in

22 დეკემბერს ჟურნალ Homeis.ge-ს პირველი ღონისძიება გაიმართა

22 დეკემბერს სასტუმრო „სტამბაში“ ჟურნალ Homeis.ge-ს პირველი ღონისძიება homeis.gathering გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის გამოცდილი პროფესიონალების, დამწყები სპეციალისტების, სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პირების ერთ სივრცეში გაერთიანებას და მათთვის სრულიად ინოვაციური პლატფორმის შექმნას, სადაც დარგის წარმომადგენლები ერთმანეთს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ, ამავდროულად კი დაამყარებენ საჭირო კონტაქტებს და თანამშრომლობის ახალ ფორმატებს შექმნიან.

წლევანდელი ღონისძიების თემად “გამოცდილება” დასახელდა. მონაწილეებმა სწორედ ამ საკითხის ირგვლივ ისაუბრეს და აუდიტორიას საკუთარი უნიკალური გამოცდილებისა და იდეების შესახებ უამბეს.

homeis.gathering-ის სცენაზე 9 საინტერესო და განსხვავებული ხედვის მქონე გამომსვლელი წარსდგა. ესენი იყვნენ:

ნიკა ლეკვეიშვილი (TIMM Architecture), დიმიტრი შაფაქიძე  („Laboratory of Architecture #3), ნინი ჭანტურია  (NS Studio), ალექსანდრე ჩუბინიძე (Apeyron), ირაკლი მურღულია (URBANICA), ნანა ზაალიშვილი (Idaaf Architects), მაკა თათეშვილი (Motif), ანი დაბრუნდაშვილი (D-block) და დავით კუპატაძე (Render Group).

20 წუთიანი გამოსვლების ფარგლებში სპიკერები შეეცადნენ, დამსწრე საზოგადოებისთვის საკუთარი ხედვები გაეცნოთ და დარგის მნიშვნელოვან თემებზე ემსჯელათ. თითოეული გამოსვლა განსხვავებული რაკურსით ეხმიანებოდა გამოცდილების თემას და საბოლოო ჯამში, აუდიტორიამ მრავალფეროვანი და შთამაგონებელი ინდივიდუალური ისტორიების მოსმენა შეძლო.

ღონისძიებას 300-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ დარგის სპეციალისტები და არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროთი დაინტერესებული ადამიანები. გარდა იმისა, რომ სტუმრებმა მოისმინეს ღონისძიების სტანდარტული პროგრამა, მათ ასევე ჰქონდათ საშუალება, რომ უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და დაემყარებინათ საქმიანი კონტაქტები.

პროექტის ორგანიზატორების თანახმად, ღონისძიება ყოველწლიურ სახეს მიიღებს და შეეცდება, საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართული არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სფეროს განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ ჟურნალ Homeis.ge-ს პირველი ღონისძიების პარტნიორები იყვნენ D-Block, TON, Nami8, Porsche, Extra.ge და Render Group.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე ბაგრატიონი

თანამედროვე დიზაინის მინიმალისტური გადაწყვეტა, საგანგებოდ მოწყობილი ფუნდამენტები და ეკომეგობრული მასალა – „თეგეტას“ ახალი საავტომობილო კომპლექსი გაიხსნა

მშვიდი ტონები თქვენი ინტერიერისთვის – homies.ge-ს რჩეული 7 ფერი