in

რატომ ღირს კედლების მუქ ფერში შეღებვა – რამდენიმე დასაბუთებული მიზეზი

მიუხედავად იმისა, რომ მუქ ტონებში შესრულებული ინტერიერები საზღვარგარეთ საკმაოდ ხშირი მოვლენა და დიზაინერების ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებაა, მუქი საღებავების გამოყენებას ჩვენთან ჯერჯერობით ყველა ფრთხილობს.

დაპატარავდება თუ არა სივრცე? ოთახი ხომ არ ჩაბნელდება? დეპრესიული გარემო ხომ არ შეიქმნება? ყველა ეჭვი მარტივად გაქარწყლდება, თუ ზოგიერთ პრინციპსა და წესს გავითვალისწინებთ.

ღირს თუ არა კედლის მუქად შეღებვა? ნამდვილად ღირს და აი, რატომ:

ეს მყუდროა

კედლების მუქად შეღებვა კომფორტული ატმოსფეროს შექმნის კარგი ხერხია. საღებავის ფენის სიმკვრივე და მაღალი პიგმენტურობა შეკრული სივრცის ეფექტს ქმნის. თუ ოთახში სიმყუდროვის შემოტანა გსურთ, აქამდე ბევრი ექსპერიმენტი ჩაატარეთ და საწადელს ჯერ ვერ მიაღწიეთ, აუცილებლად ესეც სცადეთ! თუ მუქი და ცივი ფერები გაფრთხობთ,  შეგიძლიათ არჩევანი გაჯერებულ თბილ ელფერებზე შეაჩეროთ, როგორიცაა ტერაკოტა, ღვინისფერი და ყავისფერში გარდამავალი წითელი.

კეთილშობილი და ელეგანტური ინტერიერი

სწორად შერჩეული მუქი ელფერები კედელზე ძალზე მოხდენილად გამოიყურება. წარმოიდგინეთ რა ეფექტური იქნება ზომიერად გამოყენებული ზურმუხტის, საფირონის, ამეთვისტოსა და ლალის ფერები. ისინი ოთახს ძვირფას ზარდახშას დაამსგავსებენ! ასე რომ, თუ ინტერიერში ფუფუნების განცდის შექმნა ბიუჯეტური საშუალებებით გსურთ, გაჯერებული „ძვირფასი“ ელფერები სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ!

საუცხოო და მოხდენილი

მუქი კედლები ორიგინალური არჩევანია, რომელიც თქვენს საცხოვრებელს არასტანდარტულ, უჩვეულო და ინდივიდუალურ სივრცედ გადააქცევს. ინტერიერი თქვენ შესახებ ყვება, თქვენი პიროვნების ანარეკლი და გაგრძელებაა, ამიტომ თუ თქვენი საყვარელი ფერი მუქი ლურჯია, მის საკუთარ სახლში გამოყენებას რა უშლის ხელს? ეფექტური მუქი ფერების მეშვეობით ვინტაჟური, გლამურული და ძვირფასი ინტერიერების შექმნაა შესაძლებელი.

ერთიანი ფონის შექმნა

მუქი კედლები ასევე მუქი დეტალებისა და მასიური ავეჯის გადაფარვის საშუალებას იძლევა. იმისთვის, რომ ნათელ ფონზე ტელევიზორი შავი ხვრელის განცდას არ ქმნიდეს, შეგიძლიათ მუქად მხოლოდ ერთი კედელი შეღებოთ. ასეთ შემთხვევაში, ტელევიზორი ფონს შეერწყმება და ზონა ესთეტიკურადაც უკეთესი გახდება. გარდა ამისა, ტელევიზორის ყურების დროს თვალები ნაკლებად დაიღლება, რადგან კედელი არეკვლის მაგივრად, შუქს შთანთქავს. მუქი ფერის მეშვეობით სხვა ნივთების გადაფარვაც შეგიძლიათ, როგორიცაა: მასიური დივანი, დიდი კარადა და ა.შ. მთავარია, შესაბამისი ელფერის შერჩევა.

საუკეთესო მოსასვენებელი

თანამედროვე სამყაროში უამრავ ვიზუალურ ინფორმაციას ვიღებთ, ჩვენი ნერვული სისტემა აღდგენას ვეღარ ასწრებს, სხეული კი იღლება. მუქი ფერის კედლები სიმშვიდისა და დასვენების განწყობას ქმნის, რაც საბოლოოდ მოსვენებაში გვეხმარება. ამიტომ მუქი ფერის კედლები იდეალურია საძინებლებისთვის (განსაკუთრებით კი ისეთი ადამიანებისთვის, ვისაც ღამე ძილის პრობლემები აქვს), მისაღებისა და კაბინეტისთვის.

