in

ხმის იზოლაცია მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში – ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ

ხმაურში დასვენების უნარი ალბათ მხოლოდ რჩეულების ნიჭია, ჩვეულებრივ ადამიანებს კი მოსვენებისთვის სიჩუმე გვჭირდება. კერძო სახლში ამის მიღწევა მარტივია, მრავალბინიან კომპლექსებში კი ზოგჯერ მიუღწეველი ფუფუნება. ჩვენი გადაღლილი გონება ზედა მეზობლის ბავშვების თითოეულ ნაბიჯს განსაკუთრებული მონდომებით ითვლის. არც ქვედა მეზობლის ფორტეპიანოზე შესრულებული გამები გვრჩება „უყურადღებოდ“. უამრავი ხმა, რომელიც ჩვენს ბინაში აღწევს საბოლოოდ ჩვენს გონებაში აუტანელ აურზაურად იქცევა. თუმცა, გამოსავალი არსებობს – ეს ხმის საიზოლაციო სისტემებია და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საუკეთესო შედეგის მისაღწევად უმჯობესია ეს სისტემები თქვენი მეზობლის ბინაში, თქვენივე ხარჯებით მოაწყოთ, თუ რატომ, ამას დღევანდელ სტატიაში გაიგებთ.

ყველას გვახსოვს ფიზიკის გაკვეთილებიდან, რომ ხმა სივრცეში წარმოქმნილი ჰაერის რხევებია. ბინის საიზოლაციო სისტემებზე საუბრისას ორი ტიპის ხმას განიხილავენ:

  • სტრუქტურული ტიპის – ფიზიკური ზემოქმედებით, დარტყმით წარმოქმნილი ხმა (მაგალითად, ბავშვის ასკინკილით გამოწვეული ბრაგუნი);
  • საჰაერო ტიპის – ჰაერში წარმოქმნილი ტალღები (ბოლო ხმაზე ამღერებული შეზარხოშებული მეზობლის ხმა).

ხმის საიზოლაციო სისტემის მთავარი ამოცანა ორივე ტიპის ხმაურის მაქსიმალური ჩახშობაა.

გახსოვდეთ, ყველაზე ეფექტური ხმის გამომწვევი წყაროს უშუალო იზოლაციაა.

მაგალითად, ზედა ბინაში მხიარულად მოხტუნავე ბავშვის ბრაგუნი გაცილებით ეფექტურად ჩაიხშობა, თუ მეზობლის იატაკის საფარქვეშ (და არა თქვენი ბინის ჭერზე) ვიბრაციის ჩამხშობ ფენას მოვათავსებთ (ამ გზით ვიბრაცია სახლის კონსტრუქციას იგივე ძალით აღარ გადაეცემა), ხოლო მასზე გაჯავრებული მშობლის ყვირილს – ამ ფენაზე ხმის ჩამხშობი ფენის დამატებით გავანეიტრალებთ. რაც უფრო მეტი და განსხვავებული ფენები იქნება ხმის წყაროსა და ჩვენს ბინას შორის, მით უფრო ნაკლებად შეგვაწუხებს ხმაური.

როგორც ცნობილია, ხმა დეციბელებით (დც) იზომება. 40 დეციბელის პირობებში ჯანმრთელი ნერვების მქონე ადამიანი მოსვენებულად გრძნობს თავს. აღსანიშნავია, რომ ხმამაღლა ჩართული ტელევიზორის ხმაური 75 დეციბელამდე ადის. სტრუქტურული ხმაური (ბავშვის სირბილი ზემოთ) იმდენად დეციბელებით არ გვღლის, რამდენადაც მისი სპეციფიური ვიბრაციითა და ინტენსივობით. კარგი საიზოლაციო მასალების სწორად გამოყენების პირობებში მისი აბსოლუტური ჩახშობაა შესაძლებელი. ჰაერით გავრცელებული ხმა კი შესაძლებელია მნიშვნელოვნად შემცირდეს.

საიზოლაციო სისტემის ხარისხიანი მუშაობისთვის შემდეგი 4 პირობაა აუცილებელი:

  1. კონსტრუქციის მასა, რაზეც მთლიანი სისტემა იწყობა;
  2. ვიბრო იზოლაცია (სპეციალური ფენა, ასევე დეტალები, რომლებიც მიღებულ ვიბრაციას ახშობს);
  3. ხმის ჩამხშობი კონსტრუქცია (მასალები, რომლებიც ჰაერში წარმოქმნილ რხევებს ანუ ხმას შთანთქავს);
  4. კონსტრუქციის ჰერმეტულობა.

ხმის საიზოლაციო ტიპები იყოფა:

  1. კარკასული (ამ კარკასში შემდგომ საიზოლაციო მასალები თავსდება);
  2. უკარკასო, რომელიც შემაკავებელ კონსტრუქციას არ საჭიროებს და ფილები ზედაპირზე პირდაპირ მაგრდება.

ბინაში ხმის იზოლაციისთვის ფართოდ გამოიყენება შემდეგი მასალები:

  • ტორფის ცეცხლგამძლე საიზოლაციო დაფები;
  • ლერწმის ფილები;
  • კორპის ან ქოქოსის ბოჭკოვანი საფარი;
  • სელის ფენა;
  • პოლიურეთანის ქაფის ბლოკები (ყველაზე ხშირად გამოიყენება ხმის ჩამწერი ოთახების ხმის იზოლაციისთვის);
  • ბოჭკოვანი მინა;
  • ბაზალტის ბამბა;
  • აქაფებული მინა.

მნიშვნელოვანია, რომ ამ მასალების გამოყენება მოხდეს რაციონალურად ბინის ფართისა და არსებული ამოცანების მიხედვით. მაქსიმალური შედეგი საიზოლაციო ფენის გაზრდილ სისქესაც ნიშნავს, შესაბამისად კედელი იქნება ეს თუ ჭერი, ზუსტად უნდა განვსაზღვროთ ჩვენი მოლოდინები.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ხმის ხარისხიანი საიზოლაციო სისტემები დღესდღეობით ძალიან მოთხოვნადია უძრავი ქონების ბაზარზე. შესაბამისად, მაღალი სტანდარტების მიმდევარი დეველოპერები ამ დეტალს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. მაგალითად, თბილისში, „ნამაი ვაკეს“ კომპლექსში, მაცხოვრებლებს თავიდანვე თბილი იატაკი ხვდება, რომელშიც რამდენიმე თბო საიზოლაციო ფენა და სქელი მოჭიმული იატაკია. ეს მეზობლის ბავშვის იატაკზე დახტომის დათვლის საშუალებას ნამდვილად არ მოგცემთ. ამას გარდა, აღნიშნულ კომპლექსში ასევე უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯარა და საკმაოდ სქელი ოთახშორისი ტიხრებია გათვალისწინებული. ხელსაყრელი მდებარეობა, ხარისხიანად მოპირკეთებული ფასადი, თბილი იატაკი და Reynaers-ის ფირმის კარ-ფანჯრა – ყველა ამ მახასიათებლის გათვალისწინებით, “ნამაი ვაკეს” კომპლექსის მაცხოვრებლებს ხმაურთან დაკავშირებულ პრობლემებზე ფიქრი ნამდვილად არასდროს მოუწევთ.

თბილი იატაკის სისტემა “ნამაი ვაკეს” კომპლექსში

ბინა ვაკის პარკთან ფისტასფერი კედლებით

რატომ გამოდის მაღაზიაში შერჩეული საღებავის ფერი სახლის კედელზე სხვანაირი