in

Herman Miller – ავეჯის ნოვატორი ბრენდის ისტორია

თუ ნებისმიერი ტიპის საოფისე გარემოში მუშაობთ, შესაძლოა, ჰერმან მილერის შესახებ გსმენიათ. ნაცნობად ჟღერს? შეიძლება, თქვენ ახლა მის ერთ-ერთ სკამზე ზიხართ. ჰერმან მილერი 1990-იანი წლებიდან ერგონომიული საოფისე სკამების წამყვანი მწარმოებელია. 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, საოფისე სკამების ვერცერთმა სხვა მწარმოებელმა ვერ შეძლო ჰერმან მილერის დიზაინის დაჯაბნა.

მაგრამ როგორ მოხდა ეს? როგორ შეიძლება ერთმა კომპანიამ ჰერმან მილერის Aeron-ის მსგავსი სრულყოფილი სკამი შექმნას? ბევრი პროდუქტის მსგავსად, Aeron ყველაზე გაყიდვადი სკამი ერთ ღამეში არ გამხდარა. კომპანიამ თავისი ხელობის სრულყოფაში ათწლეულები გაატარა.

Star Furniture Company-ის დასაწყისი

თავად პიროვნება – ჰერმან მილერი საერთოდ არ აპირებდა საოფისე ავეჯის შექმნას. სინამდვილეში, ამ კომპანიის ისტორია ჰერმან მილერითაც კი არ იწყება.

2010 წლის აღწერით, ზელანდიის მოსახლეობის რაოდენობა 5,504-ს შეადგენდა. წარმოიდგინეთ პატარა ქალაქი, რომელიც მიჩიგანის ტბიდან არც თუ ისე შორს და კანადასთან ახლოს მდებარეობს. 1905 წელს აქ კიდევ უფრო მცირე რაოდენობის მოსახლეობა ცხოვრობდა და ტბის გაღმა – ქალაქ ჩიკაგოში, ისევე, როგორც შეერთებული შტატების დანარჩენ ტერიტორიაზე, რასობრივი ურთიერთობები არასტაბილური იყო. რუსეთ-იაპონიის ომი მძვინვარებდა და პორტსმუთის ხელშეკრულება ჯერ კიდევ არ იყო ხელმოწერილი.

მსოფლიოს ამ პატარა კუთხეში, ქალაქ ზელანდიაში The Star Furniture Company გაიხსნა. კომპანია სპეციალიზებული იყო მაღალი ხარისხის საძინებლის კომპლექტის შექმნაში. ოთხი წლის შემდეგ – 1909 წელს მას Michigan Star Furniture Company ეწოდა. იმავე წელს ამ კომპანიაში კლერკად მუშაობა დირკ იან დე პრემ დაიწყო.

ჰერმან მილერის ისტორია: როგორ დაერქვა კომპანიას სახელი

დირკ იან დე პრემ Star Furniture Company-ში მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო. ათი წლის შემდეგ, 1919 წელს იგი კომპანიის პრეზიდენტი გახდა. ამ თანამდებობის დაკავებიდან მალევე დე პრემ სიმამრს მიმართა.

1923 წელს დე პრემ სიმამრი – ჰენრი მილერი დაარწმუნა, რომ Star Furniture Company-ის აქციების უმეტესი ნაწილი ეყიდა. გარიგების შემდეგ კომპანიას Herman Miller Furniture Company ეწოდა.

ჰერმან მილერის ბრენდი

მიუხედავად იმისა, რომ ჰერმან მილერი ცნობილი კომპანიაა, ადამიანების უმრავლესობამ მისი ბრენდის შესახებ ბევრი რამ არ იცის. მათ, ვისაც სახელი სმენია, შეიძლება, ინფორმაცია მხოლოდ საოფისე ავეჯის შესახებ ჰქონდეს. უმეტესობამ არ იცის, რომ 1927 წელს დე პრემ Herman Miller Clock Company დააარსა.

