე? შეიცვალა თუ არა თქვენი ხედვა და ფილოსოფია დიზაინის მიმართულებით ? რამდენად ეფექტურად გამოიყენეთ ეს პერიოდი როგორც შემოქმედმა?

ვერ ვიტყვი, რომ ადრე სხვანაირად ვცხოვრობდი. მეტიც – უფრო მეტი პირადი სივრცე შემექმნა ამ პერიოდში. მე დიდი ხანი გავატარე საფრანგეთში, სადაც სრულიად არ მქონია ეს სივრცე. ამიტომაც, მუშაობის თვალსაზრისით, გარემოსგან დისტანცირება საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის.

ყვარლის ტბის პროექტი

– ჩვენი საუბრის მთავარი თემაა ყვარლის ტბის ლობის ინტერიერი. ვისაუბროთ თქვენი როგორი იყო ამ შემთხვევაში თქვენი თავდაპირველი მისია? რა ამოცანები იყო დასახული დამკვეთის მხრიდან და როგორ შეძელით მათი განხორციელება?

როდესაც ამ პროექტზე მუშაობა დავიწყე, ჩემი ამოცანა იყო ის, რომ შემექმნა ლობის დიზაინი. დამკვეთთან შევთანხმდით იმაზე, რომ ეს უნდა ყოფილიყო დემოკრატიული, სასიამოვნო სივრცე. შთაგონებას, უმეტესწილად, იქაური გარემო მაძლევდა – ყვარლის ტბა, ალაზნის ველი.. მუშაობის პროცესში, სწორედ იქაური ფორმები და ფერები მაძლევდა გადაწყვეტილებების მიღების საშუალებასაც. ასევე, გზადაგზა ვპოულობდი ნივთებს, რომლებიც საბჭოთა დროინდელი იყო და რომლებიც ასევე იბეჭდებოდა ჩემს გონებაში. რაც შეეხება სკულპტურებს, დოქები კი არ დავდგი, სპეციფიკური, უცნაური ფორმები მოვიფიქრე და ისინი გამოვიყენე ინტერიერში. კედლებს ღია სილის ფერი მივეცით, დავდგით ჩემი დიზაინით შექმნილი მაგიდები. რაღაცნაირად ვეცადე, რომ ჩვენი ამჟამინდელი იდენტობა გამომეხატა ამ ყველაფრით. იდენტობა, რომელიც ძველი დროიდან გვაქვს და ახლა სად არის ეს იდენტობა, რა ეტაპზეა – სწორედ ეს მოთხრობა “გადმოვეცი” ამ ინტერიერით.

ყვარლის ტბის პროექტი

– როგორც ვიცით, სამი სხვადასხვა ფუნქციის მატარებელი სივრცის ინტერიერი უნდა შეგექმნათ (მოსასვენებელი სივრცე, სარეგისტრაციო ზონა და ბარი) – როგორ შეძელით ის, რომ ერთი ხაზის ქვეშ მოგექციათ მათი დიზაინები და რა სირთულეებს წააწყდით ამ პროცესში?

ყვარლის ტბის პროექტი

ვიპოვე ხაზები, რომლითაც შევძელი, ეს სამი სივრცე გამეერთიანებინა. ეს ძალიან პროფესიული დეტალებია, რომლებიც არც ვიცი, რამდენად ამ საუბრის საგანია. ძირითადად, მსგავსი ამოცანის გადაჭრა შესაძლებელია ფერის გაერთიანებით, ერთნაირი სტრუქტურებით, წერტილებით. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მთლიანობის კონტექსტი უპოვო ამ ფუნქციურად განსხვავებულ სივრცეებს, შექმნა ვიზუალური ერთობა.

– და ბოლოს, რამდენად დიდი ხანი გაატარეთ ყვარლის ტბაზე? აქვს თუ არა თქვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, რა პერიოდს უთმობთ ადგილს, სადაც ინტერიერი უნდა შექმნათ?

ინტერიერის შექმნის პროცესი ძალიან პოეტური რამაა. იმისთვის, რომ შექმნა, საჭიროა, რომ ჯერ მოცემული ადგილი განიცადო. სწორედ ამიტომ, თავდაპირველად მივდივარ ხოლმე კონკრეტულ ადგილზე და ვაკვირდები იქაურობას. შემიძლია ვთქვა, რომ იმ მომენტში ვარ ხელოვანი და, როგორც მხატვარი, ისე ვუყურებ გარემოს. შემდეგ კი სრულიად თავისით იქმნება ჩანახატები, ჩანაწერები, იდეები.. იმ 2-3 თვის განმავლობაში, როცა დიზაინს ვქმნიდი, ძალიან ხშირად ვიყავი ადგილზე. ყოველდღიურად მოდიოდა ყვარელში შთაგონება და სწორედ ასე იქმნებოდა ერთიანი ამბავი.

ყვარლის ტბის პროექტი

ფოტოების ავტორი: ლუიზა ჩალათაშვილი

რა განსხვავებაა ანტიკვარულ და “ვინტაჟურ” ნივთებს შორის

გადახურვის სისტემები – პერგოლა, მარკიზა და ტენტი