in

ფინ იულის სახლი დანიაში, რომლის დიზაინმა დროს გაუძლო

Banner M2
Banner M2

ფინ იული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დანიელი დიზაინერი და არქიტექტორია, რომლის სტილი ყველაზე კარგად თავად მის საცხოვრებელში გამოიხატება. დიზაინერმა სახლი კოპენჰაგენის ჩრდილოეთ ნაწილში შეიძინა, რათა გარშემორტყმული ყოფილიყო ისტორიული ლანდშაფტითა და არქიტექტურული პროექტებით. მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს Odrupgaard-ის ხელოვნების მუზეუმიც. საცხოვრებელს L-ის ფორმა აქვს, რაც ერთი შეხედვით, მარტივად, თუმცა დახვეწილად და ელეგანტურად გამოიყურება. მნახველებში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს დაბალი სახურავი, შელესილი ფასადი და რამდენიმე ფერადი დეტალი.

ფინ იული და ცნობილი Chieftain Chair ტერასაზე

თეთრ ფერებში გადაწყვეტილი აგურის კედლები გაფორმებულია ისეთი მკვეთრი დეტალებით, როგორებიცაა ფანჯრების ყვითელი და ფირუზისფერი ნაწილები. იულმა სახლი ოცდაათი წლის ასაკში, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ააშენა, როდესაც დანიელები ნაცისტების ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდნენ, რაც მის დიზაინშიც აისახა, რომელიც მაქსიმალურად გამარტივებული და ფუნქციონალურია. იულს სურდა, რომ მისი სახლი საზაფხულო აგარაკის სტილის, კომფორტისა და ელეგანტურობის ნაზავი ყოფილიყო, დახვეწილი, მაგრამ ყოველდღიურ საჭიროებებს მორგებული.

დიდი ფანჯრების დახმარებით ოთახში სინათლე მარტივად ხვდება, ინტერიერი მდიდარია გასულ საუკუნეში შექმნილი დახვეწილი ავეჯით. მაგალითად, ეს ფირუზისფერი სავარძელი იაპონიაშია შექმნილი და 1957 წლით თარიღდება.

მისაღებში ვხვდებით ღია ბუხარსა და Poet Sofa-ს სახელით ცნობილ დივანს, რომელიც იულის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავეჯია. კედელზე ფინის მეუღლის, ჰანე ჰანსენის პორტრეტი კიდია, რომელიც დანიელმა მხატვარმა, ვილჰელმ ლუნდსტრომმა დახატა 1946 წელს.

The 44 Chair 1944 წელს არის შექმნილი და House of Finn Juhl-ის ბრენდს ეკუთვნის.

ინტერიერი ნათელი და ფართოა, რაც გასაკვირი არც არის, რადგან ეს სახლი ერთ-ერთი პირველია დანიაში, რომელსაც ღია გეგმარირება ჰქონდა. რამდენიმე მაღალჭერიანი სივრცე, ღია ხედები და ოთახებს შორის გადასვლები სივრცის განცდას კიდევ უფრო მეტად აღვიძებს.

ინტერიერში გამოყენებული აქცენტები ნათლად მიუთითებს, რომ იული მიეკუთვნება სკანდინავიელი არქიტექტორებისა და დიზაინერების თაობას, რომლებმაც 1920-იანი წლების ბოლოს ფუნქციონალისტური დიზაინის პრინციპები დეტალურად შეისწავლეს. თუმცა იული ბოლომდე არ დამორჩილებია ცივ, მონოქრომულ მიდგომებს და საცხოვრებელში რამდენიმე ფერადი და თბილი შტრიხიც შემოიტანა. ხის ავეჯი, იატაკი და აგურის ფერები დამატებით სითბოს აღძრავს ინტერიერში.

მისაღები ოთახის უკან მოწყობილია მცირე სამუშაო სივრცეც.

ფინ იულის მიერ შექმნილი ხის ავეჯი ოსტატურად არის დამუშავებული. იულმა სახლი თითქმის მთლიანად საკუთარი ავეჯით გააფორმა, ამიტომ ის ასახავს მის, როგორც დიზაინერის კარიერას. ავეჯი მოიცავს 1940-იანი და 1950-იანი წლების საკულტო, მსოფლიოში ცნობილ ნივთებს, რომლებიც აერთიანებს სუფთა თანამედროვე ხაზებს, სკულპტურულ ფორმებსა და მაღალი ხარისხის დანიურ ნაკეთობებს.

სასადილო ოთახს ამშვენებს დიდი, ოვალური ფორმის მაგიდა, რომელიც ვერცხლის ჩანართებით არის გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ ის ვერცხლის ცნობილმა მჭედელმა კეი ბოჯესენმა შექმნა, რომელიც მოგვიანებით თავისი ხის ნაკეთობებით გახდა ცნობილი. მაგიდის ზედაპირზე გამოსახული ვერცხლის დეტალები დასაჯდომ ადგილებს აღნიშნავს.

ხის იატაკი ინტერიერს სითბოს ელფერებს მატებს. სახლის დიდი ფანჯრები გარშემორტყმულია სიმწვანით და მრავალფეროვანი ბაღით.

Chair 48 იულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინია, რომლის სკულპტურული ფორმა დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას მთელს მსოფლიოში.

ერთი რამ, რაც ინტერიერს განსაკუთრებით გამოარჩევს, ფერთა ტონალობების შერჩევაა. იმის მიუხედავად, რომ სახლი ერთი შეხედვით, ღია და სადა ჩანს, კედლები შეღებილია თეთრი საღებავებით, რომლებიც იდეალურადაა შეხამებული ფერად დეტალებთან, მაგალითად ავეჯთან, ნახატებთან და სხვა დეკორაციებთან. სახლში არსებული ხელოვნების ნიმუშების უხვი რაოდენობა კი მასში ინდივიდუალურ ხასიათს აღძრავს.

ფინ იულის სახლი შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ფუნქციონალური გადაწყვეტილებები და შევუხამოთ ისინი ფერად, მკვეთრ აქცენტებს ისე, რომ ინტერიერში გამორჩეული სითბოსა და კომფორტის შეგრძნებები გამოვაღვიძოთ.

7 მარტივი წესი დიზაინში, რომელიც მაქსიმალისტური სტილის სამზარეულოს შექმნაში დაგეხმარებათ

რა სიმაღლეზე უნდა დაყენდეს როზეტები ? – მარტივი გზამკვლევი