in

სილქ დეველოპმენტი და KKAA: Silk Towers-ის პროექტის კონცეფცია Homeis-ის ღონისძიებაზე

12 დეკემბერს, სასტუმრო „ტელეგრაფში“, ჟურნალ Homeis.ge-ს ორგანიზებით, გაიმართა ფორუმი თემით „სახლი და ბიზნესი“. რიგით მესამე ღონისძიებამ არქიტექტურის, დიზაინისა და უძრავი ქონების სფეროს წამყვან მოთამაშეებს უმასპინძლა. ფორუმის მთავარი მიზანი სხვადასხვა ხედვისა და პროფესიის ადამიანების ერთ სივრცეში გაერთიანება გახლდათ.

აუდიტორიის წინაშე წარდგნენ ქართული არქიტექტურული და დიზაინერული სექტორის ისეთი გამორჩეული წარმომადგენლები, როგორებიც არიან: ლუკა ჩაგანავა (NS Studio), ნინო ჩხარტიშვილი, ბექა ფხაკაძე (STIPFOLD), მარიამ ჩიკვილაძე (Dressup Home) და ფიქრია ჭეიშვილი (IPS). სპიკერებმა კარიერულ გამოწვევებზე, შემოქმედებითი ქაოსისა და წესრიგის ბალანსსა და ძველი არქიტექტურული შრეების ახალ სიცოცხლედ გარდაქმნაზე ისაუბრეს.

ღონისძიების კულმინაციად იქცა საერთაშორისო სპიკერის, მსოფლიოში აღიარებული არქიტექტურული სტუდიის – Kengo Kuma & Associates (KKAA)-ს პროექტების მენეჯერის, ნიკოლას გიშარის გამოსვლა. „სილქ დეველოპმენტის“ მოწვევით ჩამოსულმა არქიტექტორმა აუდიტორიას სტუდიის გლობალური ფილოსოფია და ბათუმში დაგეგმილი პროექტის, Silk Towers-ის კონცეფცია გააცნო.

ნიკოლას გიშარმა ხაზი გაუსვა, რომ იაპონური სტუდიისთვის არქიტექტურა კოლექტიური ძალისხმევაა, სადაც მთავარია ბუნებრივი მასალების ინტეგრაცია ნებისმიერი მასშტაბის პროექტში – იქნება ეს გრანდიოზული სტადიონი თუ დეტალური ინტერიერის დიზაინი.

„დიზაინს საზღვრები არ აქვს. ყველაფერი შეიძლება იყოს არქიტექტურა. ჩვენი სტუდია ცდილობს ბუნებრივი მასალები შეიტანოს თითოეულ პროექტში. თანამედროვე მშენებლობაში სწორედ ამ აუცილებლობას ვხედავთ,“ – აღნიშნა გიშარმა.

პრეზენტაციისას საუბარი შეეხო ბათუმის განაშენიანების ინტენსიურ ტემპს. არქიტექტორების შთაგონების წყაროდ ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ძველი ქალაქის გარემო იქცა, სადაც, გიშარის თქმით, „სიცოცხლე მძაფრად იგრძნობა“. სწორედ ამიტომ, Silk Towers-ის პროექტში KKAA-ს სტრატეგია წინა ფლანგზე გამწვანებული, ადამიანზე მორგებული სივრცეების წამოწევას გულისხმობს.

„ჩვენი პრიორიტეტი ფეხით მოსიარულეებსა და ქუჩის მასშტაბს ენიჭება. ნაგებობა ამის ლოგიკური შედეგია. გამოვიყენეთ პოდიუმები, რაც ქმნის ერთგვარ შრეებს, რათა დავფაროთ შენობის მასიურობა. როდესაც სტუმარი ან მაცხოვრებელი ხართ, თქვენ ვერ იგრძნობთ მასშტაბს – თქვენ უკავშირდებით გამწვანებულ გარემოს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მდგრადი გარემო არა 5 ან 10, არამედ 100 წლით. გვინდა, რომ ადამიანები ამაყობდნენ იმ სივრცით, სადაც ცხოვრობენ.“

პროექტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი ფასადის მასალას ეხება. იაპონურმა სტუდიამ გადაწყვიტა, გამოიყენოს ქართული კარიერების ნარჩენები, რაც პროექტს ეკოლოგიურ დატვირთვას და გამორჩეულ ხასიათს ანიჭებს.

„ჩვენ გვინდოდა შეგვექმნა რაღაც, რაც დროის მიღმაა… ადგილზე სტუმრობისას, უფრო მეტად აღვფრთოვანდით კარიერების ნარჩენებით, ვიდრე ქვის ბლოკებით. მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ ეს ნარჩენები ფასადების წარმოებისთვის. გვინდა, რომ ადამიანებმა იგრძნონ, რომ ეს არის ნამდვილი ქვა, თავისი ბუნებრივი ფერით, რომელიც ირგვლივ არსებულ მთებს ეხმიანება.“

გამოსვლის დასასრულს, ნიკოლას გიშარმა ისაუბრა სახლის ემოციურ მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ შინ ყოფნა შესაძლოა, სწორედ ის დაუვიწყარი მოგონებაა, რომელსაც ყველა ჩვენგანი ინახავს.

ღონისძიების პარტნიორები:

TON design, m2, Home by Dressup, TBC Capital, Mosaics, Silk Development, Buildy, საოფისე ტექნოლოგიები (Office Technologies), Signall, არქი, Render Group, Lutecia, Atelier Rebul, IPS • აიპიეს, Atlas Concorde, Aura Concept • აურა კონცეპტი.

ფოტოგრაფი: ლაშა ღუღუნიშვილი, LIG Studio

საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე