in

კოქტეილის ბარი პეტრიაშვილის ქუჩაზე — ნინი ჯღამაძის ნამუშევარი

დღეს პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კოქტეილის ბარზე გიამბობთ, რომლის დიზაინ პროექტი ნინი ჯღამაძეს ეკუთვნის. ობიექტის საერთო ფართობი 110 მ2-ია. დამკვეთის მთავარი მოთხოვნა კონცეპტუალური ბარის შექმნა იყო, რომლის მთავარი მიმართულება მომხმარებლებისთვის კოქტეილის შეთავაზებაა.

ობიექტზე მუშაობისას დიზაინერისთვის გამოწვევა აღმოჩნდა პატარა სივრცეში სასურველი შედეგის მიღება. მთავარი სირთულე კი ბარის დაგეგმარება იყო იმგვარად, რომ ტექნიკური ნაწილი — სათავსო, მაცივრები, სამუშაო ზონა, სველი წერტილი სრულყოფილად გამართული ყოფილიყო და ამასთანავე, სტუმრებისათვის ადეკვატური ადგილი მოწყობილიყო.

დასახული მიზნის მისაღწევად დიზაინერმა სწორხაზოვანი დაგეგმარების პრინციპი შეიმუშავა, რომელიც როგორც ვიზუალურად, ასევე ტექნიკურად სივრცეს ორ ნაწილად ყოფს.

შიდა სივრცეში ორი ზოლი მოეწყო. მარჯვენა ზოლში ­სველი წერტილები, სათავსო ოთახი და ბარის ზონა განლაგდა, ხოლო მარცხენა მხარეს სტუმრებისათვის განკუთვნილი მაგიდა-სკამების სისტემა დაპროექტდა. ბარისა და მაგიდის თავზე არსებულმა განათებამ კი ბარის ამგვარი დაყოფა მეტად გამოკვეთა.

იმის გამო, რომ შენობა, რომელშიც ბარი მდებარეობს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თითოეული დეტალი დიდი სიფრთხილით დამუშავდა. ძირითადი კედლების ნაწილი, რომელიც ძველ ისტორიულ ფენას წარმოადგენს, აგურითაა მოპირკეთებული, ამიტომ ზედაპირი გაიწმინდა და პირვანდელი სახით შენარჩუნდა.

ინტერიერში აქტიურად გვხვდება მუქი ტონები, რადგან ობიექტი, უმეტესად, საღამო საათებში ფუნქციონირებს.  შავი ფერის ფილები და ავეჯი განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის, შიდა და გარე ზონებში განთავსებული  ბუნებრივი მცენარეები კი სივრცეს სიმყუდროვეს მატებს და აცოცხლებს. ავეჯი საკმაოდ მინიმალისტური და სადაა, გრძელი მასიური რბილი ავეჯი ჰარმონიულად ერწყმის ხის მაგიდასა და სკამებს. განათება კი ინტერიერში მთავარ როლს ასრულებს, რადგან სივრცის ხასიათს განსაზღვრავს და ინტიმურ, მიმზიდველ გარემოს ქმნის.

სამუშაო ზონაში, სადაც სასმელებია განთავსებული, სარკეები დამონტაჟდა, რამაც სივრცე ვიზუალურად გაზარდა. ძველი აგურის კედელმა კი სიძველის ეფექტი შექმნა და ობიექტს ავთენტური იერი შესძინა.

სველი წერტილი შავი ფილებითაა მოპირკეთებული, რომელსაც აგურის ელემენტები იდეალურად ეხამება და თანამედროვე და ძველი სტილის ერთგვარ სინთეზს ქმნის. ამ ოთახშიც განსაკუთრებული ფუნქცია ენიჭება განათებას. მოხატული ნიჟარა კი სივრცეს მეტ მრავალფეროვნებას სძენს.

ნინი ჯღამაძის ნამუშევარი კომპაქტური გეგმარებითა და საინტერესო დიზაინით ხასიათდება. მუქი ტონები ბარს მყუდრო ატმოსფეროს სძენს, ბუნებრივი მცენარეები კი სივრცეს აცოცხლებს და ესთეტიკურად ამდიდრებს. აგურის ელემენტები თანამედროვე ინტერიერს ჰარმონიულად ესადაგება და ძველისა და ახლის საინტერესო სინთეზს ქმნის. საბოლოო ჯამში, საკმაოდ ინტიმური, მიმზიდველი, პოზიტიური ატმოსფერო იქნება, რომელიც დროის სასიამოვნოდ გასატარებლად სტუმრებს ყველა საჭირო პირობას უქმნის.

პროექტის ავტორი: ნინი ჯღამაძე

ინტერიერის დიზაინის სტუდია: Nini Jgamadze Design

ავტორი: მეკო მეტრეველი

როგორ შევარჩიოთ საღებავის ტიპები სახლის კონკრეტული ზონებისთვის? — ზაზა და ზურაბ ხალაძეების რჩევები

სად შევიძინო ხელოვნური ნაძვის ხე? – 20 ადგილი თბილისში