კომპანია ტრადიციული დიზაინის საათებს ქმნიდა. სხვა კომპანიების მსგავსად, 1930-იან წლებში ჰერმან მილერმაც განიცადა მნიშვნელოვანი ზარალი დიდი დეპრესიის გამო. კომპანიის ერთ-ერთ შოურუმზე გილბერტ როდი დე პრეს მიუახლოვდა და წარმოების ცვლილება შესთავაზა. როდმა დაარწმუნა დე პრე ტრადიციულის ნაცვლად ისეთი ავეჯი შეექმნა, რომელიც ხალხს რეალურად სჭირდებოდა.

იმაში დარწმუნებულნი, რომ წარმოების ეს ცვლილება გაყიდვებს გაზრდიდა, დე პრე და როდი გაერთიანდნენ. ავეჯის ახალი ხაზის შესაქმნელად ისინი გულმოდგინედ მუშაობდნენ და 1933 წელს ჰერმან მილერმა ჩიკაგოში ახალი დიზაინის ავეჯი წარმოადგინა.

ოფისის ავეჯი

როდის ხედვის წყალობით კომპანიამ ინდუსტრიულ დიზაინში ახალი ნიშა იპოვა. ერთ-ერთი პირველი დიზაინი, რომელიც როდმა ჰერმან მილერისთვის შექმნა, იყო Executive Office Group. ეს ნიშნავდა კომპანიის ახალ საწარმოო მიმართულებას – საოფისე ავეჯს. დიდი დეპრესიის შედეგად, დე პრემ გადაწყვიტა, რომ პირველ რიგში, დიდ კომპანიებზე ორიენტირებულიყო.

ეს ცვლილება მომგებიანი აღმოჩნდა. დე პრემ შენიშნა, რომ სახლის ავეჯიდან საოფისე ავეჯზე გადასვლის შედეგად, კომპანიის გაყიდვები გაიზარდა. ჰერმან მილერმა დიდი დეპრესიის პერიოდის გადატანა შეძლო.

1944 წელს ტრაგედია დატრიალდა – გილბერტ როდი გარდაიცვალა და ჰერმან მილერი მთავარი დიზაინერის გარეშე დარჩა. დე პრემ იცოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მთავარი დიზაინერის როლი, ამიტომ ახალი ტალანტის ძებნა მაშინვე დაიწყო.

მომდევნო წელს დე პრემ ჟურნალ Life-ში ჯორჯ ნელსონის შესახებ სტატია წაიკითხა. ნელსონის Storagewall-ის დიზაინმა დე პრეს უბიძგა ნელსონი ჰერმან მილერის მთავარ დიზაინერად აეყვანა.

ნელსონის ერა

ჰერმან მილერთან მუშაობისას, ნელსონმა კომპანიის კორპორატიული იმიჯი სრულიად შეცვალა. იმიჯის ცვლილების ერთ-ერთი გზა იყო ახალი ლოგოს შექმნა – საუბარია “m” ლოგოზე, რომელსაც დღეს ვხედავთ.

მას შემდეგ, რაც ჩარლზ და რეი იმსებმა თავიანთი შრეებიანი ფიცრის ავეჯი წარმოადგინეს, დე პრემ და ნელსონმა იმსების გადაბირება გადაწყვიტეს. როდესაც ჰერმან მილერის მოდაში იმსების ნამუშევრები გამოჩნდა, შეიქმნა ცნობილი Eames chair და Eames lounge chair.

შრეებიანი ფიცრის ნაწარმი იმდენად პოპულარული გახდა, რომ კომპანიამ მრავალი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა.

1948 წელს ნელსონმა მყარი ყდის მქონე ჰერმან მილერის კატალოგი შექმნა. ის საკოლექციო საგანი გახდა და პირველი კატალოგი იყო, რომელიც უფასო მიწოდების ნაცვლად, გაიყიდა.

ჰერმან მილერი XX საუკუნის შუა ხანებში: თანამედროვე დიზაინი

იცით, რა არის სკანლონის გეგმა? ეს არის მოგების გაზიარების პროგრამა. ამ გეგმის მიხედვით, თანამშრომლები დაჯილდოვდებიან გარკვეული თანხით, რომელიც გეგმის განხორციელებამდეა დადგენილი. ეს არის კონკურენტული სისტემა, რომელიც ჯილდოებზეა დაფუძნებული. დე პრე დოქტორ კარლ ფროსტთან მუშაობდა, რათა ეს გეგმა კომპანიაში დაენერგა. ფროსტი კომპანიას მრავალი წლის განმავლობაში ეხმარებოდა.

