in

როგორ გავიგო, თუ რა სიმძლავრის გამათბობელი ქვაბი სჭირდება ჩემს ბინას? – ექსპერტის რჩევები

გამათბობლის ქვაბები და ცენტრალური გათბობა ამ სეზონზე განსაკუთრებით აქტუალური თემაა. როგორ ხდება ქვაბის სწორად შერჩევა და რა სიმძლავრის გათბობის ქვაბი სჭირდება კონკრეტულ ბინას – ეს ის საკითხებია, რომლებიც ადამიანთა დიდ ნაწილში დაბნეულობას იწვევს. დღეს მოგიყვებით იმ ძირითად ასპექტებზე, რაც სასურველი პროდუქტის შერჩევაში დაგეხმარებათ.

როგორი ტიპის გამათბობლის ქვაბები არსებობს?

არსებობს ერთკონტურიანი და ორკონტურიანი ქვაბები.

ქვაბი ერთი კონტურით მხოლოდ გათბობისთვისაა განკუთვნილი და ცენტრალური გათბობის სისტემას უკავშირდება. ამ შემთხვევაში თქვენ დამატებით ცხელი წყლის გამაცხელებელი ქვაბი ან სხვა რაიმე მოწყობილობა გჭირდებათ. ორკონტურიანი მოდელი კი უზრუნველყოფს როგორც გათბობას, ასევე ცხელი წყლის მიწოდებასაც.

ამას გარდა, განარჩევენ კედლის ქვაბს, რომელიც განკუთვნილია ბინებისა და კერძო სახლებისთვის და იატაკზე დასადგმელ ქვაბს, რომელსაც დიდი ფართობის მქონდე სივრცეებისთვის იყენებენ და ის საგანგებოდ გამოყოფილ ადგილს საჭიროებს.

როგორ შევარჩიოთ გამათბობლის ქვაბები?

იმის დასადგენად, თუ რა კრიტერიუმებით განისაზღვრება სწორად შერჩეული, ბინის ფართზე მორგებული ქვაბი, ჩვენ კომპანია „ცელსიუსს” მივმართეთ. კომპანიის წარმომადგენლების თანახმად, ცენტრალური გათბობის სისტემაში იდეალური სითბოს მისაღებად ყველა კომპონენტი უნდა იყოს გათვალისწინებული: მილები, რადიატორები, გათბობის ქვაბები და სწორი გაყვანილობა. ცენტრალური ქვაბების დასახასიათებლად მნიშვნელოვანია სიმძლავრე, რომელსაც კილოვატებში ზომავენ. ამის მიხედვით ქვაბები სხვადასხვა ფუნქციებითა და მახასიათებლებით განსხვავდება როგორც ტექნიკური, ასევე ვიზუალური კუთხით. მაქსიმალური კომფორტის მისაღწევად შესაძლებელია მისი დისტანციურად მართვა. მაგალითად, სახლში მიუსვლელად ქვაბის ჩართვა ან გამორთვა.

“ცელსიუსის” წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ სწორად შერჩეული ქვაბი კვადრატულობისა და ჭერის სიმაღლის მიხედვით დგინდება. სტანდარტულად, 40-120 კვადრატული მეტრი ფართის შემთხვევაში, არჩევანს 18 კილოვატის სიმძლავრის ქვაბზე აკეთებენ, რომელსაც გასათბობად და ცხელი წყლის მისაღებად იყენებენ. იმ შემთხვევაში, თუ ფართი 100-160 კვადრატული მეტრია, რეკომენდებულია 24 კილოვატი, ხოლო 120-200 კვადრატულ მეტრზე 28 კილოვატიანი ცენტრალური გათბობის ქვაბი დაგჭირდებათ.

საქართველოში არსებული ბინების ძირითადი ნაწილი ამ ფართებზეა გათვლილი, სწორედ ამიტომ, მსგავსი მოცულობის ქვაბები ყველაზე მოთხოვნადია ჩვენს ქვეყანაში. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ეს ზოგადი მონაცემებია, რასაც ძირითადად, ძველი (არსებული) ქვაბის შეცვლის შემთხვევაში იყენებენ.

პროდუქტის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ ის ხარჯიც, რომელსაც ქვაბი გასათბობად მოიხმარს. ამ მხრივ, იდეალური გადაწყვეტილებაა კონდენსაციური ტიპის გათბობის ქვაბი, რომელიც დაახლოებით 40%-მდე დანაზოგს აკეთებს.

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ქვაბის შეძენისას ყურადღება გამახვილდეს ქვემოთ მოცემულ დამატებით დეტალებზეც:

  •  სპილენძის თბომცვლელი – რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ გაცხელებას, გაზრდილ გამძლეობასა და ენერგოეფექტურობას;
  •  მაღალი ეფექტურობა – იმისათვის, რომ მოხდეს ხარჯების შემცირება (კონდენსაციურ  ქვაბებში);
  •  დისტანციური მართვა – აქსესუარების მიერთებით;
  •  ვიზუალი – თხევად კრისტალური დისპლეი ყველა პარამეტრის მარტივად დასარეგულირებლად;
  • ბრენდის ოფიციალური გარანტია – რაც მეტია გარანტიის პერიოდი, უფრო მეტად ვართ დაცული და პროდუქტის ხარისხიც მაღალია.

ცელსიუსის“ წარმომადგენლები საუბრობენ სპეციალისტის საჭიროების მნიშვნელობაზეც. ნებისმიერი ბინის გათბობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი თბოიზოლაცია აქვს ფართს, როგორია ჭერის სიმაღლე, კედლების სისქე და ფანჯრების რაოდენობა. ასევე გასათვალისწინებელია კუთხის ბინაა თუ საკუთარი სახლი. სპეციალისტის სტუმრობით თქვენ ზუსტად განსაზღვრავთ თბოდანაკარგის დონეს, რადიატორების საჭირო რაოდენობას, მილების გაყვანილობას და სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეარჩევთ შესაბამისი სიმძლავრის ქვაბს.

რომ შევაჯამოთ, გათბობის ქვაბის შერჩევისას გასათვალისწინებელია ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა ბინის კვადრატულობა, ჭერის სიმაღლე, კედლების სისქე, კარ-ფანჯრის პარამეტრები და თბოდანაკარგის განსაზღვრა. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, რომ ერთი და იმავე ფართობის მქონე ბინას განსხვავებული სიმძლავრის გამათბობელი ქვაბი დასჭირდეს. სწორედ ამიტომ, პროდუქტის არჩევამდე აუცილებელია სპეციალისტის ჩართვა, ადგილის წინასწარ დათვალიერება და ბინისთვის განკუთვნილი, შესაბამისი სიმძლავრის ქვაბის შერჩევა, რათა მომავალში არ მოხდეს გართულებები და თავიდან აირიდოთ ზედმეტი დანახარჯი.

ტიპური მალაიზიური სახლი — ZLG Design-ის პროექტი

სამზარეულოს განახლება — 5 რამ, რაც წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