in

ისტორიული სულის მატარებელი ბინა სტოკჰოლმში

ამ სახლში ოდესღაც  შვედი მხატვარი და სკულპტორი, კრისტიან ერიკსონი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ამჟამად კი ამ შენობის ერთ-ერთი ბინა იყიდება, რომელსაც მოხატული ჭერი და ძველებური ფილით მოპირკეთებული ბუხარი ამშვენებს.

ეს ორ სართულიანი მოვარდისფრო  სახლი სტოკჰოლმის ერთ-ერთ რაიონში მდებარეობს. აქ მე-20 საუკუნეში სახელოვანი შვედი სკულპტორი – კრისტიან ერიკსონი (Christian Eriksson) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. სწორედ ამის გამო არის ეს სახლი ცნობილი. მისი ისტორია მე-17 საუკუნიდან იწყება, თუმცა შემდგომ ასწლეულებში ის რამდენჯერმე საფუძვლიანად გადაკეთდა. ბოლოს ეს 1905-1911 წლებში მოხდა, როცა ერიკსონის ინიციატივით, ამ პროექტზე სამუშაოდ არქიტექტორი რაგნარ ესტბერგი (Ragnar Östberg) მოიწვიეს. დღეს ეს სახლი არქიტექტურულ ძეგლად მიიჩნევა და თუ მაცხოვრებელი არ ხართ, მასში ქუჩიდან მოხვედრა არც ისე მარტივია.

დღევანდელმა მფლობელმა ეს 102 კვადრატულზე გაშლილი ბინა მხატვრის ერთ-ერთი შვილისგან შეიძინა და მოაწესრიგა. განაახლა, მოდერნიზება გაუკეთა და კვლავ გასაყიდად გამოიტანა. ამასთან ერთად მეპატრონემ ადგილის ისტორიული დეტალების, ატმოსფეროსა და შარმის შენარჩუნება მოახერხა. ამიტომაც ბინაში სიძველის სული კვლავ ბინადრობს. აქ თითქოს დროა შეჩერებული.

ბინას დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს, თაღოვანი ხის კარი სტუმარს ვრცელ, სარკიან შემოსასვლელში მიუძღვება. ჭერს საავტორო ფერწერა ამშვენებს, რომელიც მეზობლად მცხოვრებმა მხატვარმა ნილსონ კრიუგერმა (Nils Krueger) შეასრულა. იატაკზე ძველებური ქვის ფილაა დაგებული. მომრგვალებული ფანჯრების მიმდებარე კედლები კი ხის პანელებითაა მოპირკეთებული.

შპალერი, ტექსტილი, ფილა, ავეჯი – ყველაფერი ზედმიწევნით შეირჩა. ეს ბინის ისტორიული იერისა და ადგილის მაგიურობის შენარჩუნების მიზნით გაკეთდა. შემოსასვლელის კედლებისთვის შვედური მარკა „Duro“-ს შპალერია არჩეული, რომელიც მე-19 საუკუნის ისტორიულ ნახატს ასახავს. სასტუმროში ანტიკვარულმა ხის ბუფეტმა დაიდო ბინა. ფანჯრების დიდი რაოდენობის წყალობით ოთახში ყოველთვის ბუნებრივი შუქის სიუხვეა. იატაკზე ცვილით გაპოხილი და თეთრად ტონირებული მუხის ძველი პარკეტია დაგებული.

ბინის მთავარი მშვენება მოხატული ფილით მოპირკეთებული ძველი ბუხარია, რომელიც ბრწყინვალედაა შენარჩუნებული და მუშაობს კიდეც. მას ცივ საღამოებში ბინაში სითბო და სიმყუდროვე შემოაქვს.

მთავარი სასტუმროს მახლობლად ტელევიზორიანი მომცრო ოთახი და ერთ-ერთი საძინებელია. ისინი 1773 წელს აშენდა. ბინის დანარჩენი ნაწილი 1806 წელს აშენებულ ნაგებობას უჭირავს.

სამზარეულო, შეზღუდული ფართის მაქსიმალური ათვისების მიზნით, შეკვეთითაა დამზადებული. ღია თაროები შესანახ დამატებით სივრცეს ქმნის და ამავე დროს, გარემოს ვიზუალურად არ ამძიმებს.

სამზარეულოში 1770 წელს გაკეთებული, ჯერ კიდევ მწყობრში მყოფი ვენტილაცია და გამწოვია. ისინი სახლის რესტავრირების დროს აღადგინეს. კედლები ფიცრებითაა მოპირკეთებული, სამზარეულოს წინსაფრისთვის კი ხელით მოხატული ფრანგული ფილაა გამოყენებული. სამზარეულოს მახლობლად პატარა სათავსოა, სადაც პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შენახვაა შესაძლებელი.

ბინის ფანჯრები სახლის ორ მხარეს – ქუჩაზე და ეზოში გამოდის. ქუჩაზე გამავალ ოთახებში ხის ჟალუზებია დაყენებული, რომლებიც დღევანდელმა მფლობელებმა განაახლეს, ძველი სილამაზე და ფუნქციურობა დაუბრუნეს და კვლავ ჩამოკიდეს.

სამზარეულოში დაშვებული 10 გავრცელებული შეცდომა

Kitchen & Living – სკანდინავიური სტილის შოურუმი გამორჩეული ბრენდებით