in

სერიალ „Friends“-ის შთაგონებით შექმნილი სახლი ორთაჭალაში — შოთა ანდრიაძის ინტერიერი

პროექტი „The One In Tbilisi – F R I E N D Sშოთა ანდრიაძის კიდევ ერთ საინტერესო ნამუშევარია, რომელიც ორიგინალური, საოცრად მომხიბვლელი დიზაინით გამოირჩევა. ცნობილი ამერიკული სერიალის, „Friends“-ის („მეგობრები“), შთაგონებით შექმნილი ინტერიერი ორთაჭალაში, დიმიტრი გულიას ქუჩაზე მდებარეობს. ბინის საერთო ფართობი 78 მ2-ია.

შოთა ანდრიაძემ საცხოვრებელი 2022 წლის ზამთარში შეიძინა. სახლის შერჩევისას გადამწყვეტი ფაქტორი მისი ადგილმდებარეობა აღმოჩნდა, რადგან მეპატრონეს ძალიან უნდოდა, სახლი ძველი თბილისის მიმდებარედ ყოფილიყო. გარდა ამისა, სივრცე გადატიხრული არ უნდა ყოფილიყო. იმის გამო, რომ შოთამ ბინა შავი კარკასის მდგომარეობაში შეიძინა, სარემონტო სამუშაოების დაწყება თითქმის ნულიდან მოუწია. მთავარი გამოწვევაც ტიხრებსა და გაყვანილობის მოწყობას უკავშირდებოდა.

როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, სახლის გეგმარება თავად შეასრულა, რადგან უნდოდა, საცხოვრებელი რაც შეიძლება მეტად დამსგავსებოდა საყოველთაოდ აღიარებული სერიალის ერთ-ერთი გმირის, მონიკა გელერის, ბინის არქიტექტურას. როგორც თავად გვიყვება, მას შემდეგ, რაც სერიალი პირველად ნახა, მისი აქტიური გულშემატკივარი გახდა და თითოეული პერსონაჟი შეუყვარდა. მახსოვს, პირველად 2000 ან 2001 წელს ვნახე „Friendsის ერთერთი ეპიზოდი და, შეიძლება ითქვას, მისით სწორედ ი დღიდან მოვიწამლე. თითოეული ეპიზო ხუთჯერ და მეტჯერ ნახვის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, მსგავს ინტერიერში მეცხოვრა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ეპიზოდის გამოსვლიდან 29 წელი გავიდა, ბევრს, განსაკუთრებით კი სიტკომის ფანებს, დღემდე ახსოვთ მონიკა გელერის ბინის შთამბეჭდავი ინტერიერი“, — გვიყვება შოთა ანდრიაძე.

პროექტის ავტორი მაქსიმალურად ეცადა, ავეჯით, ტექსტილითა და დეკორაციებით ისეთი გარემო შეექმნა, რომ ადამიანს ეფიქრა, სადაცაა ყვითელჩარჩოიან იასამნისფერ კარს 6 მეგობრიდან ერთ-ერთი – მონიკა, ჩენდლერი, როსი, რეიჩელი, ფიბი ან ჯოუ – შემოაღებსო. შოთას აზრით, მიზანს მიაღწია, რადგან  სახლში ეს მართლაც იგრძნობა.

საცხოვრებელი სტუდიურ ნაწილს, ორ საძინებელს, სველ წერტილსა და აივანს აერთიანებს.

ინტერიერის შექმნის პროცესში შოთას მთავარი მიზანი მონიკა გელერის ბინის ესთეტიკის გაცოცხლება იყო. იმ დეტალების ნუსხა, რომელიც ამ მიზნის შესასრულებლად იყო საჭირო, საკმაოდ დიდი აღმოჩნდა: „ვეცადე, ეკრანიდან სახლში გადმომეტანა: იასამნისფერი კედლები, იასამნისფერი და მწვანე კარები, ცისფერი სამზარეულო, ხის მასიური ოვალური მაგიდა, ფერადი სასადილო სკამები, შავი ფერის დატიხრული ვიტრაჟი, ფერადი ფარდები, მონიკას ხის საწოლი, უამრავი სურათი, პოსტერი, გელერების ტროფეი (ჯილდო), კერამიკული ორცხობილას სათავსო, პინგვინი, სახელად ჰაგზი, კედლის ტრაგიკომიკური ნიღბების დეკორაცია, „ფიბის ბებიის რეცეპტების კრებული“ Nestle Toll House-ის სახით, სტივენ კინგის წიგნი „ნათება“ , რომელსაც, როგორც შეშინებული ჯოუი, ჩვენც საყინულეში ვინახავთ, და კიდევ უამრავო თემატური დეტალი“, — ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

