in

Roly Poly – ფეი ტუგუდის ცნობილი სავარძელი

სავარძელი “Roly Poly” ბრიტანელი დიზაინერის, ფეი ტუგუდის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. ეს სკამი მიმართულებას აძლევს  “ტოტემური” ობიექტების მთელ ტენდენციას. საოცარია, როგორ ზუსტად ამოიცნო დიზაინერმა საზოგადოების სურვილი, გადასულიყვნენ აგრესიული კუთხოვანი ფორმებიდან გლუვი ხაზებისა და რბილი მინიმალიზმის სამყაროში.

ტუგუდი აქტიური ინტერდისციპლინარული მხატვარია, რომელიც თანაბრად წარმატებულია ტანსაცმლის, ავეჯის, ინტერიერების შექმნაში Hermès-ისა და Selfridges-ისთვის, გალერეების ინსტალაციებისა და სხვადასხვა ბრენდებთან თანამშრომლობაში. 2008 წელს მან დაარსა Studio Toogood. მისი სპეციალობაა ნივთების შეზღუდული რაოდენობის ხაზების გამოშვება, რომელთაგან თითოეულს  Assemblages ეწოდება. პირველი Roly Poly სკამი შეიქმნა Assemblage No 4-ის ფარგლებში 2014 წელს, ხოლო მისი მსოფლიო პრემიერა Project B გალერეაში შედგა, მილანის დიზაინის კვირეულზე.

სკამის პირველი ჩამოსხმა თიხისგან იყო დამზადებული. დიზაინერმა თითოეული დეტალი ხელით გააკეთა, რათა ობიექტიდან მაქსიმალური შედეგი მიეღო.  მისეულმა ხედვამ საშუალება მისცა, ჩაეტარებინა ექსპერიმენტები და მასალა სხვადასხვა პოლიმერებთან და კომპოზიტებთან დაემუშავებინა. თავდაპირველად დიზაინერმა შექმნა Roly Poly სკამის გამჭვირვალე მინის ვერსია Friedman Benda Gallery- სთვის, მოგვიანებით კი გამოჩნდა მინაბოჭკოვანი და ლითონის ვერსიები.

„პირველი სკამის დამზადებიდან რამდენიმე თვეში მომივიდა აზრი, რომ ამ ობიექტის სტილი ოდნავ შემეცვალა. ამის გაკეთება მარტივია თუ მას უბრალოდ სხვადასხვა მასალისგან ამზადებთ. საიდუმლო აღარ არის, რომ მასალა ჩემთვის ნებისმიერი მცდელობის ამოსავალი წერტილია. საგანი, რომელმაც მასალა შეიცვალა, სულ სხვა მნიშვნელობას იძენს – უბრალოდ შეადარეთ პლასტმასი და ლითონი“, – ამბობდა ტუგუდი.

კლასიკური Roly Poly სკამის ზომები ასეთია: 84 x 57 სმ, სიმაღლე 63 სმ. ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია რბილი ბალიშებით, რომლებიც ზუსტად მიჰყვება სავარძლის ფორმას. არსებობს სპეციალური ვერსიებიც, რომლებიც კაფეებისა და რესტორნებისთვის არის შექმნილი.

დღეს სავარძელს Driade-ს ქარხანა აწარმოებს და მასალის სახით პოლიეთინელს იყენებს, ხოლო ფორმა ჩამოსხმული მონობლოკია, რომელიც შესაფერისია როგორც შიდა, ასევე გარე გამოყენებისთვისაც. რაც შეეხება ღირებულებას, სავარძლის ფასი $500-დან $1000-მდე მერყეობს.

2024 წლის სააღდგომო დეკორაცია: 5 ნივთი თბილისის მაღაზიებიდან

იატაკის შემრევი – როგორია მისი ტიპები და მახასიათებლები?