in ,

დუპლექსი ამაშუკელის ქუჩაზე – რუსკა ჭუმბურიძის ინტერიერი

Banner M2
Banner M2

ბინა, რომელზეც დღეს გიამბობთ, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარეობს. სივრცის საერთო ფართობი 475 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ის შენობის ბოლო, მე-19 და მე-20 სართულებს იკავებს.

ბინის მეპატრონე, რუსკა ჭუმბურიძე 10 წელზე მეტია, რაც საბანკო სფეროში საქმიანობს და მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინთან პროფესიული შეხება არასდროს ჰქონია, საკუთარი საცხოვრებლის დაპროექტება თავად განიზრახა და ეს საკმაოდ კარგად გამოუვიდა.

ამ ლოკაციის შერჩევა რამდენიმე გარემოებამ განაპირობა. პირველ რიგში, ეს კორპუსი აშენდა ჩემი ოჯახის წევრის მიერ და შესაბამისად, ზუსტად ვიცოდი, რა მოლოდინი უნდა მქონოდა ხარისხის თვალსაზრისით, რაც დამეთანხმებით, ძალიან მნიშვნელოვანია ბინის შერჩევისას. გარდა ამისა, ბინიდან იშლება გასაოცარი ხედები თბილისზე და აქ ეკოლოგიურად სუფთა გარემოა,” – გვიამბობს რუსკა

სწორედ ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა განაპირობეს ის, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენმა რესპონდენტმა სწორედ ეს კონკრეტული სივრცე შეარჩია საცხოვრებლად. როგორც თავად გვიამბობს, გეგმარების პროცესი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბინის საერთო ფართობი ძალიან დიდი იყო და სწორი პროექტირება დიდ ძალისხმევას საჭიროებდა.

რაც შეეხება ინტერიერს, რუსკას და მის მეუღლეს თავდაპირველად არანაირი კონკრეტული გეგმა არ ჰქონდათ, თუმცა იყო დეტალები, რაც თავიდანვე გადაწყვეტილი ჰქონდათ.

მხოლოდ ის ვიცოდით, რომ გვინდოდა, ბინა ყოფილიყო მყუდრო, ნათელი, თეთრ ფერებში, მინიმალისტური და დიდი ვიტრაჟებით. ასევე გვსურდა, რომ ძირითად სართულზე ყოფილიყო სამზარეულო განცალკევებით, ხოლო მეორე სართულზე – სტუდიოს ტიპის სივრცე, რომელიც განსხვავებულ ტონალობაში იქნებოდა გადაწყვეტილი.

ვინაიდან ძალიან მიყვარს რატანის ელემენტები, ვიცოდი, რომ ამ დეტალებს ხესთან ერთად აუცილებლად გამოვიყენებდი, ხეს კი თავისთავად მეტი სითბო და სიმყუდროვე შემოაქვს სივრცეში. სწორედ ამიტომ, საძინებელი ოთახის ავეჯი ერთ-ერთ ქართულ კომპანიას შევუკვეთეთ, რომლებმაც სწორედ ეს დეტალები გამოიყენეს  და ვფიქრობ, ამ ავეჯმა ძალიან დაამშვენა ჩვენი საძინებელი.”

ინტერიერში ყურადღებას იქცევს განათების ელემენტები. გამორჩეული სტილის სანათები დიზაინერ ნათია დალაქიშვილის შემოქმედებაა.

რუსკას ერთ-ერთ გატაცებას მხატვრობის სფერო წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, ინტერიერში გვხვდება ქართველი მხატვრების მიერ შესრულებული არაერთი ტილო, რომლებიც სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს სძენენ.

ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ყველა წინასწარ დასახული მიზანი შესრულებულია – სახლი გამოვიდა ზუსტად ისეთი, როგორიც მინდოდა. მგონია, რომ ზოგადად, სახლი ასახავს იქ მაცხოვრებელი ადამიანების შინაგან სამყაროს და ბუნებას. ჩვენი ბინა არის ძალიან ნათელი და მყუდრო, სტუმრად მოსული ყველა ადამიანი აღნიშნავს, რომ ჩვენთან არის ძალიან კარგი აურა და სიმყუდროვე. ვფიქრობ, ზუსტად ის არის, რაც გვსურდა, რომ გამოსულიყო. გარდა ჩვენი პირადი კომფორტისა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოსულმა ადამიანმა თავი იგრძნოს კომფორტულად,”- რუსკა ჭუმბურიძე

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

დანიელი არქიტექტორის მიერ შექმნილი კომპაქტური კაბინა ბუნების მოყვარულთათვის

როგორ შევარჩიოთ ფერი პატარა სამზარეულოსთვის?