in ,

გუსტავ ეიფელი – ადამიანი, რომელმაც პარიზის იერი შეცვალა

Alliance Group
Alliance Group

გამოჩენილი ფრანგი ინჟინრის სახელი, პარიზის შუაგულში მდებარე  გრანდიოზული ლითონის კონსტრუქციის – ეიფელის კოშკის წყალობითაა ცნობილი. დღეს გუსტავ ეიფელის სიცოცხლის საინტერესო ფაქტებზე, ასევე მის ყველაზე ცნობილ პროექტებზე ვისაუბრებთ.

7 ფაქტი ეიფელის შესახებ

გუსტავ ეიფელი

1. გუსტავ ეიფელი, რომელმაც პარიზისთვის ამდენი გააკეთა, გერმანული წარმომავლობის იყო. ინჟინრის ნამდვილი სახელი – გუსტავ ბენიკჰაუზენია, ასე იყო ის 1880 წლამდე დარეგისტრირებული. მისი წინაპრები საფრანგეთში მე-18 საუკუნის დასაწყისში გადმოსახლდნენ. გვარი „ეიფელი“ ინჟინრის ოჯახმა დასავლეთ გერმანიაში დასახლებული მოყვარეების საპატივცემულოდ აიღო.

2. ეიფელი ცუდად სწავლობდა. ბავშვობაში, სამეფო ლიცეუმში სწავლის დროს ის გაკვეთილების მომზადებას დროის კარგვად მიიჩნევდა. მხოლოდ უფროს კლასებში, ისტორიისა და ლიტერატურის მასწავლებლების ზეგავლენით, ეიფელი სწავლას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდა.

3. ეიფელზე დიდი გავლენა ბიძამისმა – ჟან ბატისტ მოლლერატმა იქონია. ის მსხვილ ქიმიურ ქარხანას ფლობდა და ძმრის გამოხდის ტექნოლოგიის ავტორი იყო. მისი მეგობარი ქიმიკოსი მიშელ პერეს დახმარებით მან დისშვილს ქიმია და სამთო საქმე შეასწავლა.

4. პარიზის მსოფლიო გამოფენას ეიფელი პირველად 1855 წელს ეწვია. ბილეთი გუსტავს დედამ შეუძინა. 34 წლის შემდეგ გუსტავი გამოფენასთან „ეიფელის კოშკს“ ააშენებს, რომელიც მის სახელს ისტორიის ფურცლებზე აღბეჭდავს.

მსოფლიო გამოფენა საფრანგეთში 1855 წ.

5. ეიფელის პირველი ანაზღაურებადი სამსახური რკინიგზის ინჟინრის მდივანის პოზიცია იყო.

6. სკანდალი, რომელიც პანამის არხის ირგვლივ აგორდა, ეიფელსაც შეეხო. ის არხის მშენებლობის დროს ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს. 1893 წელს ეიფელს 2 წლიანი პატიმრობა და დიდი ჯარიმა მიუსაჯეს. დანაშაულის ხანდაზმულობის გამო, განაჩენის აღსრულება გააუქმეს, თუმცა ინჟინრის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა.

პანამის არხის მშენებლობა

7. ეიფელი საფრანგეთში 91 წლის ასაკში, მის სასახლეში, ბეთჰოვენის მე-5 სიმფონიის მოსმენის დროს გარდაიცვალა.

ეიფელის მნიშვნელოვანი პროექტები

ეიფელის კოშკი

პარიზის მთავარი სიმბოლო მსოფლიო გამოფენის გახსნის დღისთვის 1889 წელს აშენდა. თავიდან ის დროებით ნაგებობად იყო ჩაფიქრებული. პროექტის იდეა ეიფელს არ ეკუთვნის. პირველი ესკიზი მორის კეშლენის ბიუროს თანამშრომელმა შექმნა.

პარიზის შემოქმედებითი ინტელიგენციის რეაქცია ნეგატიური იყო. მწერლები და მხატვრები მერიაში მშენებლობის შეჩერების მოთხოვნის წერილებს აგზავნიდნენ. ისინი შიშობდნენ, რომ სამასმეტრიანი კონსტრუქცია ქალაქის ისტორიულ იერსახეს დააზიანებდა.

დღეს ეიფელის კოშკი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ღირსშესანიშნაობაა. პანდემიამდე მას წელიწადში დაახლოებით 7 მილიონი ტურისტი სტუმრობდა.

