in

სახლი რიგის ყურესთან ‘Nordic timeless’-ის სტილში

ტატიანა ფოკინა მის კუთვნილ ლონდონის დიზაინ-ბიურო „Caché“-თან ერთად  „Nordic timeless“-ის სტილში იურმალაში მდებარე სახლი დააპროექტა. ინტერიერში სადა ფორმები და ძვირფასი ნატურალური მასალებია გამოყენებული.

Tbc Insurance
Tbc Insurance

280 მ2 სახლი 6000 მ2 მიწის ფართზე მდებარეობს, ირგვლივ ტყე აკრავს და ეკოლოგიური მასალებისგანაა აშენებული. სახლი კომპანია „Dores Fabrika“-ს მიერ ტრადიციული ლატვიური ტექნოლოგიების მიხედვითაა აშენებული.

ძველი ლატვიური მეთოდებით აშენებულ ამ სახლში ბუნება და ინტერიერი ერთ განუყოფელ ანსამბლად გამოიყურება. უზარმაზარი ფანჯრებიდან შემოსული შუქი ძველი მუხის იატაკზე სხივებად იღვრება და თავისუფლად დაცურავს სასტუმროს სივრცეში. აქვეა თანამედროვე შეკიდული ბუხარი, რომელიც სიმეტრიულობით ეზოში აზვირთული ფიჭვების ღეროებს ჰგავს. ბუხრის ყურებისას თვალები უნებლიედ ჭერისკენ გარბის, სადაც სამხრეთ-კორეელი მხატვრის – ლი ბულის დაკიდული სკულპტურა ლივლივებს.

სადა ფორმებისა და ნატურალური მასალების, რვამეტრიანი ჭერებისა და ხის თბილი ფაქტურის, თანამედროვე ხელოვნებისა და მთელი მსოფლიოდან შეგროვებული ანტიკვარული ნივთების სწორედ ასეთი სინთეზი წარმოშობს ინტერიერში „დროის მიღმა“ ყოფნის განცდას. სწორედ ეს იყო დამკვეთის სურვილი“ – ამბობს ბიუროს დამფუძნებელი, ტატიანა ფოკინა.

მესაკუთრეებს ისეთი ინტერიერი უნდოდათ, რომელიც ლამაზად “დაბერდებოდა”. ამიტომ მოპირკეთებაში მხოლოდ მაღალი ხარისხის ნატურალური მასალებია გამოყენებული.

„დამკვეთის მეორე სურვილი „სოფლის სახლის“ განცდის არიდება იყო. ამის მიღწევა დიზაინერებმა პანელური მოპირკეთებითა და სტრუქტურული ბათქაშის მეშვეობით შეძლეს. ოთახების უმეტესობაში გავიწყდება, რომ სახლი ხისაა.

„ეს სახლი დამამშვიდებელი წამალივითაა, ზღურბლიდანვე აბსოლუტურ ნეტარებას გვრის ადამიანს“.

„ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ დიდი სივრცეების, მშვიდი ჩრდილოური (Nordic) ფერთა გამისა და ყველანაირი ბალიშებისა და ქანდაკებებისგან შემდგარი ზედმეტი დეკორის მიუხედავად, შევძელით და ის მყუდრო სახლად ვაქციეთ“.

„სიმყუდროვე პატარა დეტალების, ძირითადად, ისტორიისა და თვითმყოფადი ხასიათის მქონე ხის ნივთებითა და ძველებური ბუხრების მეშვეობით მიიღწევა.“

„ბრები, ხის დეკორატიული ელემენტები და ავეჯი დიდი ბრიტანეთიდან ინდოეთამდე, სხვადასხვა ქვეყნებიდანაა ჩამოტანილი. უმეტესობა 100 წელზე მეტ ასაკს ითვლის და მიუხედავად ამისა, ბრწყინვალედ მეზობლობს მოდერნისტულ სანათებთან და სანტექნიკასთან, მინიმალისტურ სამზარეულოსთან და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებთან.

რაც შეეხება გეგმარებას, 280 კვადრატულ მეტრზე მოთავსებულია სასტუმრო, სამზარეულო, სასადილო, ოთხი საძინებელი, ოთხი სააბაზანო ოთახი, სასტუმროს სველი წერტილი, ბიბლიოთეკა, სათავსო, ორი გარდერობი და სამრეცხაო.

„დამკვეთებს მეგობრებთან ერთად უყვართ ჩამოსვლა, ამიტომ მაქსიმალური რაოდენობის საძინებლების გაკეთება გვთხოვეს, რომლებიც ასევე საკმაოდ სივრცული უნდა ყოფილიყო“-აცხადებს დიზაინერი.

„როდესაც ფაზლის ყველა შემადგენელი ერთიან სურათში გაერთიანდა, უდიდესი შვება ვიგრძენით! – ამბობს ტატიანა. “ლოქდაუნის” პირობებში, როდესაც ავეჯის ყველა ნივთი მათი ცოცხლად დათვალიერების გარეშე მოდიოდა, ხოლო მშენებლობის საკვანძო მომენტები დისტანციურად კონტროლდებოდა, ეს ნამდვილ სასწაულად ჩავთვალეთ!“.

ბაუჰაუსი – არქიტექტურისა და დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოძრაობა

დიზაინში დაშვებული შეცდომები და “პინტერესტი” – ნატალია დავითაშვილის გიდი