in ,

კერძო სახლი თხინვალაში – ლევან ხარაშვილისა და თათა ფერაძის ინტერიერი

ეს სახლი, რომელიც ლისის ტბის ტერიტორიაზე მდებარეობს, ყველასთვის ცნობილმა ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა და მისმა მეუღლემ – თათა ფერაძემ 2020 წლის აგვისტოში შეიძინეს და აქ საკუთარ შვილებთან, ოთოსთან და სანდროსთან ერთად ცხოვრობენ.

როგორც წყვილი გვიამბობს, მათ შენობა მწვანე კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდათ, რის შემდეგაც გარკვეული ცვლილებები შეიტანეს გეგმარებაში. თუმცა, რემონტის პროცესის დროს განსაკუთრებულ სირთულეებს ვერ იხსენებენ, ვინაიდან მშენებელმა ყველა მათი მოთხოვნა ზედმიწევნით გაითვალისწინა.

სახლის შიდა სივრცის საერთო ფართობი 110 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ხოლო ეზო 100 კვადრატული მეტრია. პირველ სართულზე განთავსებულია სტუდიოს ტიპის დიდი ოთახი, რომელიც გაყოფილია ორ ნაწილად და მოიცავს სამზარეულოსა და მოსასვენებელ ზონას. აქვეა მცირე ზომის სააბაზანო ოთახიც. სახლი ორივე მხრიდან უკავშირდება ეზოს.

მეორე სართულზე კი ორი საძინებელი, ერთი აბაზანა და პატარა საგარდერობო ოთახი მოთავსდა.

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, მასზე დიზაინერმა ნინო ჟღენტმა იმუშავა. როგორც დიასახლისი გვიამბობს, მისი მთავარი სურვილი იყო, რომ გამოყენებული ყოფილიყო მწვანე ფერი და ხის ფაქტურა. ამ ამოცანას კი საკმაოდ კარგად გაუმკლავდა პროექტის ავტორი.

“ჩვენი და ნინოს გემოვნება  დაემთხვა და საბოლოოდ მივიღეთ ორივე მხარისთვის სასურველი შედეგი. მთავარი, რაზეც დიზაინერი და მე შევთანხმდით, იყო მწვანე ფერი. შემდგომ კი გვქონდა სრული ჰარმონია დიზაინის შექმნის პროცესში,” – გვიამბობს თათა

“სახლი არის ძალიან მყუდრო და თბილი ფერებით გაჟღენთილი. რაც მთავარია, ის სრულად შეეფერება იმ გარემოს, სადაც იგი მდებარეობს. ის არ არის გადატვირთული და მგონია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჩვენ გვსტუმრობს, აქ თავს მყუდროდ და კომფორტულად გრძნობს,” – თათა ფერაძე

ინტერიერის დიზაინი: ნინო ჟღენტი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

 

კოლონიალური ვილა მაროკოული შტრიხებით ტეხასში

სად შევიძინოთ მუსიკალური აქსესუარები სახლისთვის?