ეიფელის კოშკი

თავისუფლების ქანდაკება

ეს ღირსშესანიშნაობა წინამორბედზე არანაკლებ ცნობადია, თუმცა ყველამ არ იცის, რომ მისი ინჟინერი გუსტავ ეიფელია.

თავისუფლების ქანდაკება ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის ასი წლის თავისთვის დამზადებული საჩუქარი იყო. სკულპტურის ავტორი ფრედერიკ ბარტოლდია, რომელიც ქანდაკების იერზე იყო პასუხისმგებელი.

პროექტის განხორციელების დროს ბარტოლდიმ ეიფელს მიმართა. ინჟინერმა შემაკავებელი კონსტრუქცია და ლითონის საყრდენი შექმნა, რომლის წყალობითაც უზარმაზარი ქანდაკების გადატანა ატლანტიკური ოკეანის გავლით გახდა შესაძლებელი.

თავისუფლების ქანდაკება

მარია პიას ხიდი

1975 წელს პორტუგალიის რკინიგზის სამეფო კომპანიამ მდინარე დორაზე ხიდის მშენებლობაზე კონკურსი გამოაცხადა. ეიფელმა კონკურენტებთან შედარებით ყველაზე იაფი ვარიანტი გამოიტანა და გაიმარჯვა კიდეც.

ინჟინრის წინაშე რთული ამოცანა იდგა: მდინარის ფსკერი არამყარი ქანებისგან შედგებოდა, ამიტომ წყალში საყრდენების ჩაყენება არ გამოვიდოდა. საბოლოოდ ეიფელმა ხიდის კონსტრუქცია დაამზადა, რომლის ერთი მხარი 160 მეტრს შეადგენდა (ასეთი გრძელი ხიდები იმ დროისთვის არ არსებობდა). დღეს მარია პიას ხიდს ნაციონალური ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული და ის დანიშნულებისამებრ არ გამოიყენება.

მარია პიას ხიდი

ვიადუკ გარაბი

პორტუგალიაში აშენებული მარია პიას ხიდის გამოცდილების მქონე ეიფელს მდინარე ტრუიერის ხიდის მშენებლობაც მიანდეს. ვიადუკ გარაბის სიმაღლე 124 მეტრია, სიგრძე კი 564 მეტრი. მშენებლობის მომენტში ის მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდი იყო.

ვიადუკ გარაბი

ობსერვატორიის გუმბათი ნიცაში

ნიცის ობსერვატორიის მბრუნავი გუმბათის დიამეტრი 24 მეტრია, წონა კი დაახლოებით 100 ტონა. მიუხედავად ამისა, ეიფელმა გუმბათი იმგვარად დააპროექტა, რომ ის ერთი ადამიანის მიერ ჯალამბრის მეშვეობით მოძრაობაში ადვილად მოდის. საიდუმლო იმაშია, რომ ინჟინერმა გუმბათის ტივტივაზე მოთავსება მოახერხა. უკანასკნელი რკალისებრ არხშია მოთავსებული. ზამთარში სითხის გაყინვის არიდების მიზნით, ეიფელმა არხში კალიუმის კარბონატი დაამატა.

ობსერვატორია ნიცაში

ლითონის სახლი

კაუჩუკის ციებ-ცხელების პერიოდში პერუს მრავალი პლანტატორი გამდიდრდა. მათ შორის ერთ-ერთი დონ ანსელმო დე აგილა იყო, რომელმაც იკიტოსში ლითონის სახლის აშენება გადაწყვიტა. იმ დროს ქალაქში ძირითადად ხის სახლები იდგა და ლითონის სახლის აშენება უმაღლეს ფუფუნებად ითვლებოდა.

ეიფელმა სახლის პროექტი შეიმუშავა, ბელგიაში კონსტრუქცია ჩამოასხა და გემით ატლანტიკური ოკეანით გააგზავნა.

სამწუხაროდ, ლითონის სახლი საცხოვრებლად გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ზაფხულში ლითონი ხურდებოდა და შიგნით ყველაფერი წარმოუდგენლად იხუთებოდა. ამჟამად ლითონის სახლში სუვენირების მაღაზია და კაფეა მოწყობილი.

ლითონის სახლი

გეშტალტთერაპიიდან სანათების დიზაინამდე

ეკლექტურ სტილში გაფორმებული მე-18 საუკუნის პარიზული თაუნჰაუსი