in

UP5 Chair – გაეტანო პეშეს მიერ შექმნილი სავარძლის საკულტო დიზაინი

გაეტანო პეშეს არქიტექტორს, მხატვარსა და დიზაინერს, ორმოცწლიანი კარიერა აქვს შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აზიაში არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების, ინტერიერის დიზაინის, სამრეწველო და საგამოფენო დიზაინის სფეროებში.

პეშეს ნამუშევრებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქმნილებაა 1969 წელს შექმნილი UP ავეჯის სერია. ქაფისგან დამზადებული ავეჯი შთაგონებულია ქალის სილუეტებით და აქვს ფაფუკი, ბურთის მაგვარი დიზაინი. 1968 წელს, როდესაც გაეტანო პეშე შხაპს იღებდა, მან აღმოაჩინა, რომ ღრუბელი შეკუმშვის შემდეგ მალევე დაუბრუნდა თავდაპირველ მდგომარეობას. სწორედ ამ მოვლენამ გამოიწვია მასში კითხვა: რა მოხდებოდა თუ იმავე პრინციპით დამზადდებოდა სკამის დიზაინიც?

მოდელზე მუშაობა მან პარიზის ატელიეში დაიწყო, სადაც ექსპერიმენტების ჩატარებით გახლდათ დაკავებული. ამ დროს დიზაინერი პოლირეთანის ქაფის გამოყენებით შექმნილ სკამის დიზაინზე მუშაობდა. ძალიან მალე პეშემ შეიმუშავა გრავიტაციის საწინააღმდეგოდ მოქმედი მოდელი, რომელსაც UP5 Chair უწოდა.

ავეჯის მწარმოებელი კომპანია B&B Italia სკამის პირველი მოდელის ნახვის შემდეგ იმდენად მოიხიბლა, რომ შემდეგ წელს უკვე შექმნა პეშეს სკამების მთელი კოლექცია. ეს სკამი იყო ინოვაციური, ადვილად ტრანსპორტირებადი და რაც მთავარია, ძალიან კომფორტული.

1973 წელს ამ მოდელის წარმოება შეწყდა, რადგან აღმოჩნდა, რომ ფრეონი, რომელიც პოლირეთანთან იყო შერეული, საფრთხეს უქმნიდა ოზონის ფენას, მაგრამ იმის გამო, რომ ამ დროს დიზაინი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, დაიწყო მუშაობა მის ეკოლოგიურ ჩანაცვლებაზე, რომელიც გაყიდვაში 2000 წლიდან გამოჩნდა.

დღეს ეს პროდუქტი კვლავ B&B Italia-ს მიერ იწარმოება. სკამის შეძენა მსურველებს განსხვავებულ ფერებსა და ფორმებში შეუძლიათ და მისი ფასი დაახლოებით $500-დან იწყება, თუმცა არსებობს კონკრეტული მოდელებიც, რომელთა ღირებულება $5000-მდე აღწევს.

Magis – შრომითა და გამბედაობით შექმნილი იტალიური ბრენდის ისტორია

5 მიზეზი თუ რატომ უნდა შეარჩიოთ ალუმინის რადიატორი სახლისთვის