სახლში შესვლისთანავე მნახველი ფერად, ზღაპრულ სამყაროში ხვდება, რომელშიც კონტრასტული ტონალობები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის. შემოსასვლელ, სასადილო და სამზარეულო ზონაში იასამნისფერ, მწვანე და ცისფერ ფერთა გამას ვხვდებით, რომელშიც, აქცენტის სახით, სხვადასხვა ფერია ჩართული.

სამზარეულო პატარა, თუმცა ძალიან მყუდროა. მასში თითოეულ ნივთს დეკორატიული დატვირთვაც აქვს. აღსანიშნავია აგურის კედელი, რომელიც ცისფერ ავეჯს იდეალურად ეხამება.

სასადილო მაგიდასთან ორიგინალური დიზაინის სკამებია განთავსებული, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის ფარდების დიზაინს. სივრცის ყველა ნაწილი სავსეა დიზაინობიექტებითა და აქსესუარებით. ამის მიუხედავად, ინტერიერი გადატვირთული არ არის, რადგან ყველა დეტალი ერთმანეთს ეხამება.

გამორჩეულია მოსასვენებელი კუთხე, რომლის კედლები იასამნისფრადაა შეღებილი. დომინანტური ფერის დასაბალანსებლად აქ ხის ავეჯი და თეთრი ფერის კომფორტული დივანია განთავსებული.

იასამნისფერი სააბაზანო ოთახშიც მეორდება. მის ფონზე სადა დიზაინის ფილები იდეალურად გამოიყურება. სახლის დანარჩენი ზონების მსგავსად, აქაც იგრძნობა განსაკუთრებული განწყობა.

ერთ-ერთი საძინებელი ღია ვარდისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი. მასში ორიგინალური დიზაინის საწოლს ვხვდებით. ოთახში კონტრასტს ქმნის მუქი მწვანე ფარდები და იასამნისფერი კარი. საინტერესო იერსახე მიიღება ბეტონის ჭერზე ფერადი ქოლგების დეკორაციის გამოყენებითაც.

მეორე საძინებელი შედარებით სადა ინტერიერით ხასიათდება. მასში მწვანე და თეთრი ტონალობაა შერწყმული. სივრცის სრულად ათვისების მიზნით, ზონაში ორსართულიანი საწოლი დგას და პატარა სამუშაო კუთხეა მოწყობილი.

ინტერიერში გამოყენებული ყველა ელემენტი დიდი ფიქრის შედეგია. თითოეული ნივთი, პრაქტიკული დანიშნულების გარდა, დეკორაციის ფუნქციასაც ითავსებს და სივრცეში ზღაპრულ გარემოს ქმნის. შეიძლება ითქვას, რომ შოთა ანდრიაძემ მიზანს მიაღწია: სახლში მყუდრო, სახასიათო, მიმზიდველი გარემო შეიქმნა, რომელიც, რაც ყველაზე მთავარია, მნახველს საკულტო სერიალის სამყაროში ამოგზაურებს.

ამჟამად ბინა გასაქირავებლად airbnb-ის პლატფორმაზეა გამოტანილი.

პროექტის ავტორი: შოთა ანდრიაძე 

სამზარეულოს ავეჯი: „New Art“

იატაკის საფარი: „იდეალი“

აბაზანის ფილები: „იდეალი“

შემრევები: „იდეალი“

კედლის მოპირკეთება: „იდეალი“

ნეონის განათება: „Neon Gallery“

MDF-ის ფერადი კარი: „BETA“

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ფოტოგრაფი: რომა სარქისიანი

ბაღის მოწყობის ძირითადი პრინციპები – ლანდშაფტის დიზაინერ ანა დავრიშაშვილის რჩევები

9 სამშენებლო მოწყობილობა, რომლებიც რემონტის პროცესს გაგიმარტივებთ