in

ტრადიციულ სტილში მოწყობილი კოტეჯი შვედეთში

Banner M2
Banner M2

სახლი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, შვედ წყვილს ეკუთვნის. ნამდვილი შვედების მსგავსად, ისინიც ოცნებობდნენ, რომ ქორწილის შემდეგ მალევე შეეძინათ აგარაკი და საკუთარი გემოვნებით მოწყოთ ის. თუმცა ამ პერიოდში წყვილს პირველი შვილი შეეძინა, ამიტომ მათი ბიუჯეტი საკმაოდ მოკრძალებული გახდა. ბაზარზე არსებულ შეთავაზებებს შორის, წყვილი ასი წლის წინათ აშენებული ხის კოტეჯით დაინტერესდა, რომელსაც გამორჩეული ყვითელი ფასადი და საკმაოდ დიდი პოტენციალი ჰქონდა. აქამდე მათ არასდროს ჰქონიათ შეხება რემონტთან და მშენებლობასთან, თუმცა კოტეჯის გადაკეთებისა და ინტერიერის მოწყობის პროცესს დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მიუდგნენ, რის შედეგადაც მყუდრო და კომფორტული საცხოვრებელი მოაწყვეს.

სახლის მთავარ ხიბლს ბუნებრივი მასალის სიმრავლე ქმნის, რასაც ხაზს უსვამს ხის იატაკის საფარი. მიუხედავად იმისა, რომ სივრცე არ არის ძალიან დიდი, ფუნქციური ავეჯისა და ნივთების მოწესრიგებულად განაწილების წყალობით, ის ვიზუალურად უფრო ვრცელი და მაღალი ჩანს. მისაღები ოთახი მდიდარია ბუნებრივი მცენარეებითა და დახვეწილი ქსოვილებით. დიდი ფანჯარა ოთახში მზის სინათლის უხვი რაოდენობით შემოსვლას უზრუნველყოფს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჭაღიც, რომელსაც გარკვეული სიმსუბუქის შეგრძნება შემოაქვს სივრცეში.

ცალკეა მოწყობილი სასადილო კუთხე და ის მისაღების მსგავსად, მწვანე მცენარეებით არის მდიდარი, რაც სადილის პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოსა და კომფორტულს ხდის. სახლის ამ ნაწილში განსაკუთრებით უხვად ხვდება მზის ბუნებრივი სხივები, რასაც რამდენიმე დიდი ზომის ფანჯარა განაპირობებს.

სამზარეულო კიდევ უფრო ნათელი და ვრცელია, რასაც ფანჯრებისა და ღია სივრცეების გარდა, ნათელი ფერის ავეჯიც უზრუნველყოფს. თეთრი კარადები იდეალურად არის შეხამებული ხისფერ ჭურჭელთან და იატაკთან, შედეგად კი სახლში გარშემო არსებული ბუნება და სიმწვანე აისახება. ფანჯრის სიახლოვეს პატარა მაგიდაა განთავსებული და შესანიშნავია დილით ფინჯანი ყავის დასალევად ან საუზმისათვის.

საძინებელი შედარებით მცირე ზომისაა და ძირითადად ფუნქციურ მხარეზეა ორიენტირებული. განსაკუთრებულ ხიბლს ქმნის დახრილი სახურავი, რაც კოტეჯის ძველებურ სტილსა და ექსტერიერს უსვამს ხაზს. კედლებსა და ჭერზე მსგავსი ფერის საღებავია გამოყენებული, რაც ერთიანობის შეგრძნებას აღვიძებს და კარგი საშუალებაა სივრცის ვიზუალურად გასადიდებლად.

საბავშვო საძინებელი ბევრად უფრო ფერადია და სავსეა სხვადასხვა ყოველდღიური ნივთებითა და სათამაშოებით. სახლის ამ ნაწილში ყველაფერი შედარებით მკვეთრი ფერისაა და სახლისთვის დამახასიათებელი სადა დეტალები ნაკლებად იგრძნობა. განსაკუთრებით საინტერესოა მოხატული ლურჯი შპალერი, რომელსაც კონტრასტის სახით უნაზესი ვარდისფერი კომოდი ეხამება.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ სივრცის სიმცირისა და სახლის ასაკის მიუხედავად, წყვილმა შეძლო და კომფორტსა და სიმყუდროვეზე ორიენტირებული მშვიდი ინტერიერი შექმნა, რომელიც იდეალურია განტვირთვისა და დასვენებისთვის.

6 მარტივი გზა პრაქტიკული და თანამედროვე სამზარეულოს მოსაწყობად

თბილისის არქიტექტურული და ურბანული გარემოს შესწავლა — კვლევითი ცენტრი „უბანის“ საქმიანობა