in

გაეტანო პეშე – “პროვოკატორი” არქიტექტორი და დიზაინერი იტალიიდან

2024 წლის 3 აპრილს, 84 წლის ასაკში მსოფლიოსთვის ერთ-ერთი კარგად ნაცნობი და ლეგენდარული ფიგურა, “პროვოკატორი” დიზაინერი – გაეტანო პეშე გარდაიცვალა. გაეტანო პეშეს, არქიტექტორს, მხატვარსა და დიზაინერს, ორმოცწლიანი კარიერა აქვს შეერთებულ შტატებში, ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აზიაში არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების, ინტერიერის დიზაინის, სამრეწველო და საგამოფენო დიზაინის სფეროებში. პეშეს ნამუშევრები სივრცეს აძლევს ჰარმონიას, ენერგიას, ემოციას, რაც პროდუქტს ხელოვნების ნიმუშად აქცევს.

პეშეს შემოქმედებითი კარიერის სიცხადისა და თავისებური სიგლუვის მიუხედავად, მის მიერ შექმნილი მოდელები ხასიათდება საიდუმლო აურით, რომელიც აჭარბებს დროსა და მასშტაბს.

გაეტანოს თითოეული ნამუშევრები წარმოადგენს დიზაინის იდეალურ მაგალითს. ეს არ არის მხოლოდ დიდი და ცნობილი ხელოვნების ნიმუშების ანალოგის შექმნის მცდელობა, არამედ ხელოვნების პრინციპების ფუნდამენტური გაგება და დიზაინში გადმოტანა.

გაეტანო პეშე დაიბადა 1939 წელს, იტალიაში. 1959-65 წლებში იგი სწავლობდა არქიტექტურასა და სამრეწველო დიზაინს ვენეციის უნივერსიტეტში. 1962 წლიდან ცხოვრობდა პადოვაში, ვენეციაში, ლონდონში, ჰელსინკიში, პარიზსა და ნიუ-იორკში. 1980 წლიდან დაიწყო ლექციების კითხვა ამერიკისა და ევროპის მრავალ უნივერსიტეტში, მათ შორის არქიტექტურის ინსტიტუტში სტრასბურგში.

მისმა მიდგომებმა დიზაინისადმი წარუშლელი კვალი დატოვა ისტორიაში და მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე გამოფენებსა და მუზეუმებში. მათ შორის აღსანიშნავია MoMA და მეტროპოლიტენის მუზეუმი ნიუ-იორკში, ვიქტორია და ალბერტის მუზეუმი ლონდონში, ჟორჟ პომპიდუს ცენტრი პარიზში, ვიტრეს მუზეუმი გერმანიაში და მონრეალის ხელოვნების მუზეუმი.

გაეტანოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, რომლითაც მან აღიარება და პოპულარობა მოიპოვა, არის SERIE UP, რომელიც 1969 წელს შეიქმნა და 2022 წელს მიიღო XXVII Compasso d’Oro – ს ჯილდო.

ფერების შერევით და ექსპერიმენტული ფორმების დახმარებით, მან შეძლო დიდი რაოდენობით უნიკალური პროდუქტის შექმნა, მასობრივი წარმოების პრინციპებისგან თავის დაღწევა და ხელოვნებასა და დიზაინს შორის არსებული უფსკრულის გაქრობა. “ობიექტმა უნდა გამოხატოს მეტი, ვიდრე უბრალოდ სილამაზე – ის უნდა იყოს ფუნქციური და მრავალფეროვანი, – ამბობდა დიზაინერი.

პეშეს ცხოვრების ფილოსოფია მუდმივად ცვალებად საზოგადოებაზე მორგება იყო. „მოძრავი, მოქნილი, ელასტიური დიზაინი უნდა ასახავდეს იმას, თუ როგორ უნდა ცხოვრობდნენ ადამიანები ჩვენს დროში“, – ამბობდა დიზაინერი. ეს ფილოსოფია აისახება მასალების ექსპერიმენტულ გამოყენებაშიც. გაეტანოს მოსწონდა სილიკონი და პოლიურეთანი, რომელთა დახმარებითაც ხშირად არღვევდა მსოფლიოში არსებულ დიზაინის სტანდარტებს. მას სურდა, თავი დაეღწია წარმოების ტრადიციული მეთოდებისგან, რომელთაც თან ახლავს შემოქმედებითი შეზღუდვები. სწორედ ამიტომ, დიზაინერი თავისუფლებას აძლევდა მასალას და არ უშინდებოდა პროდუქტის გარკვეულ ნაკლოვანებებს.

შთამბეჭდავი კარიერიდან და საკმაოდ თამამი, მკვეთრი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, გაეტანო დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ლეგენდარულ დიზაინერად, რომლის პროდუქტებიც კვლავ იწარმოება ისეთი ცნობილი სახლების მიერ, როგორებიცაა Cassina, Meritalia და B&B Italia.

გამორჩეული ნამუშევრები

CHAIR UP 5, B&B

TRAMONTO Sofa

Il Giullare Sofa

FELTRI Chair

Sansone Table

გარე განათების როლი ექსტერიერში — „დილაითის“ საგაზაფხულო აქცია

ხმის საიზოლაციო სისტემა საცხოვრებელ კომპლექსში – რატომ უნდა მივაქციოთ ამ კომპონენტს განსაკუთრებული ყურადღება ბინის შეძენამდე?