როგორ უნდა ვიმუშაოთ მუქი ფერის კედლებზე?

გახსოვდეთ, რომ მხოლოდ საღებავის სწორი ელფერის არჩევა არაა საკმარისი. აუცილებელია გარკვეული პრინციპების დაცვა, ასე ფერები სივრცეს არ გადატვირთავს და თავის შესაძლებლობებს ბოლომდე შემოგვთავაზებს.

მუქი კედლების ღია ფერის დეტალებთან შეთავსება

ღია ფერის დეტალების მეშვეობით შესაძლებელია ზედმეტად გაჯერებული ელფერების გაქარვება და მისი ვიზუალური წონის დაბალანსება. თეთრი, რძისფერი, კრემისფერი, სპილოსძვლის ფერი, ასევე მრავალრიცხოვანი პასტელური ელფერი ამ ამოცანას იდეალურად ასრულებს. პლინთუსი, მოლდინგი, კარისა და ფანჯრების ღიობი, ნახატების ჩარჩოები, „პასპარტუ“ და თეთრი ჭერი მუქ ფერს აწონასწორებს და ეფექტურ კონტრასტს ქმნის.

ამრეკლი ზედაპირები

მუქი ფერებით შესრულებულ ინტერიერში შუქის შემოსატანად არეკვლადი ზედაპირებია ეფექტური. ეს მხოლოდ სარკეებს არ ეხება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამ ამოცანას საუკეთესოდ უმკლავდებიან. ლითონის დეტალები და პრიალა ზედაპირები შუქს აირეკლავს, ინტერიერში სასიამოვნო ნათებას შემოიტანს და მას ძვირფასის იერს მისცემს. აღმოაჩინეთ თქვენთვის საყვარელი ლითონი – ეს შეიძლება იყოს ყვითელი ან ვარდისფერი ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, ბრინჯაო ან მელქიორი. სარკის ამორჩევის დროს ყურადღება ტონირებულ და დამუშავებულ ზედაპირებზეც გაამახვილეთ. სარკის, პრიალა ზედაპირის, შუშისა და ლითონის შეხმატკბილებით თქვენ ცოცხალი, შუქით სავსე ინტერიერის შექმნას შეძლებთ.

არ დაგავიწყდეთ ხელოვნური განათება

ზოგიერთ ოთახს წამგებიანი მდებარეობა და ფანჯრების მცირე რაოდენობა აქვს, ამიტომ ყველა ძალისხმევის მიუხედავად, მაინც ჩაბნელებული და ბუნებრივი შუქისგან დაცლილი ჩანს. თუ ამ შემთხვევას კედლების ნათელი ფერიც არ შველის, საპირისპიროდ მოიქეცით! გამოიყენეთ მუქი საღებავი, ოღონდ ისინი სანათებით და რბილი, გაფანტული სინათლით შეავსეთ, რომელსაც დღისითაც გამოიყენებთ. სიტუაციის მოგვარების კიდევ ერთი ეფექტური ვარიანტი აბაჟურის სანათია: პერფორაცია კედლებზე საინტერესო ნახატს ქმნის და შუქის გარკვეულ რაოდენობას სივრცეშიც უშვებს, ამასთან, ეს ხერხი საღამოს განათების განცდას არ შექმნის.

უპირატესობა თბილი ფერების მქონე ძვირფასი გადასაკრავით დამშვენებულ ავეჯს მიანიჭეთ

ხშირად არასწორად მიაჩნიათ, რომ მუქი ფერი ცივია. თუმცა, არსებობს ბევრი მაგალითი იმისა, რომ მუქი ოთახი ბინაში ყველაზე თბილ და მიმზიდველ სივრცედ ითვლება. გირჩევთ, ამ შემთხვევაში კედლების მუქი ფერი თბილი ფერების მქონე ავეჯს შეუთავსოთ – ფორთოხლისფერს, ყვითელს, მდოგვისფერს, ატმისფერს, წითელს, აგურისფერს, ხოლო გადასაკრავად შესახებად სასიამოვნო მასალები გამოიყენეთ. ხავერდი და ზამში თქვენს ინტერიერს კომფორტისა და სტილის სავანედ გადააქცევს.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

მიკრო სახლი ბრიტანეთის სოფელში

სივრცის სწორად მოწყობის 9 უმთავრესი პრინციპი