in

კენგო კუმა: არქიტექტურის ჩუმი პოეტი

კენგო კუმა (Kengo Kuma) ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი თანამედროვე იაპონელი არქიტექტორია, რომლის მოღვაწეობა და შემოქმედება განასახიერებს თანამედროვე არქიტექტურის ახალ ფილოსოფიას — ჰუმანური, ეკოლოგიური და ტრადიციასთან შერწყმული სივრცის შექმნას. მისი კარიერა დიდი ხანია გასცდა იაპონიას და მოიცავს პროექტებს მთელ მსოფლიოში. კუმას არქიტექტურა მუდმივად ცდილობს გარემოსთან ჰარმონიულად ინტეგრაციას და მასშტაბურობის ნაცვლად, მასალის სიღრმისეულ გააზრებაზე აკეთებს აქცენტს.

ფოტოგრაფი: Chen Chekai

კარიერის დასაწყისი და განათლება

კენგო კუმა დაიბადა 1954 წელს იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში. არქიტექტურით ბავშვობიდან დაინტერესდა. ყველაფერი 10 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც 1964 წელს ის მამამ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის აშენებულ სტადიონზე (Yoyogi National Gymnasium) წაიყვანა. პატარა კენგოზე შენობამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და სწორედ ამ გამოცდილებამ წარმოშვა მისი სურვილი, დაემყარებინა კავშირი არქიტექტურასა და საზოგადოებას შორის.

“მე ვიყავი შეძრული ამ ნაგებობით. გარედან ის წააგავდა დიდებულ ტაძარს, მაგრამ თანამედროვე ტაძარს, რომელიც ძალიან მონუმენტური იყო. რაც შეეხება ინტერიერს, ის სრულიად საუცხოო იყო. მე არასდროს მქონდა მსგავსი შენობა ნანახი მანამდე. მაშინვე ვკითხე მამაჩემს თუ ვინ ააშენა ის, რაზეც მივიღე პასუხი, რომ არქიტექტორი იყო კენზო ტანგე. იმ დრომდე მე არ ვიცოდი, რას ნიშნავდა სიტყვა “არქიტექტორი”. ეს იყო დღე, როცა ამ პროფესიის შესახებ შევიტყვე და სწორედ ამ დღეს გადავწყვიტე, რომ მე არქიტექტორი უნდა გამოვსულიყავი. ეს დაახლოებით 60 წლის წინ იყო და ამ ხნის მანძილზე ყოველ დღე ვოცნებობ არქიტექტორობაზე,” – კენგო კუმა (ამონარიდი iBT Magazine-თვის მიცემული ინტერვიუდან).

1979 წელს კუმამ დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი, სადაც ის სწავლობდა ისეთი ფიგურების ხელმძღვანელობით, როგორებიც იყვნენ ჰიროში ჰარა და ფუმიხიკო მაკი. მოგვიანებით, მან განაგრძო სწავლა კოლუმბიის უნივერსიტეტში, აშშ-ში, სადაც მან დასავლური არქიტექტურის ტენდენციები და თანამედროვეობის რეფლექსია გააანალიზა. 1990 წელს დააარსა საკუთარი სტუდია — Kengo Kuma & Associates, რომელიც დღეს ორ ოფისს აერთიანებს ტოკიოსა და პარიზში და ახორციელებს პროექტებს აზიაში, ევროპაში, ამერიკასა და აფრიკაში.

არქიტექტურულ პრაქტიკასთან ერთად, კენგო კუმა აქტიური პედაგოგია. ის არის ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორი და ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო არქიტექტურულ ფორუმებსა და ლექციებში. მისი წიგნები, როგორებიცაა “Anti-Object” და “Natural Architecture”, ფართოდ გამოიყენება არქიტექტურის სწავლებაში და წარმოადგენს თანამედროვე არქიტექტურის კრიტიკულ და ფილოსოფიურ გააზრებას.

