in

კვების ობიექტი ფერადი აქცენტებით ფალიაშვილის ქუჩაზე — DODO Designs-ის ნამუშევარი

დოდოშკა ჩხეიძის მორიგი ნამუშევარი ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 60 მ2-ია. ობიექტი წარმოადგენს ერთ-ერთი ქსელური კვების ობიექტის ახალ სივრცეს, რომელიც მომხმარებლებს ჯანსაღ კერძებსა და სალათებს სთავაზობს.

კონცეფცია ბრენდის შესაბამისი ვიზუალური მახასიათებლების გათვალისწინებით შეიქმნა, ამასთანავე ყურადღება მიექცა „DODO Designs“-ის მიერ შესრულებულ წარსული პროექტის დიზაინს, რომელთანაც აღნიშნული ფილიალია გაერთიანებული, რათა ინტერიერები ერთმანეთთან თანხვედრაში ყოფილიყო.

დიზაინერის გადაწყვეტილებით, მთავარ ფერად მწვანე და მისი რამდენიმე ტონალობა შეირჩა, რადგან ეს ფერი თავად ობიექტის სახელთან და ბრენდთან არის დაკავშირებული. ინტერიერში თამამად არის გამოყენებული ბრენდის დამატებითი ფერებიც, რაც სივრცეს აცოცხლებს, ახალისებს და მის სახასიათო იერსახეს განსაზღვრავს.

ობიექტი დაყოფილია ორ ზონად, რომელთაგან ერთი, მცირე ზომის სივრცე, ტექნიკურ ოთახს, ხოლო მეორე, 55 მ2-ი — ღია სამზარეულოს, ბარსა და დასაჯდომ კუთხეს ეთმობა.

იატაკზე გამოყენებულია კერამიკული ფილები, რომლებიც პროექტის ავტორის დიზაინის მიხედვით მოეწყო, რამაც ინტერიერში უნიკალური აქცენტი შექმნა. კედლები და ჭერი დამუშავებულია დეკორატიული სალესი მასალით და მწვანე ფერის განსხვავებულ ტონალობებშია წარმოდგენილი, რაც მრავალფეროვნებას და მიმზიდველობას  მატებს სივრცეს.

ავეჯის უმეტესობა ინდივიდუალური დიზაინით, სპეციალურად ამ პროექტისთვის წიწვოვანი ფანერის ფილებით დამზადდა, რამაც თავის მხრივ, იდეალურად დააბალანსა და გაანეიტრალა მკვეთრი, კონტრასტული ტონები. ასევე, გამორჩეული შტრიხები შეიტანა მრგვალი ფორმის ფანერისგან დამზადებულმა მაგიდებმა, რომლებიც სხვადასხვა ფერადაა შეღებილი და იდეალურად ეხამება სკამების შავ ფაქტურას.

ინტერიერში დიდ როლს ასრულებს განათებაც, რომელიც ზონირების ფუნქციასაც ითავსებს და კონკრეტულ წერტილებს მეტად გამოკვეთს. ამასთანავე, სანათები მყუდრო, მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.

დოდოშკა ჩხეიძე საკუთარი ნამუშევრით თანამედროვე, ფერად და მრავალფეროვან ინტერიერს ქმნის. აღფრთოვანებას იწვევს პროექტის ავტორისთვის დამახასიათებელი თამამი ფერების გამოყენება და მათი ოსტატურად შეხამების ტექნიკა, რაც DODO Designs-ის უნიკალურ ხელწერას განაპირობებს.

 

პროექტის ავტორი: დოდოშკა ჩხეიძე

ინტერიერის დიზაინერი: მარი ზურაბიშვილი

ინტერიერის დიზაინის სტუდია: „DODO Designs

გამოყენებული მასალები: 

ფილები: „VitrA Georgia“

კედლები და ჭერი: „კაპაროლი“

განათება: „ახალი ნათება“

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი

ეზოს მოპირკეთება ბეტონის დეკორატიული ფილებით — რა ჯდება ეს მომსახურება ქართულ ბაზარზე?

ტრადიციულ და თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული მრავალფუნქციური საპროექტო ორგანიზაცია — ინტერვიუ „Ma Architect“-ის დამფუძნებლებთან