in

თანამედროვე დიზაინის მინიმალისტური გადაწყვეტა, საგანგებოდ მოწყობილი ფუნდამენტები და ეკომეგობრული მასალა – „თეგეტას“ ახალი საავტომობილო კომპლექსი გაიხსნა

უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში ,,თეგეტას“ ახალი, ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი აშენდა. ინვესტიცია, რომლის მოცულობაც 60 მილიონი ლარია, ერთ ჰექტარზე აერთიანებს „ვოლვო ქარ საქართველოსა“ და „თეგეტა მოტორსის“ შოურუმებს, თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ, განახლებულ სერვისცენტრსა და სასაწყობე სივრცეს.

ეს მასშტაბური მულტიფუნქციური სივრცე პირველია რეგიონის საავტომობილო სექტორში, რომელიც მომხმარებელს ახალი კონცეფციით მოემსახურება. კომფორტულ გარემოში  მსუბუქი ავტომობილისათვის საჭირო სრული სერვისის მიღებაა შესაძლებელი, მათ შორის – ელექტრომობილებისთვის. მეტი ხელმისაწვდომობისთვის კი შოურუმის ეზოში ხუთი ელექტროდამტენი განთავსდა.

შენობისა და ავტომობილების სადგომის გადახურვაზე 700-ზე მეტი მზის პანელია დამონტაჟებული, რომლებიც წლის განმავლობაში ნახევარ მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს.

ახალი შოურუმი და კონცეფცია

ახალი შოურუმი და განახლებული სერვისი გამორჩეულია „თეგეტა მოტორსის“ იმ 29 სერვისცენტრს შორის, რომლებსაც კომპანია მთელი ქვეყნის მასშტაბით ფლობს. მულტიფუნქციური სივრცე მომხმარებელს კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. სერვისცენტრში ერთდროულად – 50-ამდე, დღის განმავლობაში კი, ჯამურად, 250-ზე მეტი ავტომობილის მიღებაა შესაძლებელი.

სერვისში საგანგებოდ მოეწყო ფუნდამენტები მაღალი სიზუსტის მქონე თანამედროვე დანადგარებისთვის. მათი გამოყენებით მნიშვნელოვნად მცირდება სერვისის დრო. მომსახურების ცენტრში გერმანული წარმოების საავტომობილო ამწეები და თვლების შეყრის თანამედროვე ამერიკული დანადგარი Hunter-ია განთავსებული. ვიბრაციული კონტროლის ფუნქციით არის აღჭურვილი საბურავების ბალანსირების აპარატი, ვულკანიზაციაში არსებული დანადგარით კი საბურავის დაშლა-აწყობა დისკის დაზიანების გარეშეა შესაძლებელი.

განახლებული სერვისცენტრი მეტი უსაფრთხოებისთვის CO2-ის დეტექტორებით აღიჭურვა. დაქოქილი ავტომობილებისგან გამოყოფილი გამონაბოლქვის მომატებისთანავე ტექნიკური გამწოვები გაძლიერებულ რეჟიმში იწყებს მუშაობას. უსაფრთხოების სისტემებთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სამშენებლო და მოსაპირკეთებელ მასალებზე. შენობის იატაკი თანამედროვე ფილით მოპირკეთდა, რომლის შემადგენელი ძირითადი კომპონენტი თიხაა. ფილა არის ეკოლოგიურად სუფთა, გამძლე, უსაფრთხო და განკუთვნილია მაღალი დატვირთულობის ინდუსტრიული სივრცისთვის.

შოურუმი და საოფისე სივრცე

ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებულია შოურუმი. თანამედროვე დიზაინის მინიმალისტური გადაწყვეტებით სადა და ნათელი გარემო სრულად ესადაგება კომპანიის სტილს. თეთრ ფერზე აქცენტითა და ლითონის კონსტრუქციით სივრცე უფრო მყუდრო ხდება.

მეტი კომფორტი შემოაქვს ფრანგული წარმოების ავეჯს, რომელიც ეკომეგობრული მასალით არის დამზადებული. საგანგებოდ შეირჩა განათების სისტემები, რეგულირებადი რეჟიმით. ენერგოეფექტური გათბობა-გაგრილების ადიაბატური სისტემა კი ენერგიის დაზოგვის საშუალებას იძლევა.

შენობის მეორე სართულზე მოეწყო 80-ამდე სამუშაო პლატფორმა და ოთახები შეხვედრებისთვის. საოფისე ნაწილი 500 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს.

სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინებით შეირჩა: ხარისხი, გამძლეობა, უსაფრთხოება და ვიზუალი. დამონტაჟდა ენერგოეფექტური, სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული ვიტრაჟები.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

[R]

ინდივიდუალური ხასიათით შექმნილი ბინა საბურთალოზე — ნინო გოგშელიძის ინტერიერი

22 დეკემბერს ჟურნალ Homeis.ge-ს პირველი ღონისძიება გაიმართა