არქიტექტურული ფილოსოფია

კუმას არქიტექტურული მიდგომა მკვეთრად განსხვავდება იმ ტექნოლოგიური რადიკალიზმისგან, რომელსაც XX საუკუნის მეორე ნახევარში მრავალი არქიტექტორი მიჰყვებოდა. მისთვის მნიშვნელოვანია არქიტექტურის “დაბალ ხმაზე საუბარი”, რაც ნიშნავს, რომ შენობა არ უნდა დომინირებდეს გარემოზე, არამედ ბუნებრივად უნდა ინტეგრირდეს მასში.

“მე ვცდილობ, წავშალო არქიტექტურა,” – კენგო კუმა

“I try to erase architecture”

ეს პარადოქსული იდეა გულისხმობს იმას, რომ კუმა ცდილობს, რომ მისი არქიტექტურა არ იყოს გადამეტებული, აგრესიული ან დომინანტური. მისთვის იდეალური შენობა იმდენად ჰარმონიულია გარემოსთან, რომ ის თითქოს სულაც არ არსებობს – ის ორგანულად ერწყმის სივრცეს.

სწორედ აქედან მოდის კუმას მიერ შემუშავებული ცნებები — „ნაზი არქიტექტურა“ (Weak Architecture) და “დამარცხების არქიტექტურა” (“Architecture of defeat”) – არქიტექტურულად რადიკალური და ფილოსოფიურად ღრმა პოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება დომინანტურ, მასიური ფორმების, ტექნოლოგიური ძალის დემონსტრირებას და არქიტექტურას აღიქვამს როგორც ბუნებასთან დიალოგში მყოფ, მგრძნობიარე და ადაპტირებულ სხეულს.

Mt.Fuji Residence / Kengo Kuma & Associates

სიტყვა “weak ამ კონტექსტში არ ნიშნავს არქიტექტურულ სისუსტეს ან კონსტრუქციულ სიმყიფეს. კუმასთვის ეს არის ალტერნატივა „ძლიერი არქიტექტურისა“, რომელმაც XX საუკუნეში დაიმკვიდრა თავი უზარმაზარი მასშტაბებით, რკინა-ბეტონის მასიური სტრუქტურებითა და სიმტკიცის კულტით.

კენგო კუმა კი გვთავაზობს სრულიად საპირისპირო მიდგომას — არქიტექტურა, რომელიც არ ეჯიბრება გარემოს, არამედ ერწყმის მას. ის გვასწავლის, რომ სინაზე, სიმსუბუქე და ადგილობრივ მასალებთან ემპათიური ურთიერთობა შეიძლება გახდეს თანამედროვე არქიტექტურის საფუძველი.

“სისუსტე არ არის ნეგატიური ცნება არქიტექტურაში. არამედ, ეს არის საშუალება იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჰარმონიას გარემოსთან. “სუსტი არქიტექტურა” არის დამყოლი, მგრძნობიარე და ღია ცვლილებებისთვის,” – კენგო კუმა

Nezu Museum / Kengo Kuma & Associates

„ნაზი არქიტექტურა“ კუმასთვის მოძრავია, ის გადადის გარემოდან შენობაში და პირიქით. სინათლე, ჰაერი, ტენიანობა, ხმები — ეს არის კომპონენტები, რომლებიც სივრცეს ცოცხალს ხდის. ამიტომაც მისი შენობები ხშირად გახსნილია, გამჭვირვალე ან ნაწილობრივ ღიაა.

PC House / Kengo Kuma & Associates

რაც შეეხება “დამარცხების არქიტექტურის” პრინციპს, მსგავსად “სუსტი არქიტექტურისა”, ისიც ეწინააღმდეგება ტრადიციულ, მონუმენტურ და მკაცრ არქიტექტურულ მიდგომებს და ხაზს უსვამს დათმობას ბუნებასთან, კონტექსტთან და ადამიანის მასშტაბთან მიმართებაში – ის უარს ამბობს ძალაუფლებრივ მიდგომაზე და ირჩევს უკან დახევას, ნაცვლად მკაფიო თვითდამკვიდრებისა.

