in

ინდივიდუალური საკანალიზაციო სისტემები — მახასიათებლები, მონტაჟის სპეციფიკა და ღირებულება ქართულ ბაზარზე

თანამედროვე სამყაროში უპირატესობა ეკოლოგიურად სუფთა, ბიო გამწმენდ  დანადგარებს ენიჭება, რომლებიც ტრადიციულ მეთოდებს ანაცვლებს და ადამიანებისა და გარემოს უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ერთ-ერთი ასეთი საშუალება კერძო საკანალიზაციო სისტემა, იგივე ბიოგამწმენდი დანადგარია, რომელიც ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიური ალტერნატივაა. ამასთანავე, ეს არის საუკეთესო საშუალება ისეთი სივრცეებისთვის, სადაც მოსახლეობას ცენტრალურ საკანალიზაციო სისტემებთან წვდომა არ აქვს, რაც უდიდეს დისკომფორტსა და ჰიგიენასთან დაკავშირებულ პრობლემებს ქმნის.

ინდივიდუალური საკანალიზაციო სისტემები მიწისქვეშა ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობაა. ის საყოფაცხოვრებო მოხმარებისას გამოიყენება და მისი მეშვეობით სველი წერტილებიდან, საშხაპეებიდან, სამრეცხაოებიდან ჩასული დაბინძურებული წყლის გადამუშავება ხდება.

ბიოგამწმენდში მოხვედრილი დაბინძურებული წყალი  98%-მდე ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან სუფთავდება. გაწმენდილი ტექნიკური წყლის გამოყენება კი შესაძლებელია მცენარეების მოსარწყავად. დანადგარს არ აქვს არასასიამოვნო სუნი, შემაწუხებელი ხმა, მისი მოხმარება საკმაოდ მარტივია და არ საჭიროებს ასინიზატორის მომსახურებას.

საქართველოს ბაზარზე ამ მიმართულებით კომპანია „Blue Waters“-ი ოპერირებს, რომლის წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას პროდუქტის უპირატესობებსა და მახასიათებლებზე მსჯელობს: „უპირველესად უნდა ითქვას, რომ ბიოგამწმენდი დანადგარი განკუთვნილია როგორც  საცხოვრებელი სახლებისთვის, ისე დიდი კომპლექსებისა და საწარმოებისთვის. ჩვეულებრივ, კუსტარულად დამზადებულ საკანალიზაციო ჭასთან შედარებით, მას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს — აქრობს უსიამოვნო სუნს, ეკომეგობრული და გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა, არ აბინძურებს ნიადაგს, ჩამდინარე წყალს 98%-ით ფილტრავს და მას სარწყავად ვარგისიანს ხდის, მისი საგარანტიო ვადა 10 წელი, საექსპლუატაციო პერიოდი კი 70 წელია, რაც მის ხარისხსა და მედეგობაზე მეტყველებს“.

დანადგარის მონტაჟი დიდ სირთულეებთან არ არის დაკავშირებული და ინსტალაციისთვის მხოლოდ ერთი დღეა საჭირო. თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთა გათვალისწინებაც დანადგარის განთავსებამდე აუცილებელია.

კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სისტემა არ უნდა დამონტაჟდეს შენობასთან ძალიან ახლოს. დანადგარსა და ნაგებობას შორის მანძილი არანაკლებ 3 მეტრი უნდა იყოს, რადგან გამწმენდი ორმოში თავსდება, ახლო დისტანციის შემთხვევაში კი ამოთხრისას შესაძლოა შენობის საძირკველი დაზიანდეს, რაც დიდ გართულებებს გამოიწვევს.  ასევე, უმჯობესია, საკანალიზაციო სისტემა არ განვათავსოთ მაღალი დატვირთვის მქონე ადგილებში. მაგალითად, ისეთ ზონაში, სადაც ავტომობილი გადაადგილდება, რადგან მანქანის სიმძიმემ დანადგარის კორპუსზე  შესაძლოა ნიადაგის ზეწოლა გამოიწვიოს. ამასთანავე, სასურველია, მოწყობილობა არ დავამონტაჟოთ ხეებთან ახლოს, რადგან დიდი ალბათობაა იმისა, რომ მომავალში ფესვების ზრდა გამწმენდს დააზიანებს.

რაც შეეხება უშუალოდ დანადგარს, კომპანიაში სამი სახის მოწყობილობას გამოყოფენ, რომლებიც ერთმანეთისგან წარმადობით, მახასიათებლებითა და ღირებულებით განსხვავდება. სასურველი დანადგარის შერჩევისას ყველაზე მნიშვნელოვანი წარმადობის დადგენაა, რომელიც ადამიანებისა და მოხმარების რაოდენობით განისაზღვრება.  კერძო სახლის შემთხვევაში, შესაფერისი წარმადობის დანადგარის შერჩევისას ყურადღება ექცევა მუდმივ მაცხოვრებელთა რაოდენობას, სტუმრიანობასა და წყლის მოხმარების სიხშირეს. კომერციული ობიექტების დროს კი როგორიცაა, მაგალითად, კოტეჯი — სტუმრების, სამზარეულოს, სველი წერტილების რაოდენობას ითვალისწინებენ.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მოწყობილობის ღირებულება ბიუჯეტური  „Eco-Art“-ის შემთხვევაში, 1 კუბმეტრი წარმადობის გათვალისწინებით – 4040 ლარიდან, მე-2 თაობის დანადგარი „Optima-Art“-ის – 6640 ლარიდან, მე-4 თაობის დანადგარი „EUROBION“-ის კი – 9400 ლარიდან იწყება. წარმადობის მატებასთან ერთად კი ღირებულებაც იზრდება. როგორც დარგის სპეციალისტი განმარტავს, 1 კუბმეტრი წარმადობის დანადგარი სრულებით საკმარისია ხუთი მუდმივ მაცხოვრებელი ოჯახისთვის.

რაც შეეხება მონტაჟს ღირებულებას, ის ინდივიდუალურად გამოითვლება და პროექტის შედგენას, აზომვით სამუშაოებს საჭიროებს. ასევე, ფასი  დამოკიდებულია ადგილმდებარეობის სირთულეზეც, რადგან თუ კლდოვანი ნიადაგია და ტრაქტორით ვერ ხერხდება ორმოს ამოთხრა, ამ სამუშაოს შესრულება ხელით ხდება, რაც ფასს ზრდის.

„მომხმარებელს ვთავაზობთ მონტაჟის ორ ვარიანტს. პირველი — სრულ მონტაჟს გულისხმობს, მეორე კი  მონტაჟის ზედამხედველობას, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ორმოს ამოღება და სამონტაჟო მასალის შეძენა თქვენი მხრიდან მოხდება, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ, რომ სპეციალისტების ზედამხედველობით, სწორად და შეუფერხებლად წარიმართოს პროცესი. გარდა ამისა, ამ მომსახურების გამოყენების შემთხვევაში საგარანტიო პირობებითაც სრულად ისარგებლებთ. მონტაჟის ზედამხედველობის ღირებულება კი ერთჯერადად, 516 ლარს შეადგენს“, — აღნიშნავენ „Blue Waters“-ში.

ავტორი: მეკო მეტრეველი

სახლის დეზინფექცია ვირუსების სეზონზე – როდის? როგორ? რა პერიოდულობით?

როგორ გავახაროთ ოთახის მცენარეები ჩაის პაკეტების გამოყენებით?