XX საუკუნის შუა ხანებისთვის სახელი ჰერმან მილერი თანამედროვე ავეჯის სინონიმად იქცა. ლეგენდარულ დიზაინერებთან – ჯორჯ ნელსონთან, ჩარლზ და რეი იმსებთან ერთად, კომპანიამ შექმნა ნამუშევრები, რომლებიც ინდუსტრიული დიზაინის კლასიკა გახდა.

ჰერმან მილერის ექსპანსია

იმ წარმატების შემდეგ, რაც კომპანიამ 1950-იან წლებში განიცადა, ჰერმან მილერი საგრძნობლად გაფართოვდა. 1960 წელს ის ცნობილი გახდა, როგორც Herman Miller Inc. გარდა ამისა, მიჩიგანში გაიხსნა ჰერმან მილერის კვლევის განყოფილება, რომელსაც რობერტ პროპსტი მართავდა.

ნელსონმა, იმსებმა და პროპსტმა შექმნეს უნიკალური ავეჯი, რომელმაც ამ ბაზარზე რევოლუცია მოახდინა. ჰერმან მილერმა, იმ დროისთვის ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ კომპანიას დილერები აფრიკაში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, იაპონიაში და ბევრ სხვა ქვეყანაში ჰყავდა.

ნელსონი, იმსები და პროპსტი გულმოდგინედ მუშაობდნენ საოფისე ავეჯის და ოფისის განლაგების შექმნაზე. შემდეგ, ნელსონმა და პროპსტმა საზოგადოებას AO გააცნეს.

AO (Action Office) სამოქმედო ოფისს ნიშნავს. ეს სისტემა ნელსონმა და პროპსტმა შექმნეს. კომპანიამ AO საზოგადოებას 1968 წელს გააცნო. AO იყო პირველი ღია გეგმარების ოფისი. ამ ტიპის საოფისე გარემო დღესდღეობით ბევრად უფრო გავრცელებულია. ჰერმან მილერი რომ არა, ღია გეგმარების ოფისი შეიძლება ათწლეულების შემდეგ ან არასოდეს შექმნილიყო.

ჰერმან მილერი: საოფისე ავეჯის დიზაინერი

1969 წელს დირკ იან დე პრე თანამდებობიდან გადადგა და პოსტი თავის ვაჟს – ჰიუ დე პრეს დაუთმო. ჰიუ მამის ნაბიჯებს მიჰყვა და კომპანიას ლიდერობა შეუნარჩუნა. ბოლო 50 წლის განმავლობაში Herman Miller Inc. თავის სფეროში მოწინავე კომპანია იყო. 20 წელზე მეტი ხნის მანძილზე კომპანია საოფისე სკამების ერგონომიკაში წამყვანი მწარმოებელია შემდეგი პროდუქტების წყალობით: Aeron Chair, Ergon Chair და Sayl Chair.

დირკ იან დე პრე, ადამიანი, რომელმაც ჰერმან მილერის სახელი შექმნა, 1993 წელს გარდაიცვალა. მან დატოვა მემკვიდრეობა და უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი კომპანია. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩვენ კომპანიების ზრდა და დაცემა ვიხილეთ. ზოგიერთი საუკუნის დასასრულს დაეცა, ზოგი კი – მალევე, თუმცა ჰერმან მილერი კვლავ მტკიცედ დგას. კომპანიის მრავალფეროვნება და დროსთან ადაპტაციის უნარი Herman Miller Inc.-ის წარმატების მთავარ ფაქტორად იქცა.

ტური ბრუკლინელი ინტერიერის დიზაინერის საოცნებო საოჯახო სახლში

რამდენიმე ჭკვიანური ხერხი პატარა სასადილო ოთახის მოსაწყობად