Asakusa Culture and Tourism Center / Kengo Kuma & Associates

კენგო კუმასთვის მასალა არ არის მხოლოდ კონსტრუქციული საშუალება — ეს არის კულტურული მედიატორი. ხის, ბამბუკის, ქვის, თიხისა და ქაღალდის გამოყენებით კუმა ქმნის სივრცეებს, რომლებიც მატერიალურ დონეზეც უკავშირდება იაპონურ ესთეტიკას და გლობალურ ეკოლოგიურ ცნობიერებას. მისი შეხედულებით, თანამედროვე არქიტექტურა დიდი ხნით იყო მოწყვეტილი ბუნებრივ მასალებთან ურთიერთობას და სწორედ ამ კავშირის აღდგენაა მისი მიზანი.

“მე მჯერა, რომ ბუნებრივი მასალები რაღაცას გვასწავლის. ხეს აქვს მეხსიერება, ქვას გააჩნია წონა. ისინი გულწრფელად საუბრობენ,” – კენგო კუმა

“I believe that natural materials can teach us something. Wood has memory, stone has weight. They speak with a certain honesty”

ამ სიტყვებში იკვეთება მისი მთავარი მრწამსი: მასალა არ არის უბრალოდ ტექნიკური კომპონენტი, არამედ ის კულტურულ-ემოციური შინაარსის მატარებელია.

GC Prostho Museum / Kengo Kuma & Associates

კენგო კუმას ხედვით, არქიტექტურა წარმოადგენს არა მხოლოდ როგორც სივრცულ ხელოვნებას, არამედ ემოციურ და სენსორულ გამოცდილებას. მისი ერთ-ერთი გამორჩეული და პოეტური კონცეფციაა „ონომატოპეას არქიტექტურა“ (“Onomatopoeia Architecture”) – მიდგომა, რომლის მიხედვითაც არქიტექტურა იძენს იმ ხმოვან თვისებებს, რომლებიც ასახავს სივრცის ემოციურ ატმოსფეროს.

იაპონურ ენაში ონომატოპეა ფართოდ გამოიყენება გრძნობებისა და ხმების აღწერისთვის. მაგალითად, “შიინ” აღნიშნავს სიჩუმეს, “ზავა ზავა” – მყუდრო შფოთვას, ხოლო “ფუა ფუა” – რბილ და ფაფუკ შეგრძნებას. კუმა ამ ხმოვან სიტყვებს იყენებს არქიტექტურული ფორმისა და მასალების შერჩევისას, რათა შექმნას სივრცეები, რომლებიც არამარტო ჩანს, არამედ თითქოს “ისმის” და იგრძნობა კიდეც.

მისთვის მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტურა არ იყოს მხოლოდ ცივი და რაციონალური სტრუქტურა. ონომატოპეას საშუალებით კუმა აბრუნებს ადამიანურ განცდებს არქიტექტურაში და სივრცეს აძლევს ხმოვანებას.

“ნაცვლად აბსტრაქტული კონცეფციებისა, არქიტექტურის აღსაწერად მე მინდოდა გამომეყენებინა სიტყვები, რომლებიც მოდის სხეულიდან, ფიზიკური გრძნობებიდან, როგორც ონომატოპეა”, – კენგო კუმა

ამ მიდგომის ნათელი მაგალითია ტოკიოს “Sunny Hills”-ის შენობა, რომლის ფასადი სრულად შემოსილია იაპონური ხის ტრადიციული ტექნიკით — “Jigoku Gumi” სტრუქტურით, რომელიც აწყობილია ბამბუკისებრ ქსელში. ვიზუალურად იგი ჰგავს ქარსა და სინათლეში მონაცვლე ტოტებს, რაც აღძრავს ისეთ ასოციაციებს, როგორიცაა “კკა კკა” (ხის ხრაშუნი) ან “სარა სარა” (რბილად მცურავი ტექსტურა).

