in

მიტოვებული შენობის ახალი სიცოცხლე – Roldán Arquitectos-ს პროექტი მექსიკაში

Alliance Group
Alliance Group

არქიტექტურულმა სტუდია Roldán Arquitectos-მა მექსიკის ერთ-ერთ შედარებით მშვიდ უბანში, ¨La Americana¨-ში სადაც ავტომობილებისა და ხალხის ნაკლებობაა, მიტოვებული შენობა საცხოვრებელ კორპუსად გადააქცია. სტუდიამ პროექტზე მუშაობა 2022 წელს დაასრულა და კორპუსი 1100 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე განთავსდა.

ოთხსართულიანი კორპუსი, რომელსაც პირველ სართულზე მცირე ზომის სივრცე აქვს, რათა შექმნას ერთგვარი საზღვარი ეზოსა და ქუჩას შორის, ქმნის დახვეწილ და ლამაზ გზას შენობის შესასვლელამდეც. ამასთან, პირველი სართული მოქმედებს როგორც დამაკავშირებელი ზედა სართულებსა და მიწისქვეშა სართულს შორის და აქვს განსხვავებული სტრუქტურა მაცხოვრებელთა მოთხოვნის გამო.

უბნის არარეგულარული რელიეფის გამო, საპარკინგე სივრცის მოწყობა აღმოსავლეთ მხარეს დაიგეგმა, რამაც არქიტექტორებს შესაძლებლობა მისცა, რომ ცალკე ადგილი გამოეყოთ საფეხმავლო შესასვლელისთვის.

უკანა ნაწილში გადაწყდა თიხის ძველი კედლის შენარჩუნება, რომელიც ახალ დიზაინში ინტეგრირდა და შენობის ერთ-ერთ სახასიათო შტრიხად იქცა.

კორპუსში 8 ბინაა განთავსებული, თითოეულის საშუალო ფართობი 75 კვადრატული მეტრია, ხოლო ჭერის სიმაღლე 3 მეტრს შეადგენს. სივრცეები ღია და მრავალმხრივია და თანამედროვე ინტერიერის დიზაინის სტანდარტებს არის მორგებული.

მეხუთე სართულზე მოეწყო პენტჰაუსი, რომელსაც აქვს ორი განსხვავებული ტერასა. თითოეული მათგანი სივრცეს ანიჭებს კონფიდენციალურობას და ამავდროულად, ქალაქის დახვეწილ ხედებს გვთავაზობს.

პიგმენტური ბეტონის დახმარებით, კორპუსს განსხვავებული და ძალიან ელეგანტური ესთეტიკა აქვს. ბეტონის ფერმა განსაზღვრა ფერები და მასალა მთელი შენობისთვის და არჩევანი მარმარილოს, ხისა და თიხის ნიმუშებზე გაკეთდა.

მთლიანობაში, კორპუსი, რომელიც Luna 1807-ის სახელით არის ცნობილი, აერთიანებს მეგობრულ და ჰუმანურ საცხოვრებელ ზონებს, სადაც ადამიანებს აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობისა და ამავდროულად მყუდროდ ცხოვრების შესაძლებლობა.

არქიტექტურული სტუდია: Roldán Arquitectos

ფოტოები: Agustín Arce Figueroa, Juan Manuel McGrath, Miguel Ángel Zavala Espinosa

რუბრიკის წარმდგენია: “ალიანს ჯგუფი”

საღებავი თუ შპალერი – რომლის გამოყენება სჯობს ახალ აშენებულ კორპუსში და რატომ?

Tacchini – ოჯახის ირგვლივ გაერთიანებული ავეჯის იტალიური ბრენდი