in

საინტერესო დიზაინ გადაწყვეტებით შექმნილი შოურუმი კოსტავას ქუჩაზე — სანდრო კვირიკაძის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში სანდრო კვირიკაძის ნამუშევარს გაგაცნობთ. დიზაინ პროექტი ავტორმა მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ტანსაცმლის შოურუმის — „KEBURIA“-სთვის შექმნა. ობიექტი მე-20 საუკუნის არტ-ნუვოს სტილის შენობაშია განთავსებული და მისი ფართობი 50 მ2-ს შეადგენს

საპროექტო დავალება გულისხმობდა ტანსაცმლის ხაზის დიზაინისგან სრულიად განსხვავებული კონცეფციის შექმნას, რომელიც კონცეპტუალური და მინიმალისტური ესთეტიკის მქონე იქნებოდა.

შენობა საკმაოდ ძველია, ამიტომ მისი ზედაპირი ფილისა და რამდენიმე  ბათქაშის ფენით იყო დაფარული, რაც სარემონტო სამუშაოებისას გაიწმინდა და ფასადმა უნიკალური დიზაინი შეიძინა. ავთენტურობის მისაღწევად კი შიდა სივრცეში ძველი ჭერი შენარჩუნდა.

გეგმარებითი გადაწყვეტილების შედეგად, პროექტში განთავსებულია მთავარი შოურუმი, გასახდელი და სველი წერტილი. მოსაპირკეთებელ მასალებად კი მდგრადი და აქტუალური პროდუქტები —მეტალი, ბეტონი და ქვაა გამოყენებული.

სივრცეში შესვლისას მთავარ ყურადღებას იქცევს დიდი ვიტრაჟი, რომელიც ფასადის მთელს კედელზეა განთავსებული, ხოლო მასზე, უჟანგავი ფოლადისგან „KEBURIA“-ს  წარწერაა გამოყვანილი. მსგავსი წარწერა გვხვდება შიდა სივრცის იატაკზეც.

შოურუმის მთავარი სივრცე მეტალითაა მოპირკეთებული, კედლის ნაწილებზე კი დატანილია სარკეები, რომლებიც  რკინის ელემენტებით არის გაფორმებული, რაც სივრცეს ღრმა და მოცულობით იერს სძენს. ამ ოთახშივე გვხვდება ქორიანი ქვისგან დამზადებული მაგიდა, რომელიც მეტალის ვერცხლისფერ ტონალობას იდეალურად ეხამება.

ყურადღებას იქცევს ერთ-ერთ კედელზე დამონტაჟებული მონიტორი „KEBURIA“-ს ფერადი წარწერით, რომელიც სათვალის სტენდის ფუნქციას ასრულებს და მონოქრომულ სივრცეში საინტერესო კონტრასტს ქმნის.

გასახდელი განსხვავებული ინტერიერით ხასიათდება, მყუდროების მისაღწევად ამ ზონაში აქტიურადაა გამოყენებული ყავისფერი კორკის ტექსტურა. განსაკუთრებით საინტერესოა სივრცის ქვედა ზონა, სადაც პლინტუსის მაგივრად მონიტორები გვხვდება, რაც საკმაოდ ორიგინალურ დიზაინ გადაწყვეტას წარმოადგენს და გამორჩეულ ატმოსფეროს ქმნის.

არანაკლებ საინტერესოა სველ წერტილთან დამაკავშირებელ კიბეზე ასასვლელი მოაჯირი, რომელიც კედელშია შეჭრილი და გამორჩეულ დიზაინ ელემენტს წარმოადგენს. თავად საპირფარეშო კი მთლიანი დიზაინის კონცეფციას იმეორებს და ბეტონისა და მეტალის მასალით არის მოპირკეთებული.

სანდრო კვირიკაძის პროექტში ყველა კუთხე საინტერესო გადაწყვეტილებებით ხასიათდება და საკმაოდ უცხო, ორიგინალურ კონცეფციას ქმნის, რომელშიც თითოეული ელემენტი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და სივრცის მთლიანობას უსვამს ხაზს. ეს არის თანამედროვე, მინიმალისტური ესთეტიკის მქონე შოურუმი, რომლის ავტორმა საპროექტო დავალებას წარმატებით გაართვა თავი და შექმნა სივრცე, რომელიც საინტერესო სახით წარმოადგენს მასში გამოფენილ პროდუქციას.

პროექტის ავტორი:  სანდრო კვირიკაძე 

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: Grigory Sokolinsky

5 მიზეზი თუ რატომ უნდა შეარჩიოთ ალუმინის რადიატორი სახლისთვის

გაიზიარეთ გამარჯვება მონოლოთ ჯგუფთან ერთად