SunnyHills / Kengo Kuma & Associates

კენგო კუმას ონომატოპეას არქიტექტურა გვახსენებს, რომ შენობა შეიძლება “ისმოდეს” და იგრძნობოდეს, ის ასევე შეიძლება გამოხატავდეს ემოციას. შესაბამისად, ეს არის არქიტექტურა, რომელიც გვიყვება ამბავს სიტყვების გარეშე.

კუმას მიდგომა არ ჩნდება ნულიდან. მისი არქიტექტურული ფილოსოფია მჭიდროდ უკავშირდება იაპონური ტრადიციული სივრცის გაგებას — მაოს (間) კონცეფციას, რომელიც სივრცეს ხედავს, როგორც ურთიერთობებს შორის არსებულ დროულ პაუზას და არა მატერიალურ საზღვრებს. ასევე იგრძნობა გავლენა დასავლური ფილოსოფიიდან – დერიდას დეკონსტრუქციიდან დაწყებული, ჰაიდეგერის ყოფიერების გაგებით დამთავრებული – სადაც სივრცე არაა ობიექტი, არამედ სუბიექტთან თანაარსებობა.

Bamboo House Commune / Kengo Kuma & Associates

კენგო კუმას პროექტები ხაზგასმით ანიჭებს უპირატესობას ლოკალურ კულტურას და კლიმატურ კონტექსტს. ის აღიარებს, რომ არქიტექტურა არ უნდა იყოს უნივერსალური, არამედ კონტექსტზე მორგებული. ამასთან, ის მუდმივად ცდილობს ეკოლოგიური არქიტექტურის ხელშეწყობას არა ტექნოლოგიური აფიშირებით, არამედ მასალებისა და სივრცის გონივრული გამოყენებით.

China Academy of Art’s Folk Art Museum / Kengo Kuma & Associates

კუმა ხშირად აკრიტიკებს XX საუკუნის მოდერნისტულ არქიტექტურას და მას განიხილავს როგორც ფენომენს, რომელიც ნაკლებად ითვალისწინებდა გარემოს, სინათლეს, ხალხსა და მასალას. ამის საპირისპიროდ, მისი ფილოსოფია არის კონტექსტზე დაფუძნებული, ჩუმი და მდგრადი არქიტექტურა, რომელიც ხელს უწყობს გარემოსთან და ადამიანთან ჰარმონიას.

კენგო კუმას არქიტექტურა მოიაზრება არა როგორც ფიზიკური ობიექტების მშენებლობა, არამედ როგორც მორალური და კულტურული პასუხისმგებლობა. ის ქმნის სივრცეებს, რომლებიც იცავს მიკროკლიმატს, პატივს სცემს გარემოს და ხელს უწყობს მაცხოვრებლების ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას. მისი მემკვიდრეობა არ შემოიფარგლება მხოლოდ შენობებით — კუმა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ფიქრობს მომავალი თაობა არქიტექტურაზე, როგორც ჰუმანურ ხელოვნებაზე.

V&A Dundee / Kengo Kuma & Associates

კენგო კუმას არქიტექტურა მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულია როგორც მომავლის ხედვა, რომელიც დაფუძნებულია წარსულის გაგებაზე. მისი ნამუშევრები მიგვანიშნებს, რომ შენობები უნდა იყოს არა ძალაუფლების გამოხატულება, არამედ ერთგვარი “დამსწრე სუბიექტი”, რომელიც ადამიანებთან და ბუნებასთან კომუნიკაციას ახდენს არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ სმენით, შეხებით და შეგრძნებით. კუმას არქიტექტურა არ ყვირის, ის მშვიდად და ბუნებრივად ერწყმის გარემოს – ეს არის არქიტექტურა, რომელიც “ისმინება”.

ფოტო: 11H45

აღსანიშნავია, რომ კენგო კუმა ბათუმში “სილქ თაუერსის” პროექტზე მუშაობს.

სახლი, რომელიც გარემოს ნაწილად იქცა — 35:35 Slope House

სადაც ისტორიის გაცოცხლება  მომავლის  ნაბიჯებთან  თანხვედრაშია   – Homer-ის ახალი სივრცე