in

დიზაინში დაშვებული შეცდომები და “პინტერესტი” – ნატალია დავითაშვილის გიდი

“როდესაც ახალი სივრცე ჩნდება ჩვენს ცხოვრებაში, იქნება ეს სახლი, ბინა, ოფისი თუ კომერციული ფართი, იმ დღიდან იწყება ფიქრი, თუ როგორი შეიძლება იყოს მისი ინტერიერის დიზაინი. იწყება ინტერნეტში უამრავი ფოტო-მასალის მოძიება, ფიქრი ფერთა გამაზე, ავეჯზე, სანათებსა და სხვადასხვა დეტალზე. თუმცა, ხშირად ამ ორომტრიალში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გვრჩება მხედველობის არედან: როგორია ჩვენი სივრცის გეგმარება, რა მოცულობისაა ის, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ის ფუნქციური იყოს, რადგან სხვადასხვა ფუნქციის ობიექტს ხომ სრულიად განსხვავებული მიდგომა სჭირდება. სამწუხაროდ, ხშირად უგულებელვყოფთ ამ დეტალებს და მაინც ვაგრძელებთ იდეების ძიებას ინტერნეტ სივრცეში. სწორედ ამ პროცესში შეგვიყვარდა ყველას (როგორც დამკვეთს, ისე დიზაინერს) Pinterest-ის პლატფორმა“, – გვიამბობს დიზაინერი ნატალია დავითაშვილი, რომელსაც ჟურნალი Homeis.ge „პინტერესტის“ სოციალური ქსელის არასწორი მოხმარებით გამოწვეულ პრობლემებზე გაესაუბრა.

„თანამედროვე დიზაინ სტუდიების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ის ფაქტი წარმოადგენს, რომ ხშირად დამკვეთი პროფესიონალ დიზაინერთან ყველა მოწონებული ფრაგმენტული „პინტერესტის რეფერენსით“ მიდის. უმრავლეს შემთხვევაში, აღნიშნული „ფოტო იდეები“ სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან და მათ გაერთიანებას ეკლექტიკასაც კი ვერ ვუწოდებთ. დამკვეთს კი სურვილი აქვს, რომ ყველაფერს ერთ სივრცეში მოუყაროს თავი. სწორედ ეს არის პირველი შეცდომა, საიდანაც იწყება არასწორი კომუნიკაცია დამკვეთსა და დიზაინერს შორის.

უნდა გვახსოვდეს, რომ დიზაინში მთლიანი კონტექსტია მნიშვნელოვანი და სწორედ ეს დეტალი განაპირობებს უკვე შემდგომ „კარგ“ ან „ცუდ“ დიზაინს და არა ცალკე აღებული სტილისტიკა. დიზაინის ფრაგმენტულად დაჩეხასა და დამუშავებას შევყავართ შეცდომაში, რაც თავის მხრივ, აუცილებლად ნეგატიურად აისახება საბოლოო შედეგზე.

ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, მსურს რამდენიმე მარტივი რჩევა შემოგთავაზოთ, რაც გაგიმარტივებთ დიზაინერთან ურთიერთობას და რაც მთავარია, დაგეხმარებათ თქვენი ოცნების ინტერიერის შექმნაში:

1. შეადგინეთ სწორი დავალება

დიზაინზე მუშაობის დაწყებამდე განსაზღვრეთ, თუ რა ფუნქციის სივრცეები გჭირდებათ და ფართის უკმარისობის შემთხვევაში, დაალაგეთ პრიორიტეტები სწორად.

ნატალია დავითაშვილის ნამუშევარი

2. პირველ რიგში, იფიქრეთ გეგმარებაზე

საწყის ეტაპზე ნუ დაიწყებთ მასალებზე, ფერებზე, ჭაღებზე და სხვადასხვა დეტალებზე ფიქრს, რათა შემდგომ იმედები არ გაგიცრუვდეთ და არ იფიქროთ, რომ თურმე თქვენი წარმოსახვა არ დაემთხვა მოცემულ გეგმარებას. პირველ ადგილზე ყოველთვის დააყენეთ გეგმარებითი ნაწილი და შემდეგ უკვე მასზე მოარგეთ ფუნქციური დიზაინი.

ნატალია დავითაშვილის ნამუშევარი

3. ყურადღება მიაქციეთ სივრცეების სწორად დაყოფას

გეგმარების დროს მნიშვნელოვანია, არ დაკარგოთ საჭიროზე დიდი ფართი ცირკულაციის ზონაზე და ამის ხარჯზე მაქსიმალურად გაზარდოთ დანარჩენი სივრცეები.

ნატალია დავითაშვილის ნამუშევარი

4. შეაფასეთ რეალისტურად საკუთარი ფართი

შეეცადეთ, სწორად აღიქვათ თქვენი სივრცის შესაძლებლობები, რადგან პროპორცია სრულიად ცვლის დიზაინს და სხვის სივრცეში მოწონებული ავეჯი, ფერთა გამა და სხვა დეტალები, შესაძლოა, თქვენს სივრცეში სულ აღარ გამოიყურებოდეს ესთეტიკურად.

ნატალია დავითაშვილის ნამუშევარი

5. ზუსტად გააცნობიერეთ დიზაინერის ფუნქცია

დიზაინერი უნდა აირჩიოთ არა იმისთვის, რომ „ფოტოს მიხედვით“ სთხოვოთ თქვენი სივრცის მოწყობა, არამედ იმისთვის, რომ შექმნათ ინდივიდუალური, თქვენზე და თქვენს სივრცეზე მორგებული სწორი დიზაინი.

ნატალია დავითაშვილის ნამუშევარი

6. ერიდეთ ძალიან “ტრენდულ” სტილს

„ტრენდების“ წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა აუცილებლად მოძებნეთ ოქროს შუალედი. დააკვირდით რა სჭირდება თქვენს სივრცეს და იყავით თამამები, რადგან სწორმა დიზაინმა აუცილებლად უნდა გაუძლოს დროს.

სახლი რიგის ყურესთან ‘Nordic timeless’-ის სტილში

ქართული სასურსათო პროდუქტის კონცეპტუალური მაღაზია „წერტი“ – Dadiani Architects-ის ნამუშევარი